"ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"
"ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"
მამული, დედული, სამშობლო, დედასაქართველო - რამდენი მოსაფერებელ-საალერსო სიტყვა გვაქვს ქართველებს ჩვენი ღვთივკურთხეული ქვეყნისთვის! ღმერთი და სამშობლო ერთი იყო ქართველისთვის. ამიტომაც ამაოდ ეხლებოდნენ გადამთიელთა ურდოები საქართველოს სამანებს... ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე სხვადასხვაგვარად მოიხდება: ვინ შვილებს გამოიყვანს სავაჟკაცოდ, ვინ მიწას ამუშავებს, ვინ ღვთის სიტყვას ქადაგებს. ზოგჯერ ნიჰილიზმსაც გვწამებენ ქართველებს, რადგან შეჩვეულია ჩვენი ქვეყანა თავისი შვილების გულმხურვალე სიყვარულს და თუ ჟამიდანჟამს რამეს დავაკლებთ, მოგვიტევოს უფალმა...

მარიამი, 30 წლის: საქართველო მუდამ განსაცდელის წინაშე იდგა. ჩვენს ერს ამიტომაც გამოუმუშავდა მისდამი თავგანწირული სიყვარული. ბევრჯერ თქმულა, რა იყო ქართველისთვის ცხოვრების საზრისი, უპირველესი მოვალეობა, მაგრამ დიდმა ილიამ ის კრედოდ ჩამოაყალიბა: "ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხა: აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"

გულსატკენია, რომ ჩვენ, დღევანდელი ქართველები, თითქმის არ ვფიქრობთ იმაზე, რა ვარგოთ მამულს. განა ყოველი ქართველი, რომელიც ქუჩაში ხელგაწვდილი დგას, ჩვენი ქვეყნის ნაწილი არ არის?! რას ვუკეთებთ მათ? ვიხდით კი ჩვენს ვალს მათ წინაშე? ეგებ დავფიქრებულიყავით, რა გველის სიბერის ჟამს?!

დიდი ხანია, ევროპაში ვცხოვრობ. ჩემი ერის ღირსება იქ უფრო ჩანს. ტრადიციები დახვეწილი გვაქვს, სული - ფაქიზი. იქნებ მითხრათ, თქვენს მდგომარეობაში ადვილია სამშობლოზე ლაპარაკიო. სულაც არ არის იოლი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდე, მოწყვეტილი იყო (ვინ იცის, სამუდამოდაც) საკუთარ მიწას, მისი ტკივილით და სიხარულით არ გეღვიძებოდეს... მე შევესწარი ცხრა აპრილის დღეებს. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბავშვებიც კი ვგრძნობდით ტკივილამდე შემაწუხებელ სიყვარულს სამშობლოსას. მახსოვს, როგორ ამოიფრქვა ქართული სული, როგორ გადმოლახა ნაპირები... იყო ტკივილი, მაგრამ იყო სიამაყეც, ქართველობით თავმოწონებაც... და ყოველივე ამის შემდეგ გგონიათ, იოლია უცხოეთში გაძლება?! მაშ, რატომ ვართ აქ? - ამის მიზეზი უფალმა იცის და უფალი დაგვაბრუნებს სამშობლოში მათ, ვისაც მშობელი მიწისთვის არასოდეს გვიღალატია. მრავალი ჩვენგანი სამაგალითოა ევროპელებისთვის. გაკვირვებაც, აღტაცებაც - ყველაფერია ჩვენდამი მათ დამოკიდებულებაში. მობაძვის სურვილიც კი. ეს ცოტა გგონიათ? ალბათ ჩვენ ასე, ჩვენებურად ვიხდით ვალს ჩვენი ქვეყნის წინაშე.

შუშანა, 60 წლის: ახლანდელ ახალგაზრდებზე ჩივიან - სხვანაირები არიან, სამშობლოს სიყვარული სიცილად არ ჰყოფნითო. არ მჯერა მე ეგ. ვის როდის გაგვეხსნება გული, არავინ იცის. ასე გვეგონა საბჭოეთის დროსაც და მერეც, აფხაზეთის ომის დროს, მაგრამ იმდენი დაფარული გამოჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდით. ერთი მოსწავლე მყავდა - ცელქი, ცელქი, აუტანელი. ცოდვა გამხელილი ჯობია და ხანდახან ისე გამომიყვანდა მოთმინებიდან, ვეტყოდი, შენგან კაცი არ დადგება-მეთქი. აფხაზეთის ომის წინა დღეებში შემხვდა, დაკაცებული, დამშვენებული. თვალებანთებული მელაპარაკა - ჩვენს მიწა-წყალს არავის დავუთმობთ, გვეყო, რაც წაგვართვეს, ახლა მაინც არავის დავანებებთ სამშობლოს, დავიხოცებით და ჩვენსას მაინც გავიტანთო. განცვიფრებული ვუყურებდი, მერე თვალცრემლიანი გადავეხვიე - შენ ხარ, ბიჭო, ეს-მეთქი? თქვენ შემაყვარეთ სამშობლო და ამისათვის დიდი მადლობაო. მე კი არა, დავითმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ შეგაყვარეს-მეთქი. ქვითინს ძლივს ვიკავებდი... მალე ომმაც იფეთქა, მტრობამ და სიძულვილმა დაგვინგრია ქვეყანა. ალბათ, ღალატმაც აყარა საკუთარი მიწა-წყლიდან ჩვენი თვისტომნი. ჩემი გელა კი, თვალები სიხარულით რომ უციმციმებდა, ომში დაიღუპა...

გურამი, 25 წლის: სამშობლოს, თავისი ერის სიყვარულს სხვადასხვაგვარად გამოხატავს ადამიანი და ვალსაც სხვადასხვანაირად იხდის. ჩვენი ქვეყნის ისტორია, წარსული თუ დღევანდელობა არ გვაძლევს უფლებას, გული დავიარხეინოთ. ჩვენ ახლაც განსაცდელის წინაშე ვდგავართ, რადგან, როგორც ჩანს, წინა საუკუნეებში დაშვებულმა შეცდომებმა ბევრი რამ დაგვაკარგვინა. მოღალატეს და ორგულს ღმერთი ნაკლებად სწყალობს. უფალს ცოდვილნიც ვუყვარვართ, მაგრამ საღალატო საქმეში, რასაკვირველია, ხელს არ შეგვიწყობს. ვისაც მამულისადმი თავისი მოვალეობა ვერ შეუგნია, ვინც არ იცის, რისთვის გაჩნდა, გულში ჩაიხედოს და იფიქროს, რომ "ცუდია და ცუდად სცდება". ახლა განსაკუთრებით შვილთა სიმრავლე გვჭირდება, თორემ "შემოგვლევენ" და მალე უფლის მადიდებელიც აღარ შემორჩება ქვეყანას. დღეს ერთი შვილის ყოლა ღალატია. მე თუ ვიხდი ვალს ქვეყნის წინაშე? - ამაზე ლაპარაკი რა საჭიროა, მოვალეობის აღსრულებით თავი არ უნდა მოიწონო.
ბეჭდვა
1კ1