ჩვენი ეკლესია ერთიანი და განუყოფელი სწორედ მათი მადლითა და ლოცვითაა
ჩვენი ეკლესია ერთიანი და განუყოფელი სწორედ მათი მადლითა და ლოცვითაა
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიისა და მღვდელმსახურთა გარეშე წარმოუდგენელია. მღვდელმთავართა ღვაწლი განუსაზღვრელია არა მარტო ეკლესიაში მომსახურეთა, არამედ მთელი მრევლის ცხოვრებაში. რომ არა ისინი, ვინც საყოველთაო გადაგვარებას ხელი შეუშალა, შეძლებდა კი ჩვენი ერი ქრისტიანობის შენარჩუნებას ანდა იმდენი გასაჭირის გადატანას?! მღვდელმსახური დიდი მოღვაწეა, ქრისტეს სიყვარულს თაობიდან თაობას გადასცემს. საქართველოს უამრავი ასეთი მოღვაწე ჰყოლია. მათი ლოცვით, დღეს, როცა ურჯულოება მოძალებულა, ასე თუ ისე ვინარჩუნებთ სულიერებას, ვინარჩუნებთ ქრისტესმიერ სიყვარულს.

დარეჯანი (50 წლის): - ბავშვობიდან მესმოდა, როგორ ლანძღავდნენ, როგორ არცხვენდნენ ეკლესიურ ადამიანებს. ჩვენც, ბავშვებიც, არაეკლესიურად ვცხოვრობდით, სიამოვნებით ვუყურებდით იმ ფილმებს, რომლებშიც დასცინოდნენ მღვდლებსა და მღვდელმთავრებს. სკოლაში კი გვასწავლეს წმინდანთა მარტვილობის, ცხოვრების შესახებ ნაწარმოებები, მაგრამ ეს უფრო ლიტერატურული ძეგლების გაცნობა იყო და არა მათი ცხოვრებით გაკვირვების, მათდამი პატივისცემით გამსჭვალული ცნობიერების ჩამოყალიბება. და მაინც, უფლის ძალით მოსახდენი ხდება და რამდენიმემ ჩვენ შორის მათ ცხოვრებაში დაინახა ის, რისთვისაც დაიწერა ნაწარმოები. განსაკუთრებით გრიგოლ ხანძთელის დიდმა ღვაწლმა მოგვხიბლა. იგი არა მარტო ეკლესიათა მაშენებელი იყო, არამედ საკუთარი მაგალითით სულიერი წყვდიადიდან გამოჰყავდა ერი. რომ არა გრიგოლ ხანძთელი და ბევრი სხვა მოღვაწე, საეჭვოა, ვიქნებოდით კი დღეს ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები? როგორც ჩანს, მათი ლოცვა უშლიდა ხელს კომუნისტებს, აღესრულებინათ ლუციფერის ჩანაფიქრი.

ნინო (45 წლის): - უფალი და მისი მცნებები მარადიულია და ამდენად, ღვთისმსახურებაც მარადიული გახლავთ. ეპისკოპოსთა ღვაწლი შეუდარებელია და ალბათ გარკვეულწილად მძიმეც, რადგან ისინი ღვთის და კაცთა წინაშეც პასუხს აგებენ თუნდაც მრევლის, თუნდაც მღვდელთა და სხვა სასულიერო პირთა ნაცვლად. ახალგაზრდობაში მეუფე დავითს ვიცნობდი. ერთი ჩვეულებრივი ყმაწვილი იყო. მგონი, არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. ვერც იმას ვიტყვი, რომ სულიერად ოჯახში ჩამოყალიბდა, რადგან მის დედ-მამასაც ვიცნობდი. ადრე მოეკიდა ოჯახს და შვილებიც ჰყავს (ღმერთმა გაუმრავლოს). მისი ცხოვრება, და ალბათ უამრავი სხვა მეუფისაც, საოცრებაა ჩემთვის. უფალმა იცის, ვინ გამოიჩენს მისდამი ერთგულებას და დიდ სიყვარულს და სწორედ იმას გამოარჩევს. ჩემი აზრით, ასეთი რჩეულია მეუფე დავითიც, თუმცა თავად ამაზე არასოდეს ლაპარაკობს. ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ, სასულიერო პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ხედავენ უფალს, სხვაგვარად, ცხოველმყოფელი სიყვარულით უყვართ იგი და ამიტომაც ამსოფლიური ცხოვრებით არ იხიბლებიან. მღვდელმთავრობას დიდი სულიერი სიმტკიცე სჭირდება და თუ ამას საკუთარ თავში ვერ მოიძიებენ, ალბათ არც შეუდგებიან უფლის გზას.

დავითი (50 წლის): - ეპისკოპოსს მომადლებული ნიჭი აქვს. მღვდელმთავარი ჩემთვის დიდად პატივსაცემია. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყველა სასულიერო პირის აზრი, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული გამიჩნდა მამა ვიტალის მიმართ. არ ვიცი, იგი მღვდელმთავარი იყო თუ არა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე. ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომეცა მისი გაცნობის საშუალება. როცა რამე განსაცდელის წინაშე ვდგები, მის საფლავზე მივდივარ და როგორც ცოცხალს, ისე ვესაუბრები. რა თქმა უნდა, აღსარებას ვეუბნები ჩემს მოძღვარს, იგი ჩემი ნუგეშისმცემელია, მაგრამ მამა ვიტალის მადლი აფორიაქებულ სულს მიმშვიდებს.

ნათია (30 წლის): - ჩემი აზრით, მღვდელმთავარი ერის სულიერ ცხოვრებას უნდა განაგებდეს, მეტიც, საერო ცხოვრებაშიც უნდა მონაწილეობდეს. ამას წინათ წავიკითხე დოსითეოზ ქუთათელის რუსთაგან წამების ამბავი, რომელმაც შემძრა - დიდი მღვდელმთავარი საქართველოსა და ქართული ეკლესიის გაერთიანებას ცდილობდა... ახლაც არ არიან გულზე ხელდაკრეფილი ეპისკოპოსნი. ერში შფოთს უძველესი დროიდან ერიდებოდნენ ჩვენი სულიერი მამები და რადგანაც ყოველთვის განსაცდელის წინაშე ვიდექით, შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად აგვარებდნენ ხოლმე პრობლემებს. მე ჩვენი დედაეკლესიის ნაწილი ვარ და სწორედ ჩვენს წინაპრებს და დღეს მოღვაწე სასულიერო პირებს ვუმადლი იმ, ასე თუ ისე, მშვიდობას, რომელიც ფიზიკურ არსებობასაც შეგვინარჩუნებს და სულიერადაც გაგვაძლიერებს.

გერმანე (60 წლის): - ძალზე მიჭირს რომელიმე ეპისკოპოსზე ლაპარაკი, რადგან მგონია, ყველანი ერთ კანონს - ქრისტესმიერ სიყვარულს ემორჩილებიან. მე, მაგალითად, ცრემლი მერევა, როცა დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ჩვენს მღვდელმთავრებსაც ვხედავ. ჩვენი ეკლესია ერთიანი და განუყოფელი სწორედ მათი მადლითა და ლოცვითაა.
ბეჭდვა
1კ1