რწმენით აღვსილები, სასოებით ვლოცულობდით ბებიასეულ ხატთან
რწმენით აღვსილები, სასოებით ვლოცულობდით ბებიასეულ ხატთან
წმინდანთა ცხოვრება სამაგალითოა ჩვენნაირი, სოფლის საცდურს აყოლილი ადამიანებისთვის. უამრავი რამ გვაქვს გასახსენებელი ქართველებს - თუნდაც ის, რომ საქართველოს "წმინდანთა დედას" უწოდებენ, თუნდაც ის, რომ მაღალი წრის წარმომადგენლებმა ყველაფერზე უარი თქვეს და ღმერთს შესწირეს თავი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გრიგოლ ხანძთელისა და მის ძმათა ცხოვრება ხომ დვრიტაა ჩვენი ცხოვრებისა, მაგალითია, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი, როგორ უნდა დააკავშირო უფალთან, რათა სულიერი მხნეობა მოაპოვებინო ერს, მძლავრებისა და კირთებისგან დატანჯულს. უზნეობა რომ მოგვეძალებოდა, ისიც სხვათაგან, სულით ამაღლებულ ადამიანს გამოგვიგზავნიდა უფალი და გადაგვარჩენდა.

გიორგი (26 წლის): - საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი წმინდანი გიორგია, ყოველ მეორე ქართველს ამიტომაც ჰქვია მისი სახელი. მეც იმიტომ დამარქვეს, რომ წმინდა გიორგის მადლით მოვევლინე ამ ქვეყანას. დედაჩემს თურმე ჩემი დის შემდეგ შვილი არ უჩნდებოდა, ბევრი უვლია ექიმებთან, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. თვითონ დედისერთას ერთ შვილზე გაჩერება ესიკვდილებოდა, რადგან იცოდა, რა სიძნელე ახლავს მხოლოდშობილებას. მორწმუნე კი ვიყავიო, - ამბობს დედაჩემი, - მაგრამ რაღაცნაირად გონება დამეხშო და არ მომგონებია, უფლისა და წმინდანებისთვის მეთხოვა შვილიერებაო. ერთხელ გონება განათებია და ქაშვეთში მისულა, წმინდა გიორგისთვის უთხოვია, - უძეოდ ნუ დამტოვებ, ისედაც დავიტანჯე მარტოობით და ჩემს შვილს ძმა მოუვლინეო. ჩემი მოზარდობის პერიოდი საქართველოს უმძიმეს წლებს დაემთხვა. დედაჩემი თვალცრემლიანი ევედრებოდა წმინდანს ჩემს გადარჩენას. გადარჩენაში სულიერი მხარეც იგულისხმება... ბევრჯერ მიგრძნია მისი ძალა, ბევრჯერ უკუღმა მიმავალი წაღმა მოვუბრუნებივარ.

ნინო (33 წლის): - წმინდანთა მეოხება რომ არ გვქონდეს, როგორ შევძლებდით ყოველ წუთსა და წამს თავდაცვას! ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მიგრძნია მათი ძალა. ერთხელ ჩემი ძმა გახდა მძიმედ ავად, სიცხით იწვოდა. დედა მის სასთუმალს არ შორდებოდა, მაგრამ ერთხელ უცებ წამოდგა და მითხრა, - ეკლესიაში მივდივარ, ღვთისმშობელს უნდა შევევედრო, მაჩუქოს შვილის სიცოცხლეო. ფერიცვალების ეკლესიის მრევლი იყო დედა. იქიდან დაბრუნებული დამშვიდებული მეჩვენა - დედებს დაუნთიათ სანთელი. ერთ-ერთს ისე უთქვამს, რომ არაფერი იცოდა, - ნუ გეშინია, შენი შვილი კარგად იქნება, ღვთისმშობელი მალე დააყენებს ფეხზეო. რწმენით აღვსილები, სასოებით ვლოცულობდით ბებიასეულ ხატთან და საბას სენი ყოველ წუთს იხევდა უკან.

