ეკალი ალბათ ცოდვასთან გამოთხოვების სიმძიმეა
ეკალი ალბათ ცოდვასთან გამოთხოვების სიმძიმეა
ადამიანი, რომელიც უფლის მადლს შეიცნობს და მის გზას დაადგება, ნელ-ნელა თავადაც უნდა შეიცვალოს. უფალმა რომ მოწაფეების წინ ფერი იცვალა, ალბათ ადამიანებს ისიც ანიშნა, როცა მე შემომიდგებით, კაცობრივი ბოროტებანი უნდა დათრგუნოთ და შეიცვალოთო. ცოტათი მაინც ვეცადოთ ჩვენში დაბუდებულ უკეთურობათა უკუგდებას. აბა, რა აზრი აქვს ეკლესიაში სიარულსა და მარხვა-მწუხარებას, თუ ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი დაუთრგუნავი მანკიერება ისევ შეგვახსენებს თავს?

მანანა, 40 წლის: ბავშვობიდან საშინელი ხასიათი მქონდა, თუ რამეს ავიჩემებდი, ვაი მას, ვინც არ შემისრულებდა. ისე მყავდა მთელი ოჯახი აფორიაქებული, ჩემს დანახვაზე ბებია-ბაბუაც კი იშმუშნებოდა. ასე ვიყავი სკოლაშიც და ჩემთან ვერავინ მეგობრობდა - ნიჭიერსა და ხუთოსანს, ყველა გამირბოდა. ისედაც გამორჩეული ვიყავი, მაგრამ ეს არ მყოფნიდა, კიდევ მეტი მინდოდა. დედმამიშვილებს მშობლებთან ვაბეზღებდი, დედაჩემი რომ რომელიმეს მიეფერებოდა, ბოღმისგან მთელი ღამე ვტიროდი, მამა ყველას საჩუქრებს მოგვიტანდა და მაინცდამაინც ის მომწონდა, რომელიც ჩემი დისთვის ან ძმისთვის იყო განკუთვნილი. ასე ვიცხოვრე დიდხანს და თუმცა ნიჭიერი და ლამაზი ვიყავი, ვერც ოჯახი შევქმენი და პროფესიული თვალსაზრისითაც ვერაფერს მივაღწიე... განგებამ ეკლესიაში მომიყვანა და ჩემი მოძღვრის დიდი მონდომებითა და მოთმინებით ნელ-ნელა დავთრგუნე ჩემი უხასიათობა, თუმცა ახლა ვფიქრობ, ეს მხოლოდ უხასიათობა არ იყო, - ბოროტი სული ცდილობდა ჩემს დამორჩილებას.

დავითი, 43 წლის: ადამიანის სრული გარდაქმნა მხოლოდ უფალს შეუძლია, ისიც იმ შემთხვევაში დაგვეხმარება, თუ ჩვენი სურვილიც მისას დაემთხვევა. ახლა მიმძიმს ყოველივე იმის გახსენება, მაშინ რომ მაწუხებდა, როცა პირველად შევაღე ეკლესიის კარი. ჩემი უდიდესი ცოდვა სიზარმაცე იყო. ვზარმაცობდი ყველგან: სკოლაში, სახლში, მერე სამსახურშიც და ამის გამო უსიამოვნებები არსად მაკლდა. დავცოლშვილდი, მაგრამ ვერაფრით დავაღწიე თავი ამ ვნებას. გამრჯე და ოჯახისთვის თავგადაკლული ქალი შემხვდა, მაგრამ შვილები რომ გვეყოლა, უკვე ვეღარ აუდიოდა საქმეს. პურზეც კი არ მივდიოდი, სამსახურიდან დაბრუნებული მაშინვე ვიძინებდი, ხოლო შაბათ-კვირას დაღლილობას ვიმიზეზებდი და დღეში ალბათ სამჯერ ვისვენებდი.

