წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩემო ძვირფასო "კარიბჭე"!
დღეს, ფასეულობათა "გადაფასების" ჟამს, თქვენი ჟურნალი მართლაც უდიდეს საქმეს აკეთებს და უანგაროდ ეხმარება ხალხს, იხელმძღვანელონ საღვთო კანონებით, რაც ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც ბედნიერების მომტანია. ღმერთმა დაგლოცოთ.

როცა უფალი ყველამ მოიძულა და სასიკვდილოდ გაიმეტა, მის მარჯვნივ ჯვარცმულმა ავაზაკმა სწორედ მაშინ აღიარა იგი და ჯილდოდ სასუფეველი მიიღო. ყველა მორწმუნე მოწიწებით იხსენებს იმ ავაზაკის საქციელს, მაგრამ ბაძავს კი მას? ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენ მეტწილად მაცხოვრის ჯალათების მხარეს ვდგავართ. დღეს კაცობრიობა უკვე მერამდენედ აცვამს ჯვარს უფალს: ჯვარს აცვამს ღალატითა და ჩაგვრით, გაუტანლობით, უსიყვარულობით უფლისა და ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ხომ ყოველ ნაბიჯზე გულს ვტკენთ უფალს, ყოველ ნაბიჯზე ვღალატობთ, მოყვასს არ ვეხმარებით, გლახაკს საზრდელს არ ვუწილადებთ, სნეულს არ შევეწევით, არ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის და ჩვენს ავისმქმნელს სიავეს არ ვპატიობთ, ერთმანეთის ცუდი გვიხარია, მოყვასისათვის კეთილი სიტყვა გვენანება... უფალი კი გვასწავლის: "რაც გაუკეთეთ ერთს ამ მცირეთაგანს, მე გამიკეთეთო".

იწყება კი ჩვენი ყოველი დღე იმაზე ფიქრით, ვის რა უჭირს, ვის რითი დავეხმაროთ? ვთხოვთ პატიებას ჩვენგან გულნატკენ ადამიანებს? ხოლო თუ არა, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას - მარხვას, ლოცვას, მეტანიებს? ამით ხომ ფარისეველთ ვემსგავსებით, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ სჯულს, სულით კი არ იყვნენ მოსიყვარულენი და მოწყალენი. ვაითუ ჩვენც მათსავით შვიდგზის ვაი გვითხრან საშინელ სამსჯავროზე? რამდენი შემთხვევა გვეძლევა ყოველდღიურად, რომ მოყვასს სიყვარული და სითბო გავუზიაროთ, ჩვენ კი გულგრილნი ვრჩებით... ყოველი ადამიანი, რაგინდ გლახაკი, დამცირებული თუ პატივაყრილიც არ უნდა იყოს, ხომ ღვთის ხატია! როცა ვეხმარებით მოყვასს, ამით ხომ ჩვენს ტკბილ იესოს ვემსახურებით! როცა განვიკითხავთ მოყვასს, ამით ხომ უფალს განვიკითხავთ!

თუ უფლის ერთგულნი არ ვიქნებით, მაშინ ნუღარც მოველით მასთან ერთად ნეტარებას. მაცხოვარმა ხომ ყველაზე უკეთ იცის, სად არის ადამიანის გული - უფალთან თუ წარმავალსა და ბილწთან.

ჩვენ თითქმის არ ვფიქრობთ განკითხვის დღეზე, როცა უფალი ყველაფრისთვის პასუხს მოგვთხოვს. უფლის სამსჯავროზე ხომ ყოველი წუთისთვის ვაგებთ პასუხს, რომელიც კი ღვთისთვის არასათნოდ დაგვიხარჯავს. რა საშინელი იქნება მაშინ განაჩენი! რა დიდი იქნება გულდაწყვეტა, რომ სამუდამოდ დავაკლდებით მართალთა სიხარულს!

