წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ხსოვნა
ოქტომბრის ერთ შაბათს ექსკურსიაზე წავედით ყინწვისში. მერე სუფრა გავშალეთ, ვიმხიარულეთ. მწვადების შეწვა გვინდოდა და ჩემმა ამხანაგმა ბერებს გამოართვა შამფურები. მოვილხინეთ. ჩემი დამრიგებელი მორწმუნე ქალია და თქვა, ლოცვაზე დავრჩეთო. ტაძართან ჩამოვსხედით და ვსაუბრობდით. თვალი გამექცა მოშორებით მჯდარი ბერისკენ, რომელიც ერთ ქალბატონს ესაუბრებოდა. ბერმა, რომელმაც მანამდე მონასტერი დაგვათვალიერებინა, გვითხრა, - ჩვენი წინამძღვარია, მამა შიო. თქვენი ხნისა უკვე სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, 18 წლისა ბერად აღიკვეცა. ახლა მხოლოდ 31 წლის არისო.

ლოცვა გვიან დაიწყო. უკვე ბნელოდა და გადავწყვიტეთ, ზეთისცხების შემდეგ თბილისში დავბრუნებულიყავით. ტაძარში სანთლები ენთო. მამა შიოს (ის მაშინ იღუმენი იყო) ღვთაებრივი ხმა გულზე საოცრად გვხვდებოდა. როცა ის სახარების წასაკითხად სტოაში გამოვიდა და ხელში სანთელი დაიჭირა, ჩემმა ამხანაგმა მითხრა, აქ დადექი და შეხედეო. სანთელი მამა შიოს წვერს ოქროსფრად ანათებდა. ამ თითქოს უბრალო სურათმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზეთისცხების დროს მამა შიომ ჩემს ამხანაგს ჰკითხა, - მწვადი ჭამეთო? მამა შიოს იუმორის გრძნობაც საოცარი ჰქონია.

ჩვენმა დამრიგებელმა მსახურს სთხოვა, მივდივართ და ეგებ მამა შიომ გვაკურთხოსო. მამა შიო შუა ლოცვიდან საგანგებოდ გამოვიდა, დაგვლოცა და შინ მშვიდობით გაგვისტუმრა. დავტოვეთ ყინწვისი მისი მშვენიერებით, უფრო კი მამა შიოს სულის მშვენიერებით აღტაცებულებმა. ერთი თვის შემდეგ კი თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ - მამა შიო ავტოკატასტროფაში დაიღუპაო. კარგა ხანს ვერ გავაცნობიერე, რომ ის ამქვეყნად აღარ იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ის უფალმა წაიყვანა, რათა შიო მღვიმელთან ერთად ედიდებინა ყოვლადწმინდა სამება. მერე გავიგე, რომ დაახლოებით 10 დღის წინ არქიმანდრიტად უკურთხებიათ.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამა შიო. გთხოვ, უფლის წინაშე ჩვენ, ცოდვილთათვისაც ილოცო.
თბილისის 195-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
და ჯვართამაღლების ტაძრის მედავითნე ზურაბ ქელბაქიანი


მეტეხის ხიდზე დღეს დღესასწაულია. იკრიბებიან ქრისტიანები, რათა თაყვანი სცენ ასი ათას ქართველს, რომლებმაც XIII საუკუნეში სიკვდილი ამჯობინეს ღვთისმშობლის ხატისთვის ფეხის დაბიჯებას. მაშინ სისხლად გადაიქცა მტკვრის წყალი...

აქ ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი ღვაწლი განუზომელია ჩვენი ერის სულიერ აღორძინებაში.

აგუგუნდა მრავალჟამიერი, დაიწყო ლოცვა...

მივედით ხიდთან, გადავისროლეთ მტკვარში წითელი ყვავილები - ჩვენ გვახსოვს ჩვენი წინაპრების გმირობა და ეს ხსოვნა ისევე მარადიულია, ვით თვით რწმენა.

ციმციმებენ სანთლები, როგორც იმ ასი ათას გმირთა სულები.

ასი ათასო ქართველო, თქვენი მსხვერპლი წმინდა ხატად გადაიქცა დღეს და ჩვენ მას ვეამბორებით.

როგორ მინდა ჩემი გრძნობები გავუზიარო უცხო ქვეყანაში გადაკარგულ ქართველებს. ჩვენი გულები ერთნაირია, ერთნაირად ძგერს, ერთნაირად მღერის. დაბრუნდით სამშობლოში, დებო და ძმებო, ეს არის თქვენი მიწა-წყალი, ერთად ვიყოთ. მერე რა, რომ დღეს ღარიბნი ვართ, ღვთის მადლით გავძლიერდებით, ავმაღლდებით...


