ენა, მამული, სარწმუნოება - გაიმეორა მთელმა კლასმა და ზარიც დაირეკა
ენა, მამული, სარწმუნოება - გაიმეორა მთელმა კლასმა და ზარიც დაირეკა
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა. სიყვარულით დავცქერი მუდამ. რუკის მთლიანი მოხაზულობა ვეფხვის სხეულს მაგონებს: აფხაზეთის ტერიტორიას თავს ვამსგავსებ, ხოლო სამაჩაბლოს ადგილმდებარეობას - გულს.

რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ეს ორი მთავარი ორგანული ნაწილი ჩვენი ტერიტორიისა, თითქმის დაკარგულია. მერე რა, რო ამ ადგილებში აფხაზები და ოსები ცხოვრობენ. აფხაზები ხომ ძირძველი ქართველები არიან, ოსები კი ჩვენთან საუკუნეებში შეზრდილი თანამემამულენი, ჩვენი ჭირ-ვარამი საერთოა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე.

ამბობენ: თამარ მეფის დროს, საქართველოს გაშლილი დროშის ქვეშ სამშობლოს დასაცავად გამზადებულ საბრძოლო რაზმში აფხაზები და ოსებიც იყვნენ ამხედრებული და არა მარტო თამარის დროს. გულს მიკლავს ამ ხალხის, ამ მიწა-წყლის ახლანდელი მდგომარეობა.

85 წელი მისრულდება, არყოფნა სულ ახლოსაა, ნეტავი ისე არ წავიდე, რომ საქართველოს ამ ორი ძირძველი ტერიტორიის შემოერთება არ ვიხილო.

რა გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას
რადგან წლებმა დამჯაბნა, დავუძლურდი, ვეღარაფერს ვაკეთებ, ვერაფერში ვადგები ჩემს ქვეყანას, ვზივარ სახლში და მხოლოდ რადიოს ვუსმენ და ტელევიზორს ვუყურებ, მთელი სიგრძე-სიგანით ვგრძნობ ქვეყნის გაჭირვებულ მდგომარეობას და გულში მიტრიალებს კითხვა: - რა გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას?

ჩემი აზრით, პირველი - აუცილებელია, ფეხზე დადგეს სოფლის მეურნეობა, არც ერთი გოჯი ნაყოფის მომცემი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი (არ მივყიდოთ უცხოელებს).

გული მიკვდება, რომ ვუყურებ მიტოვებულ, აბეჩხარად გადაქცეულ ვენახებს, აბალახებულ ნოყიერ მინდორ-ველს. სოფლელები ტოვებენ სოფელს და თბილისში გამორბიან, გავრცელებულია მიწების ყიდვა-გაყიდვა და არა დამუშავება.

კიდევ რა უშველის ქვეყანას? საჭიროა ქალაქებში აღდგეს და ამუშავდეს მრავალრიცხოვანი ფაბრიკა-ქარხნები (რესტორნებისა და კაფეების ნაცვლად), უხვად იყოს სამუშაო ადგილები. ხალხი დასაქმდეს და აღარ იყოს ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიები. ბოლო მოეღოს უსარგებლო, ლაქლაქსა და ერთმანეთის კრიტიკას.

რა მაწუხებს?
უკანასკნელი გაკვეთილი მეცხრე კლასში მქონდა. გაკვეთილის თემა ილიას "მგზავრის წერილები" იყო. ნაწარმოების უკანასკნელი მონაკვეთი მე წავუკითხე მოსწავლეებს, ყურადღებით მოისმინეს. ნიკო, ყველაზე ცელქი ბიჭი, რომელიც ბოლო მერხზე იჯდა, წამოდგა და იკითხა: - მასწავლებელო, რას ნიშნავს "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნესო"?

განვუმარტე, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებით შეწყდა ჩვენში თათარ-სპარსთა შემოსევები, მაგრამ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქვეყანას უცხო მმართველობა დაეპატრონა, ჩვენი თავი ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა. ეს აფიქრებდა მოწინავე მამულიშვილებს. ამიტომაც ილიამ სამი უმნიშვნელოვანესი სიტყვა შეახსენა ქართველებს - ენა, მამული, სარწმუნოება. ეს სიტყვები დაფაზე დავაწერინე ბავშვებს. ენა, მამული, სარწმუნოება - გაიმეორა მთელმა კლასმა და ზარიც დაირეკა.

დავტოვე სკოლა და უსაყვარლესი ბავშვები. გულს მიკლავს ახლანდელი სკოლის პრობლემები. ყველაზე მეტად კი ის, რომ პატარებს, რომლებმაც ჯერ დედაენა სრულყოფილად არ იციან, I-II კლასებში აიძულებენ უცხო ენის შესწავლას და ამით იჩაგრება ჩვენი მდიდარი და სრულყოფილი ქართული ენა.

სინანული
როცა ადამიანს წლები დაჯაბნის, ახალგაზრდობა, სილაღე და სასოება ჩიტივით გაფრინდება, დარჩება მხოლოდ მოგონებები გარდასულ დღეთა. გონების თვალს გადაავლებ გავლილ ცხოვრებას და უნებურად ყველაზე წინ წამოიწევს იმ შეცდომების გახსენება, რომლებიც ცხოვრების მანძილზე დაგიშვია და გეუფლება მწვავე სინანულის გრძნობა.

მახსენდება ჩემი შეცდომები. ყველაზე დიდი სინანული მეუფლება მაშინ, როცა გავიხსენებ, რომ ქვეყანას არ დავუტოვე შვილების ნამატი. ხელოვნურად არ დავუშვი, რომ თუნდაც სამი შვილი მაინც მყოლოდა.

საუკეთესო მეუღლე მყავდა, ოჯახისთვის თავდადებული. ის მთხოვდა, ორის გარდა, კიდევ მყოლოდა შვილები, მაგრამ არ დავუჯერე და ამას ვნანობ. ვაღიარებ ჩემს შეცდომას და დანაშაულსაც კი.

ვევედრები ახალგაზრდა ქართველ დედებს: ძვირფასებო! თუ სამშობლო და თავი გიყვართ, ნუ დაუშვებთ ჩემნაირ შეცდომას. სამი შვილი მაინც (თუმცა სამიც ცოტაა) დაუტოვეთ საფიცარ სამშობლოს!
თამარ ჯაჭვაძე, პენსიონერი პედაგოგი

ბეჭდვა
1კ1