წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩვენს საუკეთესო მეგობარს "კარიბჭეს"
ღრმა სულიერების კვალი ატყვია თქვენს ყოველ ნომერს, სადაც საშუალება გვეძლევა გავეცნოთ უამრავი ღირსეული სასულიერო თუ საერო პირის სულიერ ცხოვრებას და მოვისმინოთ ჩვენი საყვარელი წმინდანების გულისცემა. უღრმესი მადლობა.

დღეს ბევრი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს სულიერი ფასეულობების გადაფასება. ალბათ მრავალ ჩვენგანს უგრძნია, რა შესაბრალისია ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს მარადიულ ღირებულებებს: სიყვარულს, სიწმინდეს, თავმდაბლობას... ასეთი ხალხი (ღმერთმა ყველა დააყენოს სწორ გზაზე!) არც თვითონ არის ბედნიერი და ათასგვარ გზებს ეძებს, რომ როგორმე წამიერი სიამოვნება იგრძნოს. მაგრამ წამიერ ბედნიერებას ხომ ხშირად უბედურება მოსდევს...

შინაგან თუ გარეგან სიწმინდეს ბევრი, უხეშად რომ ვთქვათ, ჩამორჩენილობად მიიჩნევს. შეიძლება ზოგიერთი მათგანი მომავალში სწორ გზას დაადგეს, უფრო მეტმა კი საუკუნო ტანჯვა პოვოს. ბევრი ეძიებს დროებითს და კარგავს მარადიულს - უფალთან სამარადისო ნეტარებას. ასეთ ადამიანებს უამრავი სნეულება და განსაცდელი ატყდებათ თავზე. იქნებ დაფიქრდნენ იმაზე, რაოდენ მზაკვარი და წარმავალია წუთისოფელი და არ გასცენ ყველაზე ძვირფასი - უფლის მიერ ბოძებული სული. ჩვენც, მართლმადიდებლები, ეკლესიის მრევლად რომ მივიჩნევთ თავს, ტაძარში სხვანაირად ვიქცევით - მოწიწებით, მოწესრიგებულები (თუმცა გამონაკლისებიც არსებობს), ხოლო მაგრამ გამოვალთ თუ არა იქიდან, უმალვე გვავიწყდება უფლის მიმართ მოწიწება და ერთიანად ვიცვლებით. უფალი ჩვენი, ტკბილი იესო, ბრძანებს, რომ არ შეიძლება, ადამიანი ორ ბატონს ემსახურებოდეს. ასევე არ შეიძლება, სხვადასხვანაირად ვიქცეოდეთ უფლის სახლში - ეკლესიაში - და მის გარეთ. უფალს ყველგან და ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი. არ შეიძლება, უფლისკენ მიილტვოდე, გიყვარდეს უფალი და ამავე დროს გაფაციცებული უყურებდე სერიალებს, ბიწიერ ფილმებსა და გადაცემებს, კითხულობდე განკითხვით სავსე ჟურნალ-გაზეთებს, ყურს იბინძურებდე უხამსი რადიოგადაცემებისა და მუსიკის მოსმენით - ეს ხომ მაცხოვრის ღალატია! როცა ადამიანს ვინმე უყვარს, ყოველთვის ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ მას ასიამოვნოს, ჩვენც, თუ უფალი მართლა გვიყვარს, მით უმეტეს უნდა მოვცილდეთ ყოველგვარ გასართობს, რაც სულს ბილწავს, რაც იესოს არ მოეწონებოდა. ჩვენ ხომ მაზიარებელი ქრისტიანები ვართ, ჩვენთვის ჯვარცმული უფლის მცნებებს კი არაფრად ვაგდებთ. განა ეს შეურაცხყოფა არ არის უფლის წმინდა სისხლისა და ხორცის? იესო ხომ სწორედ იმისთვის ეცვა ჯვარს, რომ ჩვენ ცოდვას ჩამოვშორებოდით, უფლის, მოყვასის სიყვარული და სიწმინდე გვესწავლა. რა სინდისით მივეხალებით უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, რა სინდისით ვუყურებთ თვალებში ჩვენთვის ჯვარზე ვნებულ უფალს, თუ იმასაც კი არ ვცდილობთ, ვერიდოთ უხამს ჩაცმულობას, ტელეგადაცემებს, პრესას, რადიოგადაცემებს, საიდანაც დღესაც პირდაპირ თუ შეფარვით გაისმის მოწოდება: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!" უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვაქვს უფლის ჭეშმარიტი სიყვარული, მოყვასის პატივისცემა, თუ არ ვიცავთ შინაგან თუ გარეგნულ სიწმინდეს, ამით ჯვარს ვაცვამთ ჩვენს ტკბილ იესოს. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა და უფლის ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი!
სულიერი სიყვარულით
კახა ქართველიშვილი, თბილისი


