არც კი ვიცოდი, თუ ადამიანს უკვდავი სული ჰქონდა
არც კი ვიცოდი, თუ ადამიანს უკვდავი სული ჰქონდა
ჩემი მთავარი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრებაა
ფიქრობთ თუ არა ცხონებაზე?
ზურა (31 წლის): - რა თქმა უნდა, ვფიქრობ და საერთოდ ყველა მორწმუნე უნდა ფიქრობდეს ცხონებაზე. იყო დრო, როცა საერთოდ არ ვფიქრობდი არც სულზე და არც სასუფეველზე. არც კი ვიცოდი, თუ ადამიანს უკვდავი სული ჰქონდა. ცხოვრების მიზანი გართობა, ნივთიერზე ზრუნვა მეგონა.

რამდენიმე წლის წინ, ეკლესიაში მოსვლის შემდეგ, გავაცნობიერე, რომ არასწორ გზას ვადექი. ღვთის წყალობით, გონება გამეხსნა და მივხვდი, რომ ადამიანის ცხოვრება სიკვდილით არ მთავრდება, არამედ მისთვის ახალი, მარადიული სიცოცხლე იწყება. ამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი წარმოდგენებიც და მიზნებიც. დავფიქრდი ჩემი სულის გადარჩენაზეც. გამიჩნდა სურვილი, მეცხოვრა ისე, როგორც მართლმადიდებელს, ქრისტიანს შეეფერება. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მთავარი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრებაა. ყოველნაირად ვცდილობ, განვერიდო ცოდვებს და ღვთივსათნოდ ვიცხოვრო. იმედია, უფალი ჩემს მცდელობასაც შეიწირავს. შევთხოვ ღმერთს, ჩემს მსგავსად ყველას აეხილოს სულიერი თვალი და დაფიქრდეს სულის ცხონებაზე. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!

მაგდა (19 წლის): - ეკლესიაში დედას ბავშვობიდან დავყავდი. თავიდან ის მასწავლიდა, რა იყო სულის უკვდავება და მარადიული ცხოვრება. მახსოვს, ერთხელ ვიტირე კიდეც და დედაჩემს ვუთხარი, - ეშმაკები ჯოჯოხეთში ხომ არ წამიყვანენ-მეთქი.

სასუფეველი რომ დაიმკვიდროს ადამიანმა, უნდა ეცადოს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით იცხოვროს. ეკლესიაში მოსვლის შემდეგ თანდათან ვაცნობიერებთ ჩვენს ცოდვილობას და გვეუფლება სინანული. მე პირადად, ჩემს ცოდვებს რომ ვიხსენებ და ცხონებაზე ვიწყებ ფიქრს, შიში მეუფლება, ყოველთვის სინანულის ცრემლი მომდის და ზოგჯერ სასოწარკვეთილებაშიც ვვარდები ამის გამო. სასოწარკვეთილება კი თავისთავად მძიმე ცოდვაა.

იმისათვის, რომ ვცხონდეთ, პირველ რიგში ვნებებს, ჩვენს ცოდვით მიდრეკილებებს ყოველდღიურად უნდა ვებრძოლოთ. ამ ბრძოლაში დღეს პატარა სულიერ გამარჯვებას თუ მივაღწევთ, ხვალ უფრო დიდ სიმაღლეებს შევეჭიდებით. ზოგი ფიქრობს, რომ ცოდვა გამოუსწორებელია - ძალიან ცოდვილი ვარ და აღარაფერი მეშველებაო, მაგრამ თუ წმინდანთა ცხოვრებას გავიხსენებთ, დავინახავთ, ცოდვის უფსკრულიდან სინანულით რა სულიერ სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა.

ბადრი (23 წლის): - თავიდან ტაძარში არ დავდიოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, როცა მივხვდი, რომ სინანულისა და ზიარების გარეშე ცოდვები არ მოგვეტევება, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და მივედი სულიერ მოძღვართან. დღეს სტიქაროსანი ვარ და საკურთხეველში ვმსახურობ.

მართლმადიდებელი ქრისტიანის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ცხონება - სასუფევლის დამკვიდრება უნდა იყოს. ეს წუთიერი, ამქვეყნიური ცხოვრება სულის ცხონებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ზოგი ამბობს, - ღმერთი მწამს, ეკლესიისა და სამღვდელოების კი არ მჯერაო, მაგრამ ასეთ "რწმენას" მართლმადიდებლურს ვერ ვუწოდებთ. არადა, ღმერთი ჭეშმარიტად თუ გწამს, ეს უნდა გამოხატო საქმით, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, - "რწმენა საქმის გარეშე მკვდარია". თუ ღმერთი გწამს, მაშინ უფლის სიტყვისაც უნდა გწამდეს. უფლის სიტყვა კი გვასწავლის, რომ თუ ცხონება გვინდა, ქრისტეს სხეულის - ეკლესიის წევრნი უნდა ვიყოთ და მოციქულთა მიერ ხელდასხმულ სამღვდელოებას პატივს უნდა მივაგებდეთ. ასე რომ, თუ მოვინდომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი სულის ცხონების საქმეში.

მიხეილი (39 წლის): - ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფიქრდება ცხონებაზე. ჩვენ დამოუკიდებლად, ღვთის შეწევნის, მადლის ზემოქმედების გარეშე, ვერ ვცხონდებით. ვინც ცხონებას ეკლესიის გარეთ ეძებს, ცდება. ამიტომაც ამბობს ერთ-ერთი წმინდა მამა: "ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმინდა სამებას, გეჭიროს ხელში წმინდა სახარება და ქადაგებდე კიდეც, შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის. ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება".

ცხონებაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა ეკლესიური გავხდი. ეს მოხდა 14-15 წლის წინ. არაეკლესიური ადამიანი ვერ უპასუხებს კითხვას - რა არის ცათა სასუფეველი და რისთვისაა ადამიანი მოწოდებული. ის ყოველთვის ამსოფლიურ, მატერიალურ პრობლემებშია ჩაფლული და ცხონებაზე არ ფიქრობს, დროც კი არ რჩება მარადიულობაზე დასაფიქრებლად.

ეკლესიაში მისვლისთანავე შევიგრძენი ღვთის მადლის დადებითი ზემოქმედება ჩემს სულზე. თუ ღვთისაგან მონიჭებულ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ, არც ამ წუთისოფელში ვიქნებით კარგად და არც იმქვეყნად. უფალმა სასუფეველში ყველას მოგვიწოდა. ამიტომ ყველამ და განსაკუთრებით მორწმუნეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხონებისა და ღმერთთან შერიგებისთვის ვართ მოწოდებული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ღმერთს, ჩვენს შემოქმედს, რომელმაც არარსებობიდან არსებობაში მოგვიყვანა და მარადიული სიცოცხლე, უკვდავება მოგვანიჭა.
ბეჭდვა
1კ1