უშეცდომოდ ხვდებოდა, როდის იქნებოდა აღდგომა
უშეცდომოდ ხვდებოდა, როდის იქნებოდა აღდგომა
ვნების კვირა ადამიანის დაცემული ბუნების კიდევ ერთხელ წარმოჩენაა. ამ დროს კიდევ ერთხელ უნდა გაგვახსენდეს ღვთის წინაშე ჩადენილი ადამიანთა მოდგმის ცოდვა - გაცემა, ღალატი, სიკეთის დაუნახაობა, მკვლელობა და მწარედ შევინანოთ არამხოლოდ საკუთარი ცდომილებანი... ყოველივე ამის შემდეგ აღდგომა მოდის - საყოველთაო სიხარულით შეერთება უფალთან. ეს დღე არა მარტო უფლის აღდგომის დღესასწაული, არამედ იმედი და სასოებაა, რომ სინანულით ჩვენი ცოდვით დაცემული სულებიც აღდგება.

ეთერი (60 წლის): - ჩემთვის აღდგომა უდიდესი დღესასწაულია. სასწაული არ იყო უფლის ცხოვრება, ვნება და მერე აღდგომა? ამ დღისათვის საგანგებოდ ვემზადები ლოცვითა და მარხვით, წირვა-ლოცვაზე დასწრებით და ღამესაც ტაძარში ვათევ. ქრისტე აღსდგაო, რომ იტყვის მოძღვარი, თითქოს სულიერი ყავარჯნები გამომეცლება და "ზეცისკენ მწადის ცქერანი", თითქოს ჩემი სული ხელახლა იბადება. ეს სულიერი აღმაფრენაა და ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო ადამიანმა. მახსენდება კომუნისტების დრო, ჩვენი უღმერთოდ დასრულებული ბავშვობა, წითელი კვერცხის ხელში დაჭერის გამო პიონერხელმძღვანელის ლანძღვა-გინება და გაკიცხვა, ბებიაჩემის ნათქვამი - მაგათ არ ვუყურებ მეო... ჩუმად გაკეთებული საკურთხი და სასაფლაოზე შემოვლითი გზით მისვლა. ხალხში იყო ღვთის სიყვარული, იგრძნობოდა, რომ აღდგომას ყველანი ჩუმი სიხარულით ელოდნენ. ამ დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, სავსე იყო სასაფლაოები. როგორც ჩანს, სული ვერ იტანს ძალდატანებას, დამცირებას და ამ დღეს მათ სულებში ბოროტისაგან დამცირებულ-დავიწყებული უფალი აღდგებოდა. ის სიხარულიც მახსოვს და დღეს ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ამქვეყნად ცხოვრება გამიგრძელა და სრულად შევიცანი და შევიგრძენი ის სიხარული, "უფალი აღდგაო", რომ იტყვის მოძღვარი.

ნატალია (50 წლის): - აღდგომა დღეს ჩემს ცხოვრებაში იმხელა სასწაული მოხდა, უფრო სწორად, ვიხილე, მისი დავიწყება გამიჭირდება და არც მინდა. მინდა სულ მახსოვდეს, რომ უფალმა ამგვარი სასწაულის ხილვის ღირსი გამხადა. მოგეხსენებათ, აღზრდასა და შეგონებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ბედნიერია ის მოზარდი, რომელიც ღვთის სიყვარულით, მართლმადიდებლური ზნეობითა და წეს-კანონებით იზრდება. ჩვენ ეს ბედნიერება არ გვქონია. სამწუხაროდ, საეკლესიო დღესასწაულების უდიდეს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით. მეც აღდგომა სხვა არაფერი მეგონა, თუ არა ერთი რიგითი დღესასწაული, როცა კვერცხი უნდა შემეღება, პასქა გამომეცხო, ერთი სიტყვით, განსხვავებული სადილი გამეკეთებინა და საღამოს გვექეიფა. ერთხელ გადავლახე ჩვეულება, უმარხულობას ვგულისხმობ, და მეზობლის მიბაძვით ვიმარხულე. ამის მიზეზი სხვა რამეც იყო, კერძოდ, სიზმარი. მას შემდეგ, რაც ჩემთან რწმენა მოვიდა, სიზმარს არ ვცნობ, მაგრამ მაშინ იმ ზმანებამ საოცრად შემძრა - შავოსან მამაკაცს ოთახიდან ოთახში, რომლებიც გამოქვაბულებს უფრო ჰგავდა, გადავყავდი და ცხოველთა და ფრინველთა ძვლებს მაჩვენებდა. ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ეს ჩემ მიერ ნაჭამი ხორცეულის ნარჩენი ძვლები იყო. საშინელ გუნებაზე გამეღვიძა, მაპატიეთ და, პირშიც საძაგელ გემოს ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ის შავით მოსილი კაცი ამით გახარებული იყო. ვხვდებოდი, ჩემი გემოთმოყვარეობით ეშმაკს ვახარებდი. ჰოდა, ვიმარხულე და იმ მეზობელთან ერთად ღამეც გავათიე ტაძარში. გამთენიისას დავბრუნდი შინ და დასაძინებლად დავწექი ნაზიარები და საოცარ აღმაფრენაში მყოფი. ჩემ წინ კედელზე ჯვარი გამოისახა. ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მე ხომ მცირედმორწმუნე ვიყავი. ავდექი, გარეთ გავიხედე, არსაიდან შუქი არ ეცემოდა, მერე ფარდებით ჩამოვბურე ოთახი, მაგრამ ჯვარი ნათელი ერთ ადგილას იდგა... ახლა ვიცი, რომ ჩვენ უფალს ვუყვარვართ და ჩვენი დაკარგვა არ უნდა.

გურამი (25 წლის): - დედაჩემი ჰყვებოდა თავის ბაბუაზე - უშეცდომოდ ხვდებოდა, როდის იქნებოდა აღდგომა, მერე გამოთვლიდა მარხვის დაწყებას და ჩუმად მარხულობდაო. თანამდებობის პირი ყოფილა, მაგრამ იმ შავბნელ დროში მაინც ახერხებდა ქრისტიანულად ცხოვრებას. ბებიაჩემი ამ ღვთისმოსავი კაცის შვილი ყოფილა. მას ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას დავყავდი და მაზიარებდა. ჩემთვის მარხვის შენახვა ცხოვრების წესია, ამით არ ვტრაბახობ, მაგრამ თუ ღმერთმა ჯანმრთელობა მომცა, ამ წესს ვერ ვუღალატებ. ასე მგონია, თუ მარხვას არ შეინახავ, ვნების კვირას ტკივილით არ გაივლი, აღდგომის მადლს მთელი სისავსით ვერ შეიგრძნობ, გაგიჭირდება. ქრისტიანული ცხოვრება და აღდგომის არსის გაცნობიერება წუთისოფლის მაცდურებათა დაძლევაში გვეხმარება. ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სიძნელე ბევრჯერ შემხვედრია, თუმცა ვიცი, რომ ამას აღდგომა მოჰყვება და ეს მიმსუბუქებს ნებისმიერ გასაჭირს.
ბეჭდვა
1კ1