მაშ, ახლა მაინც ვიფიქროთ გამოსწორებაზე, მოწყალებასა და სიკეთეზე - ერთადერთ საუნჯეზე, რაც სულის ხორცთან გაყრის დროს იმქვეყნად წაგვყვება. ღმერთმა ყველას მოგვცეს სიკეთის უანგაროდ და სიყვარულით კეთების ნიჭი. უფალი შეგვეწიოს!
უდიდესი პატივისცემით
თეა ჭოველიძე, თბილისი


საინტერესო ჟურნალი ბევრია, მაგრამ ისეთი, გულს რომ სიხარულით ავსებდეს - ცოტა. "კარიბჭე" სწორედ ასეთია - მართლმადიდებლის გულს სიხარულს ჰგვრის და იმედით ავსებს.

არა კაც ჰკლაო, ბრძანებს უფალი. რამდენი ადამიანია ამქვეყნად, საქმით შეიძლება არა, მაგრამ სიტყვით გულში რომ დაუჭრია მოყვასი ან უგულო საქციელით გული უტკენია მისთვის. იშვიათად ვინანიებთ ამას, იშვიათად გვიჩნდება სურვილი, ჩვენგან გულნატკენს მივეფეროთ და ჩვენი უდიერი საქციელი საქმით გამოვასწოროთ. სწორედ ასე დამემართა - შურისძიების მიზნით უსაყვარლეს ადამიანს გული ვატკინე. ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ბოროტმა ენებმა ისე არივ-დარიეს ჩვენი ურთიერთობა, რომ ერთმანეთს დასანახავად ვეღარ ვიტანდით. ისიც მორწმუნეა და მეც, მაგრამ არც ერთი არ ვიხევთ უკან, არც ერთი არ ვთმობთ, რომ ერთმანეთს პატიება ვთხოვოთ და ძველი მეგობრობა აღვადგინოთ. ის "კარიბჭის" ერთგული მკითხველია და მინდა, სწორედ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვთხოვო პატიება, ემოციებს რომ ავყევი და გული ვატკინე. ალბათ, უფლება არ მაქვს, ადრინდელი ურთიერთობის აღდგენა ვთხოვო, მაგრამ მინდა იცოდეს: როგორც წინათ, ახლაც უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან, ძალიან მიყვარს. ჩვენ ხომ უამრავი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, ჩვენ ხომ მრავალჯერ ვდგომივართ ერთმანეთს გვერდით და ურიცხვი განსაცდელი ერთად გადაგვიტანია.

ჩემო ირაკლი, მაპატიე! ასე არ უნდა მომხდარიყო, ალბათ მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა და შენთვის დამეჯერებინა, მოგვიანებით დავრწმუნდი შენს სიმართლეში, მაგრამ ბოდიშის მოხდა მიჭირდა. ნამდვილად არ იმსახურებდი გულისტკენას - შენ ხომ აურაცხელი სიკეთე გაგიკეთებია ჩემთვის. კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიე!

ჩემო საყვარელო "კარიბჭის" მკითხველებო, ვეცადოთ, საქმით თუ სიტყვით მოვეფეროთ ერთმანეთს, ვანუგეშოთ, ცხოვრება გავუხალისოთ. ამქვეყნად ხომ ისედაც უამრავი განსაცდელია! რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ადამიანი სულიერი თანადგომის მეოხებით გამკლავებია დიდ გასაჭირს. ღმერთი განუწყვეტლივ აყურადებს ჩვენს გულისცემას. მაშ, ვიყოთ გულით ფაქიზნი ერთმანეთის მიმართ. ადამიანი ხომ საოცრად მგრძნობიარეა - ხშირად ერთი შემოხედვაც კი უცვლის განწყობას...

რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც შემოგბედავთ: შევუნდოთ, დაჭრილი გული გავუმრთელოთ მოყვასს, გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარული ხომ ყველაზე მეტად ამშვენებს ჩვენს ცხოვრებას.
სიყვარულით, თქვენი ერთგული მკითხველი
ზურა მესხი
ბეჭდვა
1კ1