განა იოლია, ამდენი ტკივილი ატარო გულით?
განა იოლია, ამდენი ტკივილი ატარო გულით?
მოძღვარს ისე უნდა ვირჩევდეთ, როგორც კარგ მკურნალს. აბა, უვიც, ანგარ და უხეში სულის პატრონ ექიმთან ვინ მივა თავისი ნებით? მოძღვარი "ჩინებული კაცი უნდა იყოს და არა ამაყი, მკაცრიც და მოწყალეც, განმგებელიცა და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარულიც, პირუთვნელიცა და მაამებელიც". მოძღვარი სულის მკურნალია, მაგრამ ჩვენც უნდა მივეხმაროთ, რათა სწორი რჩევა მოგვცეს და უფლისკენ მიმავალ გზაზე დაგვაყენოს, თორემ, დიდი რუსთველისა არ იყოს, თუ არ ვეტყვით ჩვენს სატკივარს, თუ არ გავენდობით, "რაგვარ გვკურნოს"!

სანდრო, 37 წლის: მოძღვრის არჩევისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, არა იმიტომ, რომ მოძღვარს რაიმე შეეშლება ან ჩვენზე ნაკლები ესმის და ვერ გაგვიგებს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მივუსადაგოთ ჩვენი ინტერესები, რომლებიც მან უთუოდ უნდა მიუსადაგოს უფლის მცნებებს. ეს მცნებები არ არის განყენებული, ადამიანურობისგან დაცლილი, უტყვი კანონები; ეს არის ის, რისი შესრულებაც შეუძლია ადამიანს და წარმოიდგინეთ, როგორი საამური იქნებოდა ცხოვრება, ყველა რომ სწორად ცხოვრებაზე ფიქრობდეს.

ჩემი მოძღვარი, რომელთანაც საკუთარი სურვილით მივედი, ჩემთვის მხოლოდ მასწავლებელი კი არა, მეგობარიც არის.

ჩემი მოძღვარი დაუღალავი მოღვაწეა, განსაკუთრებით გზასაცდენილ ბიჭებზე ზრუნავს. ბევრი მისი დიდი მოთმინებისა და დაუღალავი შრომის წყალობით მოეგო გონს. ერთმა ისიც კი მითხრა, ისევ რომ წამიცდა წამლისკენ ხელი და ეს რომ აღსარებაში ვთქვი, ჩემს მოძღვარს სულ ოფლი ასხამდაო. ასე განიცდის ყველას ბედს - ვიცი, რომ ამით უფალს შორდებიან და ამაში ჩემს ბრალსაც ვხედავო.

სოფიო, 55 წლის: ჩემს მოძღვარს დიდი მრევლი ჰყავს. ვფიქრობდი, ნეტავ ამდენი ხალხის მოსმენასა და სწორი რჩევის მიცემას როგორ ახერხებს; ალბათ წესიერად არც კი გვისმენს-მეთქი.

ერთხელ მასთან ჩემი გოგონას კლასელი მივიყვანე. ცოტა თავქარიანი გოგო იყო... ერთხელ მთხოვა, იქნებ თქვენს მოძღვართან მიმიყვანოთო. ვუთხარი, ძალიან იღლება და იქნებ სხვა მოძებნო-მეთქი, მაგრამ მერე მაინც ვკითხე მამაოს და რაღაცნაირი შინაგანი აღფრთოვანებით დამთანხმდა. გოგონამ ისეთი სარწმუნოებრივი გულმოდგინება გამოიჩინა, განცვიფრებულმა ვკითხე, ასეთი რა გითხრა-მეთქი... სულ ორი სიტყვა, მაგრამ ისეთი ძალა ჰქონდა, სხვაგვარად ცხოვრება უკვე აღარ შემიძლიაო.

ყველა მორწმუნემ იცის, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას, მღვდელი კი ჩვენი მეგზურია, რომელმაც ზეციერ მამასთან უნდა მიგიყვანოს, მისი პირით უფალი გვარიგებს და გვმოძღვრავს. განა ცოტას ნიშნავს უფალსა და ადამიანს შორის შუამავლობა?! გახსოვთ "ბახტრიონიდან" ის ეპიზოდი, ფშაველ-ხევსურები თათრებთან საომრად რომ მიდიან და ქადაგი ხატთან განმარტოვდება? როცა "განაცრებულის სახითა" მოლაშქრეებთან გამოვა, "შემკრთალი იყო ისიცა ხატის პირისპირ ნახვითაო", - ამბობს ვაჟა. განა იოლია ღმერთისა და ხატის წინაშე დგომა და უამრავი თვისტომის ხელჩაკიდებული ტარება? იოლია, ამდენი ტკივილი ატარო გულით? ის, რაც ჩვენ უმნიშვნელო პრობლემა გვგონია, ხშირად უმძიმესი ცოდვაა. ჩვენი მოძღვრები თვალნათლივ ხედავენ, რას მივყავართ დაღუპვისაკენ და ჩვენს გამო იტანჯებიან.

