წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩემო უძვირფასესო "კარიბჭევ"!
თქვენ ათასობით მართლმორწმუნის გულს ღვთიური სიყვარულით ათბობთ. ამისთვის ღმერთმა გაგაძლიეროთ.
ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, მიწიერ ცხოვრებაში მოვიპოვებთ მომავალ ცხოვრებას - მარადიულ ნეტარებას თუ დაუდევრობით თავს გავწირავთ მარადიული ტანჯვისთვის. სამწუხაროდ, მარადიულობაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებთ ან ძალიან იშვიათად, რაც ჩვენი სულებისთვის საზიანოა. გვავიწყდება, რომ ამქვეყნად ყოველთვის გვაქვს არჩევანი და რაც მეტ ღვთის სათნო არჩევანს გავაკეთებთ, ეს, უპირველესად, ჩვენვე წაგვადგება მარადიულობაში. რა კარგი იქნებოდა, რომ ყოველი მორწმუნე ასე ვაზროვნებდეთ, მაშინ ღვთის მადლი და წყალობა მეტი იქნებოდა როგორც ჩვენზე, ისე ჩვენს სამშობლოზე. საშინელ სამსჯავროზე ხომ უფალი ყოველი სიტყვისა და საქმისთვის, ფიქრისთვის მოგვკითხავს პასუხს. ვეკითხები ჩემს თავს და ყველას - სერიოზულად ვფიქრობთ ღვთის სამსჯავროზე? მგონი, არა და ამიტომ გვაქვს ნაკლები სინანული და გამოსწორების სურვილი. ვამბობთ, ცოდვილები ვართ, უღირსებიო, მაგრამ თითქმის არაფერს ვაკეთებთ, რომ ღვთის მსგავსნი გავხდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, ხოლო იმის აღიარება, რომ ცოდვილები ვართ და არ ვცდილობდეთ გამოსწორებას, ორმაგად ამძიმებს ჩვენს სულს. ადამიანებს, სამწუხაროდ, გვეზარება საკუთარი თავის ღვთის სათნოდ გარდაქმნაზე ფიქრი და ვკმაყოფილდებით იმის აღიარებით, რომ ცოდვილნი ვართ. ყოველ აღსარებაზე თითქმის ერთსა და იმავე ცოდვებს ვაღიარებთ მოძღვართან. ხომ არ ვემსგავსეთ ფარისევლებს, რომლებისთვისაც მთავარი რჯულის გარეგანი აღსარება იყო და ნაკლებად ზრუნავდნენ შინაგანზე - მოწყალებაზე, გულისხმიერებაზე, ჭეშმარიტ მოყვასის საცხოვნებელ ლოცვაზე, შინაგან სიწმინდეზე, რასაც, რა თქმა უნდა, განაპირობებს მრავალი რამ და მათ შორის ღვთის სათნო ჩაცმულობა, ბილწი ტელეგადაცემების უარყოფა, თვალების და ყურების მარხვა ღვთისთვის და ჩვენი თავის ცხონებისთვის და ა.შ. ჩვენ კი მხოლოდ გარეგნულად გვსურს ღვთის ჩვენკენ მოწყალებით მოდრეკა, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოვა - ღმერთმა ხომ ყოველი ჩვენი ფიქრი და აზრი ძალიან კარგად იცის, იცის, რომ ჩვენ ცხონებისა და მარადიულობისთვის მზადებას ნაკლებ დროს ვუთმობთ, რაც აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სიკვდილის ხსოვნის ნიჭი, რაც, წმინდა მამათა აზრით, ერთ-ერთი მთავარი ნიჭია, დავიწყებული გვაქვს და ამიტომაც არა გვაქვს გამოსწორების სურვილი. ღმერთმა ყველას გამოგვასწორებინოს მანკიერებანი.
პატივისცემით
ზურაბ ზურაბიშვილი, თბილისი


ძვირფას "კარიბჭის" რედაქციას!
დიდ სიხარულს ანიჭებს ყოველ ქართველს თითოეული თქვენი ნომერი.

თუმცა ყოველთვის მორწმუნე ვიყავი, მაინც ვფიქრობდი, ადამიანს გონება იმიტომ აქვს მოცემული, რომ თვითონ მოიგვაროს პრობლემები-მეთქი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი ლოცვას. ჩემი საქციელის მცდარობაში საბოლოოდ დავრწმუნდი... წმინდა წერილი ბრძანებს: კაცთაგან შეუძლებელი შესაძლებელია ღვთისაგან. დიახ, ეს ასეა, ყველაფერს ხომ ჩვენს საცხოვნებლად უფალი წარმართავს, თუ ჩვენც ცოტა დავეხმარებით საკუთარ თავს. სწორედ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენში უცვლელობა, რაც ლოგიკურად წარმოშობს ათასობით პრობლემას. უფალი ხომ ბრძანებს, რომ ადამიანთა მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით გადარჩება. როდესაც უფალს სათანადოდ არ ვთხოვთ შეწევნას, რატომ გვგონია, რომ უფლის გვერდის ავლით მოვაგვარებთ პრობლემებს? ყველაფერი ხომ უფლის ნებით ან დაშვებით ხდება. ამდენი პრობლემა იმიტომ გვაქვს, რომ სათანადოდ არ ვლოცულობთ. ლოცვა არაა მარტო დილა-საღამოს დაზეპირებული ლოცვების წარმოთქმა, ადამიანს უფალი ყოველთვის უნდა ჰყავდეს თვალსაწიერში, რათა მისი მადლი მუდმივად მასთან იყოს. ეს შეუძლებელი სულაც არ არის. ხომ ვიცით, რა არის კარგი. გავაკეთოთ კარგი სულის საცხოვნებლად. ერთ-ერთი სახეობის ლოცვა არის მოწყალება და კეთილი საქმეები. ესენი აღძრავენ უფალს ჩვენი ლოცვის შესასმენად. ბიბლია გვიდასტურებს, რომ უფლის ყურები მხოლოდ მოწყალე და ღვთის ნების აღმსრულებელთა ლოცვას შეისმენს. როცა არჩევანი გვაქვს, ვფიქრობთ კი, მოეწონება თუ არა ჩვენი არჩევანი უფალს? და თუ ხშირად უფლის ნებას და მცნებებს ვეწინააღმდეგებით, რატომ მოვითხოვთ მისგან, ჩვენი ლოცვა-ვედრება შეისმინოს? რამდენად ვცდილობთ საქმით ჩვენი თავის გამოსწორებას? ვიყოთ ერთმანეთის მიმართ უანგაროდ მოწყალენი, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, ვილოცოთ სხვებისთვის, სიკეთე ვაკეთოთ ჩვენი ცოცხალი თუ გარდაცვლილი მოყვასის თუ მტრების მიმართ, დავიცვათ ჩვენი თავი წმინდად, ვიყოთ მიმტევებლები, ვიყოთ მოწყალენი და ვეცადოთ, ყოველი არჩევანის გაკეთებისას უფლის გზა ავირჩიოთ და უფალიც მხოლოდ ამ შემთხვევაში შეისმენს ჩვენს ლოცვას.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით
გიორგი, ქაშვეთის ეკლესიის მრევლი, თბილისი
ბეჭდვა
1კ1