წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩანახატი სასაფლაოზე
"ოფლითა შენითა მოიპოვე საზრდელი შენი".
მიცვალებულთა მოხსენიების დღე იყო - საფლავთა კურთხევა. წვიმდა. ზეციდან გაბზარული ხმა მოისმოდა: მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა და ყოველთა ნათესავთა ჩვენთა...

წელიწადზე მეტია, რაც მამა ზოსიმე წაღვერის წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარია, მაგრამ თავისი მსახურებით უკვე დაიმსახურა მრევლის სიყვარული და პატივისცემა.

რომ არა მამა ზოსიმეს ღვაწლი, ჩვენი მიცვალებულების საფლავთა კურთხევას ვერ მოვახერხებდით...

წაღვერის სასაფლაო რამდენიმე საუკუნისაა. დიდია, მაგრამ მოუვლელი. ვეებერთელა გატოტვილი ხეები საფლავებთან მისვლას გვიშლის. მიუხედავად ამისა, მამა ზოსიმეს არც ერთი საფლავი არ დაუტოვებია უკურთხებელი. ისიც კი, რომელიც ოდნავღა ჩანდა. შიგადაშიგ შეჩერდებოდა და იტყოდა: აქ საფლავი უნდა იყოს, წვიმასა და რეშს საფლავის ქვისთვის მიწა მიუყრია, ფრთხილად, ფეხი არ დავადგათ!

მამა ზოსიმე აუყვებოდა სასაფლაოს და ჩამოუყვებოდა. აკურთხებდა და ხმადაბლა ამბობდა: "მიუტევენ მათ ყოველნივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება..."

უწმინდესსა და უნეტარესს, პატრიარქ ილია II-ს თავის ეპისტოლეში ნათქვამი აქვს: "ღვთივმოსილად უნდა დაიბადო, მაგრამ უმჯობესია, განათლებაც გქონდესო". ორივე ეს ღირსება მამა ზოსიმეს არსებაში ისე კარგად ჩანს, როგორც ანთებული სანთელი ხატთან!..

დაბინდებისას მამა ზოსიმემ სასაფლაოს კარი გამოიხურა... ოფლით და წვიმით იყო სველი. შიმშილს სიხარული ახშობდა. დაღლას ვერ გრძნობდა, სახეზე კმაყოფილება ემჩნეოდა.

"ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება"...

ჩვენს საყვარელ მამა ზოსიმეს არ მოჰკლებოდეს მადლი ღვთისა. გაძლიერებულიყოს ღვთითკურთხეული საქართველო და მისი მრევლი.
წაღვერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლი

საშინელი ბავშვი ვიყავი, ჩაკეტილი, შურიანი, უკარება, ცივი, ყველას ვეჯიბრებოდი. მეგონა, თუ ძლიერი არ ვიქნებოდი, სხვა მაჯობებდა. ვერ ვიტანდი, როცა ვინმეს ვეცოდებოდი, ყალბი გამოხედვით რომ ჩაილაპარაკებდნენ, რა ცოდოა, შვილო, დედა არა ჰყავსო, მერე ყველაფერს დაწვრილებით გამომკითხავდნენ და დღედაღამ ჭორაობდნენ.

გადავწყვიტე, არავისთვის არაფერი მომეყოლა და თუკი რამეს გამიბედავდნენ, მკვახე პასუხი გამეცა. ასეც ვიქცეოდი, თუმცა შინაგანად სუსტი ვიყავი, არსება, რომელსაც სითბო სჭირდებოდა და ვერსად ხედავდა. დეპრესია დამეუფლა, ხშირად ვფიქრობდი თავის მოკვლაზე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა. მამასთანაც გამიჭირდა ურთიერთობა. მეგონა, ეს ჯოჯოხეთი არასოდეს დამთავრდებოდა. იმედი დავკარგე. ყოველ ღამეს ტირილში ვათენებდი.

ერთხელ კი ჩემი მოძღვარი გამოჩნდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემი პრობლემები სხვა კუთხით დამანახა. ახლაც ჩამესმის მისი პირველი დარიგება: "ადამიანი ბუმბულივით მსუბუქი უნდა იყოსო". თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაკლია ამ მდგომარეობამდე, მაგრამ მან ჩემი აზროვნება შეცვალა. დიდხანს ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ მისი რამდენიმე სიტყვაც საკმარისია. მინდა, მოკრძალებით მივუძღვნა ჩემი ლექსი ჩემს სულიერ მოძღვარს, მამა გიორგი თეთრუაშვილს.

როცა ვკარგავდი ყველაზე მთავარს,
როცა ცოდვებში ვიძირებოდი,
როცა ამქვეყნად არაფრის მწამდა
და აღარც არვის ვედარდებოდი,
მე თქვენი თავი მაჩუქა ღმერთმა,
არ მიმატოვა იმ ერთადერთმა,
კვლავ დამიბრუნდა რწმენა, იმედი,
ეკლესიამდე ცრემლით მივედი
და როგორც მამას, განდეთ ფიქრები...
ერთსა გთხოვთ მხოლოდ: არ მიმატოვოთ
და თქვენი შვილი მუდამ ვიქნები.
ნ. ხიჯაკაძე
ბეჭდვა
1კ1