ერთხელ ჩემს მოძღვარს ვკითხე, ისეთი რამ ჩავიდინე, თქვენი მრცხვენია-მეთქი. ჩემი რატომო? - ისეთი კილოთი ჩამეკითხა, მაშინვე მივხვდი, რას მიმანიშნებდა. განა მანამდე არ ვიცოდი, რომ როცა ვცოდავდი, ღვთის წინაშე ვცოდავდი, მაგრამ აღსარების დროს რატომღაც მოძღვრის წინაშე სირცხვილით ვიწურებოდი ჭირის ოფლში. როგორც ჩანს, ეს დაინახა...

ნაილი, 49 წლის: მე ქაშვეთის ეკლესიაში დავდივარ. მოძღვარი დიდხანს არ მიძებნია, მივედი და ჩემი გასაჭირი პირველივე შემხვედრ მღვდელს ვუამბე. დამიბარა, მომამზადა და აღსარებაც მათქმევინა. ჩემზე ცოდვილი ამქვეყნად არავინ მეგულებოდა და ეს ისე მაფრთხობდა, კინაღამ გადავიფიქრე. მივხვდი, რა ძნელი ყოფილა საკუთარი ცოდვების აღიარება და რა ადვილი - სხვისი უმნიშვნელო ბრალის დანახვა. იმხანად ძალიან გვიჭირდა და ღმერთს ვევედრებოდი, შვილები შიმშილისგან გადამირჩინე-მეთქი, ვწუხდი, რომ ასეთი წვრილმანის გამო უფალს ვაწუხებდი. თან სადღაც ამოვიკითხე, რომ ფულისა და სიმდიდრის თხოვნა ცოდვა იყო. მოძღვარსაც პირველად ეს ვუთხარი. შემომხედა და მშვიდად მკითხა:P"ხომ გჭირდებაო?" სულ ეს იყო, მაგრამ მყისვე ვიგრძენი, როგორ მომეხსნა ლოდი გულიდან. ღვთის ნებით, ჩვენი მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა.

დარეჯანი, 37 წლის: უმძიმესი განსაცდელი მერგო: 14 წლის ვაჟი ლეიკემიით გარდამეცვალა, ქმარმა ვერ გაუძლო ამხელა ტკივილს და ერთ წელიწადში მიჰყვა შვილს. დავრჩით მე და ჩემი გოგონა მარტონი.

ეკლესიურად მანამდეც ვცხოვრობდი, მაგრამ შვილის სიკვდილი იმხელა უბედურებაა, ზოგჯერ სასოწარკვეთა შეგიპყრობს. მივხვდი, ასე აღარ შეიძლებოდა, მოძღვარიც დამეხმარა და ჩემი საკეთებელი ორად გაიყო - ვცხოვრობდი და ვიღვწოდი მიცვალებულთათვისაც და ცოცხლებისთვისაც. მოძღვარი ხშირად შემახსენებდა იობის მაგალითს და ნებას არ მაძლევდა, უსასოობას დავმონებოდი. მოძღვარს ბევრი რამ შეუძლია. ღვთის მადლით, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ამას წლები დასჭირდა, მაგრამ გამძლეობა და მოთმინება ეკლესიამ განმიმტკიცა.

ნინო, 29 წლის: აღსარება და ზიარება რწმენის ნაწილია. ეს არის გზა უფლისკენ, რამეთუ ცოდვას ინანიებ და ცდილობ, უკეთესი გახდე, ეს კი მოძღვრის დაუხმარებლად არ მიიღწევა. რამდენი რამ არის ისეთი, რაც არ ვიცით და მოძღვარი გვასწავლის! ამპარტავნებამ არ უნდა შეგვიპყროს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრისგან მსმენია, მოძღვარი რაში მჭირდება, ღმერთს ჩემს სათქმელს თავად ვეტყვიო. ეს მცდარი აზრია. უფალს ვევედრები, ყველა ჩემს ახლობელს აუხილოს თვალი და მისგან დადგენილი შეამეცნებინოს.
ბეჭდვა
1კ1