მინდოდა, ეს ყოველივე უსასრულოდ გაგრძელებულიყო
მინდოდა, ეს ყოველივე უსასრულოდ გაგრძელებულიყო
როგორ გახდით მართლმადიდებელი?
გიორგი, 18 წლის: - პატარაობიდანვე მქონდა რელიგიური გრძნობა, უფლის მსახურების სურვილი. 13 წლისა მოვინათლე, მაგრამ სარწმუნოებრივი საკითხები კარგად არ ვიცოდი და მწვალებლობაში ჩავვარდი. ტაძარში დავდიოდი, წირვა-ლოცვასაც ვესწრებოდი, მაგრამ მოძღვართან ვერ მივდიოდი, როგორც იტყვიან, "მღვდლების არ მწამდა". სწორედ იმხანად გავიცანი სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მთავაზობდნენ ამ რელიგიურ მიმდინარეობებში გაერთიანებას. რაკი აღმსარებელი და მაზიარებელი არ ვიყავი, კარგად არ ვიცნობდი მართლმადიდებლურ მრწამსს, მათ ადვილად გადამიბირეს. მცირე ხანს იეღოველებთან მქონდა ურთიერთობა. გარდა ამისა, რამდენიმე ბაპტისტი ნათესავი მყავს და სოფლად რომ ჩავდიოდი, მათ სახლში ბაპტისტთა შეკრებებს ვესწრებოდი. მერე ადვენტისტთა სექტის წარმომადგენლები შემხვდნენ და მითხრეს, ჩვენთან წამოდიო. დამპირდნენ, თუ მათთან ვივლიდი, ბიბლიასა და ადვენტისტურ ლიტერატურას მაჩუქებდნენ. მათ მსახურებებსაც ვესწრებოდი.

ყველაზე დიდხანს - წელიწადზე მეტი - ორმოცდაათიანელთა სექტაში დავყავი. ნაცნობმა ქალმა მითხრა, ძალიან კარგ ადგილას უნდა წაგიყვანოო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რატომღაც დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი ორმოცდაათიანელთა სექტის შეკრებაზე. "ხუცესის" - კრების წამყვანის - თხუთმეტწუთიანი "ქადაგების" შემდეგ დაიწყო რიტმული მუსიკა სექტანტთა ცეკვის, შეძახილებისა და ხტუნაობის თანხლებით. შეკრების დასასრულს "ხუცესმა" გამოაცხადა, ვინც პირველად ესწრება, წინ გამოვიდესო. იმ ნაცნობმა, ვინც იქ მიმიყვანა, მხარი გამკრა - გადიო. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორღაც დამითანხმა. სცენაზე ავედი. "ხუცესმა" მითხრა - ახლა შენთვის ვილოცებთო. მპირდებოდა, თუ იქ დავრჩებოდი, ჩემი ცხოვრება საოცრად შეიცვლებოდა. შემდეგ პროტესტანტობის აღიარების სიტყვები წარმომათქმევინა. მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მათ შეკრებებზე, მაგრამ მუდმივი შინაგანი ბრძოლა მქონდა, სულიერად ვიტანჯებოდი. ღმერთს შევთხოვდი, ჭეშმარიტების პოვნაში დამხმარებოდა. საბედნიეროდ, სანამ ორმოცდაათიანელად "მომნათლავდნენ", გონება გამეხსნა, გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა, მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი და სექტიდან წამოვედი. დედაეკლესიას დიდი სინანულით და ცრემლით დავუბრუნდი.

ეკლესიაში უფალს აღვუთქვი, რომ ავინაზღაურებდი იმ დანაკლისს, რაც უმადლოდ, მწვალებლობაში ვიცხოვრე. სულიერ მოძღვარს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მოვინანიე ცოდვები. ამჟამად მონასტერში ვარ, ვცდილობ სულიერად გავძლიერდე და შევითვისო ჭეშმარიტება, რომლის არცოდნამაც ცდუნებამდე მიმიყვანა.

