მტერი რომ გგონია, შესაძლოა, იმაზე უკეთესი მოყვარე არავინ გყავს
მტერი რომ გგონია, შესაძლოა, იმაზე უკეთესი მოყვარე არავინ გყავს
რა საამური იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ღვთის მცნებებს რომ ვიცავდეთ... ის, ვინც მტერი გვგონია, ჩვენი სისხლი სისხლთაგანია და ეშმაკისგან თვალახვეულნი ვერ ვატყობთ ამას.
ციცინო (45 წლის): - მტერ-მოყვრის გარჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება. შესაძლოა, მტერი რომ გგონია, იმაზე უკეთესი მოყვარე არავინ გყავს. ისე, რატომ უნდა უმტრო ან მტრად მიიჩნიო მოყვასი? თუ სიყვარულს შეაგებებ ფარად, არავინაც არ გაგიმტერდება, მეტიც, ვერ შეძლებს შენს მტრობას. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სიყვარულის გაცემა გვიჭირს ან არ გვაქვს იმდენი სითბო, რომ სხვებსაც ვუწილადოთ. ჩემს ამბავს მოგიყვებით: რძალ-დედამთილის ურთიერთობა, ხომ იცით, როგორი რთულია. პატარა გავთხოვდი. ჩემს ოჯახში განებივრებული, უფრო სწორად, გატუტუცებული ვიყავი. ქმრის ოჯახი უფრო კონსერვატიული იყო, ჩემი დედამთილი მკაცრად იცავდა ტრადიციებს. მასაც ჰყავდა დედამთილი და ისე ექცეოდა, იფიქრებდი, ეს ქალბატონი მინისაა და ეშინია, არ დაემსხვრესო. დილა-საღამოს წნევას უზომავდა, თვითონ მუშაობდა, ძალზე დატვირთული იყო, მაგრამ დედამთილს არაფერზე აწუხებდა, ყველაფერს გამზადებულ-გაკეთებულს ტოვებდა და დაუბარებდა - თქვენ არაფერზე გაისარჯოთ, ქალბატონო ელენეო. თავიდან ეს აფერისტობა მეგონა, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ უზომო პატივს სცემდა, მეტიც, უყვარდა დედამთილი. ამან, არ ვიცი, რატომ, საშინლად გამაღიზიანა და ჩემი დედამთილი შევიძულე. ახლა ვხვდები, რა ცუდად ვექცეოდი და როგორ ვცდიდი მის მოთმინებას. ჯერ მეზობლებში დავიწყე მისი ძაგება, მერე ქმართანაც ავიქაფე ენა. ვიღაცამ სიტყვა მიუტანა. ამას იმით მივხვდი, რომ მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ უფრო ოფიციალური გახდა. ერთხელ ჩემგან გაღიზიანებულმა ჩემმა ქმარმა დედამისს უყვირა, - გადაჰყევი მაგ ბებერს და სხვა არავინ გახსოვსო. არ დამავიწყდება ჩემი დედამთილის გაოგნებული სახე - უზრდელი ხარ, შვილო, და ეს ჩემი ბრალიაო. შებრუნდა, დედამთილს ხელი მოხვია და ოთახში შეიყვანა. იქიდან მესმოდა, როგორ სთხოვდა პატიებას და ისიც ამშვიდებდა, - ახალგაზრდები არიან, შვილო, შენც აპატიეო. საღამოს, როცა ჩემი მამამთილიც დაბრუნდა სამსახურიდან, დედამთილმა გამოგვიცხადა, - ვხვდები, ჩემმა სიკეთემ ცუდი ნაყოფი გამოიღო. თქვენ გამო უსუსურ ადამიანს ხელს ვერ ვკრავ, ჩემთვის იგი მარტო დედამთილი არ ყოფილა, შვილივით გამზარდა. ასეთ სიძულვილში გამიჭირდება ცხოვრება. შვილის და რძლის მტრად მოკიდებას სჯობს დავშორდეთ ერთმანეთს. ბინას გიქირავებთ და გადადით, ყველანაირად დაგეხმარებითო. თავზარი დამეცა, ორსულად ვიყავი და რა უნდა მექნა, ჩემს ქმარს შემოსავალი არაფერი ჰქონდა, როგორ უნდა გვეცხოვრა... მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემი ენის ბრალი იყო, დედამთილიც მიხვდა ამას, მაგრამ საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა... ახლა მეც გავხდი დედამთილი და ვცდილობ, ჩემი შეცდომები რძალთან მაინც არ გავიმეორო.
ბეჭდვა
1კ1