ერთხელ მასაც უღალატა მოთმინებამ და ბავშვებიანად თავის მშობლებთან გადაბარგდა. შენი ატანა აღარ შემიძლია და სანამ უარეს ცოდვას ჩავიდენ, დროზე უნდა ვუშველო თავსო, - შემომითვალა. ვერ გეტყვით, რომ მაშინვე ამეხილა თვალი, მაგრამ ერთხელ უსაქმურობით დაღლილი მეგობარს ეკლესიაში წავყევი. თავდაპირველად გამიჭირდა დგომა, რამდენიმეჯერ გამოვედი გარეთ და ჩამოვჯექი. ვფიქრობდი, ახლა თუ გადავრჩი, ჩემს დღეში აქ ცხვირს აღარ შემოვყოფ-მეთქი, მაგრამ... რაც უფრო გადიოდა დრო, უფრო და უფრო მენატრებოდა იქაურობა. კვირა დილით მე თვითონ დავურეკე მეგობარს და ვთხოვე, უჩემოდ არ წახვიდე-მეთქი. მერე აღსარებაც ვთქვი, მაგრამ ჩემი ცოდვა - სიზარმაცე - იმდენად უხილავი იყო, ვერ მივხვდი და ყველა უბედურება ჩემს ცოლს დავაბრალე. მოძღვარი ჩაფიქრდა და ისეთი კითხვები დამისვა, გონს მომიყვანა. მიმახვედრა, რომ დამნაშავე მე ვიყავი და ის დამღუპველი სიზარმაცე უნდა დამეთრგუნა. მართალი გითხრათ, თავიდან არაფერი გამომდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცას მივაღწიე და მივხვდი, რა სჭირდებოდათ ჩემს ახლობლებს ჩემგან.

ხანდახან ვაანალიზებ წარსულს და ვხვდები, სიზარმაცემ როგორ შვა პატივმოყვარეობა (ანდა პირიქით): "დიახ, ყველა მე უნდა მემსახუროს, მე ამას ვიმსახურებ!" - ვფიქრობდი გულისგულში... ჩემი ფერისცვალება უფალმა მოინდომა, მისი შეწევნა რომ არა, არაფერი გამომივიდოდა.

ნათია, 28 წლის: ეკლესიაში მისვლას და ქრისტიანულად ცხოვრებას რომ გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ ბევრი რამის დათმობა და შეცვლა მოგიწევს. თუ უკეთესი არ გახდები, მონანიება რაღა საჭიროა? უარი უნდა თქვა იმაზე, რაც ხელს გიშლის, რომ უკეთესი იყო.

ფერისცვალება ქრისტეს შეცნობასთან ერთად უნდა მოხდეს. უფლისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანიაო, ამბობენ. ეკალი ალბათ ცოდვასთან გამოთხოვების სიმძიმეა - ჭირს გემრიელ ჭამა-სმაზე, გართობაზე, სიმდიდრეზე უარის თქმა. მაგრამ ქრისტესმიერ მადლს თუ დაეწაფები, მიხვდები, რომ როცა სიცოცხლე დამთავრდება, აქედან ვერაფერს წაიღებ იმ შენი სიკეთის გარდა. ჩვენ, ადამიანები, თითქმის არ ვფიქრობთ გარდაცვალებაზე, არადა საკუთარი თავი უფრო ხშირად რომ წარმოვიდგინოთ საიქიოს გზაზე მიმავალი, იქნებ ნაკლები გვეფიქრა ამაო განცდებსა და ხორციელ კეთილდღეობაზე... აბა, მე რა მაქვს სათქმელი, მაგრამ ერთი კია - ისეთი ცოდვები დავთრგუნე, რომელთა წყალობითაც ჯოჯოხეთის კარიბჭე მქონდა ღია... სხვათა განკითხვას ვერიდები, რადგან, ჩემი აზრით, ვერავინ დაიტრაბახებს, ამა თუ იმ ცოდვას არ ჩავიდენო. ახლა მე ბედნიერი ქალი ვარ, უფალმა მომცა საკუთარი თავის შეცნობის ძალა. ღმერთს ვევედრები, სანამ დედამიწაზე დავაბიჯებ, ჩემს გაკეთილშობილებაზე ხელი არ აიღოს.
ბეჭდვა
1კ1