ნინო, 22 წლის: - მართლმადიდებლურ ოჯახში გავიზარდე. დედა მორწმუნე იყო და მე და ჩემი დები პატარაობიდანვე დავყავდით ეკლესიაში. რამდენიმე თვისა მომნათლეს. 6 წლიდან ვეზიარებოდი. მახსოვს, როგორ მიხაროდა, როცა პირველი აღსარება ვთქვი და ზიარება მივიღე. მაშინ სიონში ცოტა ხალხი დადიოდა. ბავშვებს განსაკუთრებით გვიხაროდა საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ პატრიარქისგან კურთხევის მიღება. ვითვლიდით ხოლმე, ვის რამდენჯერ დაგვლოცავდა. ხშირად დავდიოდით საქართველოს ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. როცა წამოვიზარდე, მეც დავიწყე ლოცვა, მარხვა და ეკლესიური ცხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ღვთის წყალობით, სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე, რამაც უფრო განმიმტკიცა რწმენა და საღვთისმეტყველო ცოდნა. ჩემი ახლობლებიც თანდათან დაუახლოვდნენ სარწმუნოებას.

KARIBCHEსაერთოდ კი, რწმენის აღორძინება საქართველოში, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი მოძღვრების უდიდესი ღვაწლის შედეგია, რისთვისაც ყოველმა ქართველმა მართლმადიდებელმა მათ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ღმერთმა ქნას, საქართველოს ყველა მკვიდრი მოსულიყოს ეკლესიაში და ცხონების გზას დასდგომოდეს.

ბაქარი, 18 წლის: - ღმერთი ბავშვობიდანვე მწამდა და მამა-პაპათა სარწმუნოებას - მართლმადიდებლობას ვაღიარებდი. ხანდახან ეკლესიაშიც შევდიოდი, სანთელს ვანთებდი, თუმცა მონათლულიც კი არ ვიყავი. მართლაც, "საკვირველ არიან გზანი უფლისანი". 15-16 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ გავიცანი სასულიერო პირი. იმ დროს ძალიან დატვირთული ვიყავი (ბავშვობიდან ფეხბურთზე დავდივარ) - თითქმის დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი. მონათვლის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ მერიდებოდა, მღვდელთან მივსულიყავი, ნათლობა და სულიერი მოძღვრობა მეთხოვა.

იმ სტადიონის ახლოს, სადაც დავდიოდი, მოქმედი ეკლესიაა. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ვვარჯიშობდი, როცა ჩემკენ მომავალი მღვდელი დავინახე. გავიფიქრე - ნეტავ საათი მაინც მკითხოს-მეთქი. მოძღვარი მომიახლოვდა და მითხრა, რომ ჩემი გაცნობა სურდა. თურმე ხშირად მიყურებდა, როგორი მონდომებით ვვარჯიშობდი. საუბარში გაირკვა ისიც, რომ ადრე ფეხბურთელი ყოფილა. ვისაუბრეთ ფეხბურთზეც და სულიერ ცხოვრებაზეც. ამ მღვდლის ხათრით დავიწყე წირვა-ლოცვაზე დასწრება. ის გახდა ჩემი სულიერი მოძღვარიც. 16 წლისა მომნათლა. ნათლისღებისას და შემდეგაც საოცარ მადლს, სიხარულს განვიცდიდი. მინდოდა, ეს ყოველივე უსასრულოდ გაგრძელებულიყო.

ახლა ვცდილობ, ხშირად ვთქვა აღსარება, ვეზიარო და ღვთის მცნებების თანახმად ვიცხოვრო. რაც უფრო ვძლიერდები სარწმუნოებაში, მით უფრო მეტად ვგრძნობ ღვთის შემწეობას ჩემს ცხოვრებაში. ვმადლობ ღმერთს და ჩემს სულიერ მოძღვარს, რომელმაც ჭეშმარიტების გზა მიჩვენა.
ბეჭდვა
1კ1