მე უძღები შვილი ვარ, რომელიც გაიქცა და ისევ დაბრუნდა მამის წიაღში
მე უძღები შვილი ვარ, რომელიც გაიქცა და ისევ დაბრუნდა მამის წიაღში
მართლმადიდებლობა ის ზეციური კიბეა, რომლითაც უფალთან მივალთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოინათლო, ქრისტეს წიაღში შეხვიდე და მერე წარმართული ჩვევებით იცხოვრო. თუკი რაღაც გაბრკოლებს, მოსთხოვე საკუთარ თავს - ილოცო, იმარხულო, ეზიარო, ცოდვები მოინანიო. მართლმადიდებლობა იოლი არ არის, მაგრამ შევახსენოთ საკუთარ თავს ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ჩვენს საცხოვნებლად გაიღო.

გიორგი (25 წლის): - სრულიად პატარა ვიყავი, როცა მამამ ეკლესიაში მიმიყვანა. ჩვენი ტაძარი, შემოქმედის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ვამაყობ ჩემი წინაპრებით, იმ ხალხით, რომელმაც პირველი საძირკველი გაუჭრა ტაძარს. ჩვენი სოფელი მართლაც საოცარი სულიერებით გამოირჩევა, თითქოს ყველა აქ დაბადებულმა იცის, რომ შემოქმედის სახელს ატარებს და ცდილობს, მძიმე ცოდვებით არ შეურაცხყოს იგი. იქაურები უბრალოდ, შეიძლება ითქვას, ღარიბულად ცხოვრობენ, გაგიკვირდებათ, როგორი სულიერი მხნეობით იტანენ ათასგვარ სიძნელეს. ჩვენს ოჯახსაც უჭირს, მაგრამ ჩემი მშობლებისგან არასოდეს გამიგონია წუწუნი, ჩივილი, წყრომა. მართლმადიდებლობა ქართველისთვის საზრდოა, არა მარტო სულიერი, ხორციელიც. როცა ხორციელებაზე ვლაპარაკობთ, ზოგჯერ ისეთ სახეს მიიღებენ, გეგონება, რაიმე დააშავე, არადა უფალი ხომ განკაცდა, ხომ ხორციელად მოვიდა და მოვიდა იმისათვის, რომ ჩვენი დავრდომილი ხორცისა და სულისათვის ხელი შეეშველებინა. განა ქართველების ფიზიკურ გადარჩენაზე არ ზრუნავდა მაცხოვარი? მართლმადიდებლობას ჩვენში უამრავი საფრთხე დამუქრებია, მაგრამ შევინარჩუნეთ და მოვიტანეთ, ახლაც საფრთხის ქვეშ ვართ, მაგრამ უფლისმიერი სასოებითა და რწმენით ისევ შევინარჩუნებთ და მომავალ თაობას დავუტოვებთ ცხოვრების წესად და კანონად. და კიდევ ერთი: ვფიქრობ, ამპარტავნებაში არ ჩამომერთმევა, თუკი ვიტყვი, რომ ღმერთის შეცნობა მხოლოდ მართლმადიდებლობით არის შესაძლებელი.

თეონა (35 წლის): - ვერაფრით წარმომიდგენია საქართველო მართლმადიდებლობის გარეშე. ჩვენი ერის მთავარი ღირსება ღვთის სახელის შეუბღალავად ტარებაცაა, სწორედ ქართულმა მართლმადიდებლობამ მოხიბლა და ჩვენთან საწამებლად, ჯვარცმული ღვთისათვის თავის გასაწირად მოიყვანა ჩვენს ქვეყანაში სპარსი წმინდა რაჟდენი, ევსტათი მცხეთელი, აბო თბილელი. ქართველი კაცის სული, თუკი იგი რწმენითაა გაჯერებული, შეუძლებელს შეძლებს. ასე მგონია, ჩვენ ჩავწვდით ჭეშმარიტებას და ამიტომაც არასოდეს გვიღალატია ქრისტეს სჯულისთვის. ახლა რომ ღალატობენ? ილია მართლის სიტყვებს მოვიშველიებ და ასე გიპასუხებთ: ეგ ჭუჭყია, ქაფია... მის იქით თავანკარა ქართული დგას - ღვთის სადიდებელი ენა და მამული, რომელიც ქრისტიანობამ დაიცვა და გადაგვარებას გადაარჩინა. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული ჩვენს ზნეობაზეც აისახა, ამიტომაც არის ქართველი კაცი სტუმართმოყვარე და მიმტევებელი. დღეს, მართალია, ჭეშმარიტი მორწმუნე არც ისე ბევრია, მაგრამ საქართველოს მაინც ღვთის სული უდგას, იმედია, მალე შეიცვლება ერის ცნობიერება უკეთესობისაკენ.

ზაზა (49 წლის): - მართლმადიდებლობა ტკბილი ჯვარია, მე უძღები შვილი ვარ, რომელიც გაიქცა და ისევ დაბრუნდა მამის წიაღში. მეც იმ ეპოქაში გავიზარდე, როცა მღვდელი და ეკლესია მასხრად იყო აგდებული. მერე მოჩვენებითი თავისუფლება მოგვეცა და ეკლესიაში შესვლისაც აღარ გვეშინოდა. დედაჩემმა რწმენის თავისუფლება თავისებურად გაიგო - "იეღოვას მოწმეებს" შეუერთდა, თავდადებული "მორწმუნე" გახდა. ეს ოჯახის ქალი, რომელიც ადრე გარეთ არ გადიოდა, ახლა ქუჩა-ქუჩა წიგნებს არიგებდა. თავდაპირველად ყურადღებას არ ვაქცევდით, გვეგონა, მალე მობეზრდებოდა, მაგრამ მერე სახლიდან ხატები და ჯვრები რომ გაიტანა და დაწვა, შიშმა შეგვიპყრო. ვუსაყვედურეთ, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. მალე ოჯახის წევრების გადაბირებაც დაიწყო, თუ არ დავუჯერებდით, იერიშზე გადმოდიოდა, სამუდამო სიკვდილით გვემუქრებოდა. მალე ისე დაგვიხშო გონება, ნელ-ნელა "გადავბარგდით" იეღოველთა საძმოში, მოვინათლეთ კიდეც. მერე შვილი გამიხდა ავად, სისხლის გადასხმა დასჭირდა. "თანამოძმეებმა" სასტიკი წინააღმდეგობა გამიწიეს. ჩემი გავიტანე... ამან დამაფიქრა და ნელ-ნელა ვაქციე მათ ზურგი. მერე მეზობლად ერთ მორწმუნე ოჯახს დავუახლოვდი, იქ დიასახლისის მეგობარი ქალი გავიცანი, რომელიც ღარიბ-ღატაკებს უშურველად ეხმარებოდა, მონასტრებში დადიოდა და თვეობით რჩებოდა. იმ ქალმა ჩემი ამბავი რომ გაიგო, მოძღვართან მიმიყვანა. ჯერ ისე ვისაუბრეთ, მერე აღსარებაზე დამიბარა... ასე დავუბრუნდით მართლმადიდებლობას მე და ჩემი ოჯახი. დედაჩემი ჯერ იეღოველობას ვერ ელევა. ვიცი, მშობლის პატივისცემა მართლმადიდებლობის ქვაკუთხედია და არაფერს ვეუბნები, მხოლოდ ვლოცულობ მისთვის, მჯერა, რომ უფალი მასაც დააბრუნებს მშობლიურ წიაღში.
ბეჭდვა
1კ1