ნათლობა ის კიბეა, რომლითაც ადამიანი უკვდავებაში შეაბიჯებს
ნათლობა ის კიბეა, რომლითაც ადამიანი უკვდავებაში შეაბიჯებს
უფლისმიერი სიყვარული ნათლობაშიც გამომჟღავნდა - ჩვენი, ქრისტიანების მონათვლა უმტკივნეულოდ ხდება. ნათლობისას წყალს მიაქვს ჩვენი ცოდვები, თანანადებნი, წინაპართა მიერ, ჩვენ მიერ ჩადენილიც. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უკვდავებას ნაზიარებმა ქრისტიანებმა ამის შემდეგ პირი იბრუნონ უფლისაგან და ამ უკვდავების განსამტკიცებლად არ იბრძოლონ. ნათლობა მიტევება და სიკეთეა, ქრისტეს წიაღში შესვლაა, მაგრამ მერეა საჭირო იმ სათნოებისა და სიყვარულის დაცვა, რაც ნათლობით მოგვენიჭა.

მაყვალა (57 წლის): - გვიან მოვინათლე, ეს ჩემი მშობლების ბრალი არ იყო, ისინი ადრე გარდაიცვალნენ და ბიძამ გამზარდა. ხელმოკლე ოჯახი ჰქონდა. დარდობდა, რა ვქნა, ამ ბავშვის მონათვლის შემდეგ ახლობლები მაინც როგორ ვერ უნდა დავპატიჟოო. ჩემმა დედამთილმა რომ გაიგო, მოუნათლავი ვიყავი, სასწრაფოდ წამიყვანა ეკლესიაში და მოვინათლე.

ნინო (53 წლის): - მიუტევოს უფალმა და, ბევრმა არ იცის, ის წყალი და მირონი რამხელა მადლის მატარებელია. დედაჩემის წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ ჩემი უფროსი და, 10 თვის ბავშვი, მოუნათლავი გარდაიცვალა. დედა წუხდა ხოლმე, - ჩემს შვილს სანთელს ვერ ვუნთებ და საკურთხს ვერ ვუკეთებო. ხშირად სხვათა გაკვირვებას თუნდაც პურმარილით ვცდილობთ და გაწამაწიაში ნათლობის ნამდვილ არსს ვერ შევიცნობთ. აბა, მე რა მაქვს სათქმელი, როცა სამივე შვილი მარხვაში მოვნათლე და მერე იმით ვტრაბახობდი, ჩვენს პურმარილზე მთელი თბილისი ლაპარაკობს-მეთქი. ნათლობა ქრისტიანობაში შესვლა და ის მადლია, რომელიც, თავისი სიძლიერის მიუხედავად, გამსუბუქებს და ქრისტიანული ცხოვრების უფლებას გაძლევს. ახალგაზრდა რომ ვიყო, სხვანაირად ვიცხოვრებდი და ამ მადლსაც სხვანაირი მოწიწებით მივიღებდი, სხვანაირად შემოვუშვებდი ჩემს ოჯახში.

მანუჩარი (40 წლის): - ნათლისღება, შობისა და აღდგომის შემდეგ, ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს მცირე აიაზმაზე დასწრება, მაგრამ ერთი ნაკლი მაქვს და ვერაფრით გადავეჩვიე - ნაკურთხ წყალს თითქოს ვერ ვიმეტებ დასალევად და ნათლისღებას აღებულს მთელი წელი სათუთად ვინახავ. მერე, როცა ეს დღესასწაული დგება და ვიცი, ახალი უნდა მივაბრძანო შინ, ვსვამ და სხვებსაც ვასმევ. საკუთარი ნათლობა არ მახსოვს, მაგრამ ნათლია ხშირად ვყოფილვარ და ყოველთვის მაკვირვებს და მხიბლავს ის ძალა, რომელიც თითოეული ბავშვის მონათვლის შემდეგ მეძლევა.

ზაზა (37 წლის): - ქართველი ქალების უცხოეთში გათხოვებას ძალზე ნეგატიურად აღვიქვამდი და როცა ჩემი ბიძაშვილიც ავსტრიელს გაჰყვა ცოლად, რომ იტყვიან, ქოში უკუღმა ვყარე. ქმარი კათოლიკე იყო და ამაზე მთლად გადავირიე, რადგან ვიცოდი, რომ კათოლიკეები ძნელად ელევიან სარწმუნოებას. ქართველი ქალის სულიერი სილამაზე, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ რჩებათ უცხოელებს და ამიტომაც მყარი და სტაბილური ურთიერთობის შესაქმნელად სრულიად გააზრებულ ნაბიჯს დგამენ. კათოლიკეთა დიდი უმრავლესობა მორწმუნეობით არ გამოირჩევა და მართლმადიდებლობაში გადასვლა მათთვის ერთი ოთახიდან მეორეში შესვლაა.

როცა საქართველოში ჩამოვიდნენ, შევატყვე, ჩვენი სიძე სერიოზულად იყო დაფიქრებული, ითხოვდა, ტაძარში წამიყვანეთ და თქვენი რიტუალები მაჩვენეთ, მინდა წირვა-ლოცვასაც დავესწროო. წირვის დროს გარინდებული იდგა და გაფაციცებული უსმენდა. მერე მოვნათლეთ და ჯვარიც დავწერეთ...

სანდრო (25 წლის): - ნათლობა, ჩემი აზრით, იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რომ ის აუცილებლად ზეიმად უნდა იქცეს, მაგრამ გადაჭარბება, ისევე როგორც სხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნისას, არ ვარგა. ხშირად სიხარულს უზომო ჭამა-სმით გამოვხატავთ და ნათლობის აღნიშვნისას გადამთვრალ მეინახეებს ჩხუბიც აუტეხიათ, რაც ამ წმინდა რიტუალის შეურაცხყოფაა. ამ დროს ახლობლებმაც და თავად ახალმონათლულმაც მადლი უნდა შეიგრძნონ და ამას ხელს უშლის გადაჭარბებული ღრეობა. ნათლიებადაც ისეთი ადამიანები უნდა ავირჩიოთ, რომლებიც შემდეგ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში წვლილს შეიტანენ და არა ისეთები, რომლებსაც მონათვლის შემდეგ თვალითაც ვერ დავინახავთ. მამაჩემს უთქვამს, - რვა ნათლია მყავდა და აქედან მხოლოდ ორს ვიცნობო. თვითონ ნათლობა იმხელა სულიერი ზეიმია, არც იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ რა საჩუქარს მოგვართმევს, თავად მფარველი ანგელოზი ხომ უდიდესი საჩუქარია ჩვენთვის. ნათლობასთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული, ისიც გაგვიგონია, რომ მოუნათლავი მძიმე ავადმყოფი ბავშვი გამოჯანმრთელებულა. ბევრს ეს შემთხვევითობა ჰგონია. არ არის ასე - მფარველმა ანგელოზმა და მაკურნებელმა მირონმა შეუძლებელი შეძლო. ნათლობა ის კიბეა, რომლითაც ადამიანი, თუკი ის ჭეშმარიტებას შეიცნობს და ქრისტიანულად იცხოვრებს, უკვდავებაში შეაბიჯებს.
ბეჭდვა
1კ1