წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
გილოცავთ ამაღლებას, ნინოობას და სულთმოფენობას "კარიბჭის" ყველა თანამშრომელს, ღმერთმა დაგლოცოთ და არ მოგაკლოთ ზეციური სიხარული, მოგცეთ ძალა, რომ ბოლომდე ემსახუროთ თქვენი კეთილი საქმეებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნუგეშს პოულობენ ამ ჟურნალით, ნუგეშს, რომელსაც უფალი უსასყიდლოდ გვჩუქნის, ვინც გულით მივენდობით და ყველაფრისთვის მადლიერნი ვიქნებით.

უფალზე მინდობა მოგვიტანს იმედს, იმედი - სიხარულს, სიხარული კი სიყვარულს, რომლებსაც სხვებსაც გავუნაწილებთ და დავეხმარებით უსასყიდლოდ, როგორც მე მასწავლა და დამეხმარა ჩემი სულიერი მოძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე. მადლობა მას ამ წყალობისთვის. ღმერთს ვთხოვ, ყველას შეგვაძლებინოს, ისეთი სულიერი შვილობა, როგორიც იყო იოანე ღვთისმეტყველი, რომ ბოლომდე ვყოფილიყავით უფლის და მოძღვრის ერთგული შვილები, მათი სიხარულით ვხარობდეთ, მათი ტკივილი გვტკიოდეს, რომ შესძლებოდეთ იმ უმძიმესი ჯვრის ტარება, რასაც სულიერი მოძღვრობა ჰქვია. ვისაც არა ჰყავს, უფალმა უწყალობოს, რადგან სულიერი მოძღვარი ხორციელ მშობლებზე აღმატებულია.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ნინო, გორი

ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ!
ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია გაჭირვებისას უფლისადმი ვედრებას, მაგრამ იშვიათად გამოვხატავთ მადლიერებას მის მიმართ. ხშირად, როცა განსაცდელი გაივლის, აღარც უფალი გვახსოვს...

ყოვლად უჭირველ უფალსაც სწყურია მისადმი მადლიერების გამოხატვა და ეს კარგად გამომჟღავნდა თუნდაც ათი კეთროვნის განკურნების შემთხვევაში, როცა ცხრამ უფლის მიმართ უმადურობა გამოიჩინა. უფალს მადლიერება სჭირდება არა იმიტომ, რომ რამე უჭირს, არამედ იმიტომ, რომ იგი ყოვლადსამართლიანია და ყოვლადსამართლიანობა მოითხოვს სამართალს - ანუ მადლიერი იყო იმ სიკეთისთვის, რასაც უფალი გვიწყალობებს. ასეთი სიკეთეები ხომ უამრავია: ჩვენს ამქვეყნად მოვლინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ახლობლები, რომლებიც, როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ღმერთმა მიწიერ ანგელოზებად მოგვივლინა (მაგრამ ხშირად ვერ ვაფასებთ მათ), ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი სილამაზე (ყოველი ადამიანი ხომ თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია). მოგვცა თვალები, რომ დავმტკბარიყავით უფლის მიერ შექმნილი ულამაზესი სამყაროთი, გვაქვს ოჯახები, გვყავს შვილები (ვისაც არ ჰყავს, ქალწულობა და დაუქორწინებლობა ხომ აღმატებულია). ყოველდღიურად უფალი გვიგზავნის დიდ თუ მცირე სიხარულს, შეიძლება განსაცდელებსაც, მაგრამ ესეც ხომ ჩვენს გამოსაცდელად არის, რათა უკეთ შევიცნოთ თავი, რაც სულის ცხონებაში დაგვეხმარება. არაერთ ადამიანს აღუნიშნავს, როდესაც განსადელში მადლობ უფალს, ეს მადლიერება ყველაზე ფასეულია, თორემ როცა კარგად ხარ, მაშინ მადლობის თქმა ადვილია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია, თუ რა კმაყოფილება და სიამოვნება დაუფლებია ადამიანს, როცა უფლისთვის გულწრფელად შეუწირავს მადლობა.

ჩვენ ხშირად უმადურობას ვიჩენთ ასევე ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ ადამიანი ჩვენდამი კეთილგანწყობილია, პატივს გვცემს, თბილ სიტყვებს არ იშურებს, ჩვენ კი ხშირად დაუმსახურებლად და უსამართლოდ გულს ვტკენთ სიტყვით თუ საქციელით და თავი ფაქიზ, მორწმუნე ადამიანებად მიგვაჩნია. საჭიროა მოვინანიოთ და გულწრფელად ვთხოვოთ პატიება ჩვენი უმადურობით გულნატკენ ადამიანებს. მადლიერების გრძნობა ხომ დიდი ღირსება და სამკაულია. ვიყოთ მადლიერნი ერთმანეთისა და უფლისა.
ვაჟა ასათიანი


უძვირფასეს "კარიბჭის" რედაქციას!
ღვთისა და მოყვასის სიყვარულის თქვენი ჟურნალის ფურცლებზე ქადაგება თავისი გულმხურვალებით მართლაც რომ გადამდებია რიგით მკითხველზე.

განსაცდელები რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს - ეს, მორწმუნე იქნება თუ ურწმუნო, ყველამ ვიცით. ხშირად ის გარედან მოვლენილი გვგონია, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, განსაცდელები ღვთისა და მოყვასისაგან კი არ მოდის, არამედ ჩვენგან. ჩვენ ვევედრებით უფალს, "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" და როცა დაუფიქრებლობის გამო (ხშირად) განსაცდელი გვეწვევა, ამას გარეშე პირობებს ვაბრალებთ. მეც უხვად მქონია განსაცდელი, მაგრამ რომ ვაცნობიერებ, ისინი, უმეტესად, უფლისგან ან მოყვასისგან კი არ მოდიოდა, არამედ ჩემი მოუზომავი და დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. ვიცი, ასე ემართება ბევრს. უფალმა მოგვცა ჭკუა-გონება, მცნებები და როცა ვიცით, რომ არასწორ ნაბიჯებს ვდგამთ და ამას უარყოფითი შედეგები და განსაცდელები მოჰყვება, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. თუ წავედით ისეთ ადგილას, სადაც, ვიცოდით, განსაცდელი შეგვხვდებოდა, თუ ხელი მოვკიდეთ ისეთ საქმეს, რომელსაც, ვიცოდით, განსაცდელი მოჰყვებოდა, თუ ადამიანს ვუთხარით ისეთი რამ, რასაც აუცილებალად განსაცდელი მოჰყვებოდა, ან თუ ვმეგობრობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობაც განსაცდელების მომტანია - საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. ღმერთმა თავისუფალი ნება და ჭკუა-გონება იმიტომ მოგვცა, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება და განვსაჯოთ საკუთარი გადასადგმელი ნაბიჯი. ღმერთმა აგვაცილოს ყოველი განსაცდელი და გვასწავლოს განსჯის და სინდისის მიხედვით მოქმედება.
ქრისტესმიერი სიყვარულით
ირაკლი ჩუბინიძე, თბილისი
ბეჭდვა
1კ1