დიდება და მადლობა ქრისტე ღმერთსა,
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალსა წელსა!

უსაზღვრო სინანული მაქვს ცოდვების გამო. საკუთარი თავი მძულს, როცა ვიგონებ ჩემს მიერ ჩადენილ სააუგო საქმეებს. რამ მაკეთებინა ცუდი მე უვიცს?

უამრავი განსაცდელი გამოვიარე, მადლობა უფალს, რომ გონება გამიხსნა. ვცდილობ, გამოვსწორდე უფლის შეწევნით და სულიერი მამის, პეტრე ბარამიძის ლოცვა-კურთხევით.

მარჯვენა ღვთისა არ მოაკლდეს საქართველოს სულიერ საჭეთმპყრობელს, სასულიერო პირებს, ჩვენს ერს, მტერს გონება გახსნოდეს, მოსაქცევი მოექცეს.

დალოცვილი გვამყოფოს უფალმა, მისი იმედი არ მოგვიშალოს. ამინ!
ცოდვილი სარა ჯაველიძე


ფარავდეს ღმერთი ჩვენს შვილებს

ძვირფასო რედაქციავ, ძალიან გთხოვთ, დაბეჭდოთ ჩემი წერილი. ის მარტო ჩემსას კი არა, საქართველოში მცხოვრები ყველა დედის აღშფოთებას გამოხატავს...

იმ საღამოს ჩემს 6 წლის ვაჟს, ბექას ვამეცადინებდი. უმცროსი საბა მუხლებზე მეჯდა. ვფიქრობდი, რამდენიმე წლის შემდეგ ესეც სკოლაში წავა და ღმერთისა და ბუნების სიყვარულით აღზრდილი ჩემი ვაჟები ვაითუ გახრწნას სკოლამ-მეთქი. ზუსტად იმ საღამოს ტელევიზორმა გვაუწყა, - ჩვენი 5-6 წლის ბავშვები მზად არიან, ისწავლონ ყველაფერი სექსის შესახებო. მაგრამ როცა პატარებს ჰკითხეს, რას ნიშნავს სიტყვა "ინტიმიო", გულუბრყვილოდ პასუხობდნენ - ეს არის გაყინული გზა, მარტო თოვლიან ტყეშიო და ასე შემდეგ.

გადაცემის დროს შიშით ვაკვირდებოდი ჩემს ბექას. მაგრამ ტყუილად ვნერვიულობდი. პატარა გატაცებით ძერწავდა ზღარბებს, მისი ბავშვური გონება ძალიან შორს იყო იმ სიბილწისგან, რომელსაც "ჭკვიანი" უფროსები ახვევდნენ თავს.

მაგრამ რა ვუყოთ იმ სახელმძღვანელოს სქესობრივი აღზრდის შესახებ, რომლის სკოლებში გავრცელებას დაჟინებით მოითხოვს განათლების სამინისტრო? იქ ხომ ისეთი რამეები წერია, რასაც უფროსკლასელებსაც ვერ აუხსნი სირცხვილის გრძნობის გარეშე, ის კი სულ პატარებისათვის არის განკუთვნილი და მულტფილმების მსგავსი ილუსტრაციებით არის "დამშვენებული". მჯერა, ჩვენი სკოლების დირექტორები და მოსწავლეები შეძლებენ გაუმკლავდნენ ავს და არ დაუშვებენ ამ ბინძური წიგნების გავრცელებას. მაგრამ ხომ შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი წიგნი ჩემი შვილის მეზობელ მერხზე აღმოჩნდეს?..

ნუთუ მართლა გვინდა გადავაგვაროთ ჩვენი შვილები? ეგებ პირველ რიგში მათ სულიერ აღზრდაზე ვიზრუნოთ?

"სიტყვა ღვთისა" ვაქციოთ მთავარ საგნად სკოლებში და ვასწავლოთ შვილებს რიდი და მოკრძალება მშობლების მიმართ, ვასწავლოთ, რომ მთავარია, არსად და არასოდეს არ იცრუონ, არ დაჩაგრონ სუსტი და უმწეო, იყვნენ კეთილნი. ჩვილობიდან ვატაროთ ჩვენი შვილები დედაეკლესიაში. იქ მოისმენენ გალობას, ეზიარებიან, მათ სულებში შევა სიწმინდე და თვითონაც დაემსგავსებიან პატარა ანგელოზებს.

ღმერთი ფარავდეს ჩვენს შვილებს.
ბეჭდვა
1კ1