წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ათი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. საშინელმა მწუხარებამ დაისადგურა ჩემს სულში. სიცოცხლემ თითქოს აზრი დაკარგა...
ზაფხული იდგა. ჩემი მცირეწლოვანი შვილიშვილები აგარაკზე უნდა წაეყვანათ. ქალიშვილებს ჩემი მარტო დატოვება არ სურდათ, წაყოლა მთხოვეს. ერთხანს უარზე ვიდექი, მაგრამ ბოლოს მაინც დამიყოლიეს. აგარის რაიონის სოფელ ატოცში ვიქირავეთ სახლი და მთელი ოჯახი გავემგზავრეთ.

იმხანად ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მღვდელმონაზონი, ახლა უკვე იღუმენი მამა საბა (ჯიშკარიანი) მოღვაწეობდა. ძალზე დავუახლოვდით. მწუხარებისგან რომ ავტირდებოდი, მამა საბა ნუგეშს მცემდა, მიხსნიდა, რომ გარდაცვალებით სიცოცხლე არ მთავრდება, რომ მხოლოდ დროებით ვშორდებით საყვარელ ადამიანებს. მე და ჩემი ქალიშვილები ყველა წირვა-ლოცვას ვესწრებოდით, ტაძრის მოვლა-დალაგებაში ვეხმარებოდით. მამა საბა ბევრს გვესაუბრებოდა ეკლესიურ ცხოვრებაზე, სურდა, ჩვენთვის თვალი აეხილა, უფლისკენ მიმავალი გზა დაენახვებინა. დავყავდით სხვადასხვა ტაძარში, სადაც წირვა-ლოცვას თვითონ ატარებდა. წაგვიყვანა რუის-ურბნისის ტაძრების კურთხევაზეც, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
II-მ აღასრულა. მოვილოცეთ ყინწვისისა და სარკის მონასტრები, წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია ატოცის მახლობლად, სურამის ტაძრები. მოგვიანებით საეკლესიო დღესასწაულებზე მასთან თბილისიდანაც ჩავდიოდით სტუმრად. შემდეგ მამა საბა თბილისში, სოლოლაკის ამაღლების ტაძარში გადმოიყვანეს. ვცდილობ, არც ერთ წირვა-ლოცვას არ დავაკლდე. ეკლესიაში თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. ვხვდები, რომ იქ სუფევს ნამდვილი სიყვარული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მოძღვარს ჩემი მოქცევისთვის. ის რომ არა, ალბათ დღესაც ეკლესიის გარეშე ვიცხოვრებდი და ვინ იცის, რამდენ ცოდვას ჩავიდენდი უმეცრებით.

ჩემო ძვირფასო მამა საბა, ძალიან მიყვარხართ, პირველი ზიარება თქვენი ხელიდან მივიღე და დიდი სურვილი მაქვს, თქვენვე ამიგოთ წესი, თუ, რა თქმა უნდა, უფალმა ინება.
ნინელი
შოთაშვილი-ავალიანი


მოგესალმები, ძვირფასო "კარიბჭევ". მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ჟურნალი არსებობს. ჩემი გადმოსახედიდან, "კარიბჭე" ის ნათელია, რომელიც ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

"მდუმარება დიდებული რამ არის. თუ ისწავლი ენის დამორჩილებას, მდუმარების სიხარულსაც შეიგრძნობ... გიყვარდეს მდუმარება და განმარტოება, შეძლებისდაგვარად გაექეცი ადამიანებს..." - წმინდა მამა იერონიმე ეგინელის ამ სიტყვებმა, თქვენს ჟურნალში რომ ამოვიკითხე, შემძრა. ჩემი მცირედმორწმუნეობის გამო ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, მდუმარების ძალასა და სიტკბოებას ჩავწვდე, მაგრამ მას აქეთ უფრო მეტად ვუკვირდები, უფრო მეტი მოწიწებით ვამბობ თითოეულ სიტყვას. იმედი მაქვს, მომავალშიც გვესაუბრებით მდუმარებაზე.
პატივისცემით ბექა,
ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად
მიყვანების სახელობის ტაძრის სტიქაროსანი
ბეჭდვა
1კ1