დიანა (50 წლის): - უამრავი განსაცდელი შემხვედრია, მაგრამ თურმე ხორციელი გაჭირვება ადვილად დასაძლევია, სულიერი უფრო მძიმე და ძნელად თავდასაღწევი ყოფილა. საზღვარგარეთ მიმიწვიეს. 3-თვიანი ვიზა გავაფორმე. სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა. იქ უამრავი ახლობელი მელოდა. სრულიად უცხო ქვეყნის გაცნობის ინტერესიც არ მასვენებდა... გავიდა ერთ თვე და ვიგრძენი, რომ ყველაფერი მომბეზრდა, ისეთი სევდა დამეუფლა, ვერაფრით ვიქარვებდი. ჩემთვის ერთადერთი სიხარული ქართული სიტყვის გაგონება იყო. იქ ისე ვცხოვრობდი, თბილისში რომ ოცნებაც არ შემეძლო, მაგრამ... არ ვიცი, როგორ და საიდან, მაგრამ გონებაში ერთადერთხელ ნანახი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი ამომიტივტივდა. ამ წმინდანის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი ხსენების დღეს ბერძნები ეკლესიიდან გამოაბრძანებენ მის უხრწნელ ნეშტს და მომლოცველებს საშუალება ეძლევათ, წმინდანს თაყვანი სცენ. ყოველ დილით, ლოცვის შემდეგ ვევედრებოდი წმინდანს, სამშობლოში მშვიდობით დამაბრუნე-მეთქი და ასეც მოხდა - სევდა დავძლიე და მგზავრობაშიც გამიმართლა. ბევრი რამ წავიკითხე ამ წმინდანზე და ხატიც დავაწერინე. ახლა იგი ჩემი ერთ-ერთი მფარველი და მეოხია.

ელენე (48 წლის): - წმინდა ნინოსთან რაღაცნაირი, ჩემეული დამოკიდებულება მაქვს, რაღაც სხვანაირად მიყვარს. ვიცი, წმინდანებიც გრძნობენ ჩვენს გულისთქმას. ამის ნიშანი თავად წმინდანმა მომცა. უცხოეთში ვიყავი სტუმრად. სული არ მასვენებდა, ვწუხდი, რომ უკვე ერთი თვე უეკლესიოდ ვცხოვრობდი. გავიგე, რომ მეზობელ ქალაქში მართლმადიდებლური ეკლესია იყო... იქით გავეშურეთ მე და ჩემი ქალიშვილის ოჯახი. ულამაზეს პატარა ეკლესიაში სუნთქვა შემეკრა. მივხვდი, როგორ მომნატრებოდა ჩემი წმინდანები. ჩემი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ მეგონა, მელოდნენ. წირვა რომ დამთავრდა, იქვე გასაყიდ ხატებთან მივედი. მესანთლე ქალი მიხვდა, რომ უცხოელები ვიყავით და შემოგვთავაზა - საქართველოს დიდი მფარველის წმინდა ნინოს ხატი გვაქვს, ახლახან მოიტანეს ეს ერთი ცალიო. გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, მერე ვკითხე, როგორ მიხვდით, რომ ქართველები ვართ-მეთქი. თვითონაც გაუკვირდა, - რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, მაგრამ ეს ხატი თითქოს თქვენ გელოდათ, ყველას მოსწონდა, მაგრამ არავის უყიდიაო.

მარიამი (35 წლის): - ადამიანი წმინდანი მაშინ ხდება, როცა ფასდაუდებელ ღირებულებებს შესწირავს სიცოცხლეს. ასეთია ჩემთვის ყოველი მათგანი და მათ შორისაა დიდი ილია. მის შემოქმედებას ზედმიწევნით ვიცნობ და მიკვირს, ერთ ადამიანში როგორ ეტეოდა ამდენი ნიჭი და ამხელა სიყვარული საკუთარი ერისა. ილია ჭავჭავაძეს მხილების, ამასთანავე სიკეთის კეთების, ბრძოლისა და თავდადების უნარით დიდ გრიგოლ ხანძთელს ვადარებ. მათ მხრებით ზიდეს საქართველოს ბედი და გადაგვარებას აარიდეს ერი. როგორ მოვედით აქამდეო, - იკითხავს საქმეში ჩაუხედავი კაცი. მათ გასაგონად ვიტყვი, - ღმერთით, რომელიც გადასარჩენად დიდ ერისკაცს მოგვივლენდა ხოლმე.
ბეჭდვა
1კ1