ჩვენ დავბრუნდით...
ჩვენ დავბრუნდით...
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში" , რომელიც ემიგრანტებზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ ფილმს, "მიწის სჯულს" ეძღვნება.

გადავათვალიერე ინტერნეტი და მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს წავაწყდი ამ ფილმისას, რომლის ნახვამაც, სხვათა მსგავსად, მეც ცრემლი მომგვარა და ჩამაფიქრა...

"...წასვლისას რას წარმოიდგენდნენ, რომ ავადმყოფი მშობლები უიმათოდ მიებარებოდნენ მიწას", - კითხულობ ზემოაღნიშნულ წერილში ემიგრანტებზე და გული გიკვდება... არადა, სწორედ თავიანთი ახლობლების გადასარჩენად და დასახმარებლად მიატოვა უამრავმა ქართველმა იძულებით სამშობლო...

სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ თვით ემიგრანტი ჰპოვებს ხოლმე უცხო მიწაზე სამუდამო განსასვენებელს. ამ რამდენიმე წლის წინათ, ქალაქ ტალინში, იქაურთათვის საკმაოდ ცნობილი ახალგაზრდა ქართველი ექიმი გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიალზე შეკრებილ ხალხს გარდაცვლილის ესტონელი კოლეგა, ხანშიშესული მამაკაცი გამოეყო და უსაზღვროდ გულისამაჩუყებელი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა, ბოლოს კი თვალცრემლიანმა დაუმატა: "მენანები, თემურ, ძალიან მენანები, მზიური საქართველოს შვილი ჩრდილოეთის ამ ცივ მიწას რომ უნდა მიებაროო..." ყველას ცრემლი მოერია, გულწრფელი სინანულისა და თანაგრძნობის ცრემლი...

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შვილებმა და არაქართველმა მეუღლემ გადაწყვიტეს ასე და მათ ნებას წინ ვერ აღუდგნენ ახლობლები და მეგობრები. ასე მიიბარა კიდევ ერთი ქართველი უცხო მიწამ... ასეთი შემთხვევები კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არც თუ იშვიათია, განსაკუთრებით შერეული ქორწინების დროს...

ემიგრანტების თემა ჩემთვისაც ძალიან ახლობელი და მტკივნეულია... ჩემი ვაჟიშვილი საკმაო ხანია ოჯახთან ერთად სამშობლოდან შორს, ბალტიისპირეთში ცხოვრობს. უფროსი შვილიშვილი - ანა - ორი წლისა იყო, როცა მშობლებმა ესტონეთში წაიყვანეს, ამჟამად იგი ტალინის რეალური გიმნაზიის მეშვიდე კლასის წარჩინებული მოსწავლეა, რამდენიმე წლის წინათ მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემაში "ანა-ბანა", ორჯერ მონაწილეობდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში, სადაც ნომინანტიც კი გახდა, წარმატებით თამაშობს ჩოგბურთს.

ესტონეთში დაიბადნენ ანას და-ძმა - ნიკოლოზ და ელენე ბარათაშვილები. ელენე - ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ნათლულია, იგი ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა, საბავშვო ბაღში დადის, უამრავი ქართული ლექსი იცის თავისი დედიკოს წყალობით და მოუთმენლად ელოდება საქართველოში დაბრუნებას.

"ჩვენ დავბრუნდით" - ასე დავასათაურე წერილი. დიახ, შარშან, როცა ჩემს შვილიშვილს - ნიკოლოზს, სასკოლო ასაკი შეუსრულდა, ოჯახში მივიღეთ ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება და მასთან ერთად აქეთ გამოვეშურე...

ახლა პატარა ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელია და მასავით უცხოეთიდან დაბრუნებულ თანაკლასელებთან - ანასტასია მაჭავარიანთან, ქეთი კიპაროიძესთან, დიტო ფოცხვერიასა და სხვებთან ერთად, საყვარელი მასწავლებლის, ირმა მეზვრიშვილის დახმარებით მშობლიურ ქართულს ეუფლება.

ვლოცულობ და უფალს შევთხოვ, რომ არა მარტო ჩემი ოჯახის იქ დარჩენილმა წევრებმა, არამედ სრულიად ქართველობამ გაიზიაროს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწოდება და დაუბრუნდეს თავის ფესვებს, ფუძეს, რათა აქ შეძლოს ღირსეულად ცხოვრება, მამულის გაძლიერება და გამთლიანება.

სათქმელი ძალიან ბევრია. უფრო გრძელი ისტორიით თავს არ შეგაწყენთ და გთავაზობთ რამდენიმე საკუთარ ლექსს, რომელთაგან ნაწილი სწორედ უცხო ქვეყანაში ცხოვრების პერიოდშია დაწერილი.

ივნისი კაცხში
მოლზე შრიალებს ტალღა გვირილის
და ზღაპარში ხარ, ასე გგონია,
ისე კარგია ამ დროს ტირილი,
სიმღერა მასთან მონაგონია...
ბალახში ეძებ ჭიამაიას,
წინანდებურად რომ უთხრა - "ფრინდი",
სოფელს ახურავს ცის დარაია
და ეფინება ღელისპირს ბინდი.
ივიწყებ წარსულს, სევდიანს ასე,
სიცილ-ტირილის ცრემლები გდიან
და ბალახების სურნელით სავსე,
სახლში ბრუნდები ძალიან გვიან...
გაცილებს მოლი წერწეტ გვირილით,
ზღაპრის ქალი ხარ, ასე გგონია,
ისე კარგია ამ დროს ტირილი,
სიმღერა მასთან მონაგონია...

იერუსალიმი
ვკოცნი სათუთ წმინდა მიწას
ესოდენ ნანატრს,
აქ მარიამი ყრმა იესოს
უმღერდა ნანას,
რა ახლობელი, რა ნაცნობი
ჰანგები მესმის,
ლერწმის სალამურს ჩვენებურად
აკვნესებს მწყემსი...
აძოვებს ფარას გარუჯული
არაბი ბიჭი,
რას ვგრძნობ? არ ვიცი, გადმოცემა
ძალიან მიჭირს...
ბეთლემი
კამკამა წყალი, წმინდა ზეთი და
ველის ყაყაჩო ასე პატარა,
ასე მგონია, ნაზარეთიდან,
თვით ღვთისმშობელმა გამომატანა.

ნაზარეთი
ვმღერით ხმადაბლა
მშობლიურ ჰანგებს,
ვგრძნობ, უცხოელიც
ფეხს ითრევს განგებ -
"იტალიანო!" - ვპასუხობთ წამსვე...
რაღაც ვუთხარით,
მან რაღაც გვითხრა,
მერე ერთმანეთს
ხელს ვუქნევთ დიდხანს,
რა საჭიროა სიტყვები ამ დროს -
ღიმილიც კმარა, ნაღდი და სანდო...

ტალინი, ძველი ქალაქი
მე შორიდან გეფერები,
მონატრება მომეძალა,
შენ მანდედან გამამხნევე
და გაძლების მომეც ძალა...
მე ფიქრებში დღე და ღამე
გლოცავ და ვღვრი
შენთვის ცრემლებს,
შენ მანდედან მითხარ რამე,
თბილი ხელი შემაშველე...
თრთოლვით ველი დაბრუნებას,
გაისამდე არ დავიცდი,
მე მიყვარხარ, ჩემო მიწავ,
შენ, ვაითუ, დაგავიწყდი...

იზო ცარციძე

ბეჭდვა
1კ1