უღრმესი მადლობა ასეთი ლამაზი და მადლიანი ჟურნალის გამოცემისთვის, რომელიც უდიდეს დახმარებას უწევს მართლმორწმუნეებს სულიერი ცხოვრების წარმართვაში, სულიერ წინსვლაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ასეთი რამ, რაც მე შემემთხვა, მხოლოდ პატერიკებში თუ წამიკითხავს. რა თქმა უნდა, მჯეროდა, მაგრამ პირადად რომ გამოსცდი, თითქოს უფრო მეტად გეხმარება სულიერ ფერისცვალებაში.

მოწყალება რომ უდიდესი მადლია, ეს, ალბათ, ყველამ იცის, მაგრამ ყოველთვის როდი ვიჩენთ სათნადო გულისხმიერებას განსაცდელში მყოფი მოყვასის მიმართ. ბავშვობიდანვე მორწმუნე ვიყავი და მოწყალება განსაკუთრებულ სათნოებად მიმაჩნდა, მაგრამ - მხოლოდ სნეულთა, მოხუცთა, დავრდომილთა, ხეიბართა მიმართ. მოწყალების მთხოვნელ საღსალამათ ადამიანს რომ დავინახავდი, გულში განვიკითხავდი კიდეც, მიმაჩნდა, რომ უქნარები და სხვათა შემყურენი სიზარმაცის გამო იყვნენ.

ერთხელ სიონიდან სახლში მივდიოდი. მიწისქვეშა გადასასვლელში არავის გაუკვირდება გლახაკების ყოფნა, მაგრამ ერთმა ახალგაზრდამ მაინც მიიპყრო ჩემი ყურადღება. საოცრად სევდიანი მომეჩვენა. ხელი სამოწყალოდ ჰქონდა გამოწვდილი. მიუხედავად იმისა, რომ ხეიბარი არ იყო, გულგრილად ვერ ჩავუარე და გარკვეული თანხა მივეცი. ჩვეულებისამებრ, მოველოდი, რომ მადლობას გადამიხდიდა. მოგეხსენებათ, ადამიანი სუსტია - მცირედი სიკეთის სანაცვლოდ დიდ მადლიერებას მოელის. მივეცი თანხა, მაგრამ გლახაკი დუმდა. მადლობა კი არა, არც შემოუხედავს. ამან გამაღიზიანა და გულში განვიკითხე - რა უმადური კაცი ჩანს-მეთქი. ათი-თხუთმეტი ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, რომ მოხუცის ხმა ჩამესმა: "გმადლობ, რომ დამეხმარე. მოწყალება მიღებულია". შიშმა ამიტანა და უკან მივიხედე. გლახაკი იქ არარ იყო. არც მოხუცი ჩანდა ახლომახლო.

ამ შემთხვევის შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ იმდღევანდელი განცდა არ განელებულა.

მოგვიანებით შევიძინე წიგნი მამა გაბრიელ ურგებაძის შესახებ, სადაც მისი გამონათქვამები და მის ახლობელთა მოგონებები იყო თავმოყრილი. და აი, ერთგან მამა გაბრიელი ამბობდა: რა იცი, ვინ დგას ჩვენს წინ, ყოველთვის უნდა დავეხმაროთ ადამიანსო. იქნებ წმინდანია, იქნებ ანგელოზიაო. ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყო ის ყმაწვილი, მაგრამ მას შემდეგ მართლაც შევიცვალე. ამ შემთხვევამ (და შემდგომში რაღაც-რაღაცებზე დაკვირვებამ) დამანახვა, რომ ყველაფერი, სულ უმნიშვნელო მოვლენაც კი, უფლის განგებით ხდება. ადამიანს სიმდიდრეც და სიღარიბეც უფლისგან ეძლევა. ეს ყველაფერი გამოცდაა მომავალი, საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად, რომელიც განსაღვრავს ჩვენს საიქიო ხვედრს - მარადიულ ნეტარებას თუ მარადიულ ტანჯვას. ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, ეგებ ვინმეს დაეხმაროს სულიერ წინსვლაში.
უღრმესი პატივისცემით
თორნიკე კანდელაკი
ბეჭდვა
1კ1