წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მასიკო ზეინალიშვილი ალაზანგაღმელი ქართველია, ჰერი. კახის რაიონის სოფელ მეშაბაში (ტყისთავი) მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მრევლი, გულალალი, გულმტკივნეული მამულიშვილი. სწორედ ის და მისნაირები ინახავენ ჰერეთში ქართულ კერას. მასიკომ შვილები და შვილიშვილებიც ქართული სულით და ერთიანი საქართველოს სიყვარულით დაზარდა, იცავს მამაპაპურ წესს, პატივს მიაგებს წარსულის დიდებას, ყოველ წელიწადს ლოცვით მოივლის ქართულ ტაძრებს ჰერეთში, წინაპართა ნალოც ადგილებზე სანთლებს ანთებს და ღმერთს ქართველთა სულის გამთლიანებას, ივერიის გაძლიერებას ევედრება. წერს ალალ, წრფელ, სიყვარულით გამთბარ ლექსებს. საოცარი თვისება აქვს: ახალდაწერილ ლექსს ტაძრის წინ, ხეზე ჩამოკიდებს. ასე კითხულობს ხალხი მის გულწრფელ, სულიდან ამოფრქვეულ სტრიქონებს. გთავაზობთ ერთ მათგანს:


კასრის საყდარი
ულუმბაშს ჩახუტებია
კასრის საყდარი ჩვენიო,
მტრისგან იცავდა ქართველი,
ძალა მოსდევდა ძველიო,
საყდრების ზარის ძახილზე
აბჯარს ისხამდა ერიო.
ზურგსუკან გვყავდა დუშმანი,
დაღესტნელ-შაჰი-ხანიო,
საყდრებს არბევდნენ, ანგრევდნენ,
ჰერს დაუბნელეს თვალიო...
აღარსად ისმის ზარის ხმა...
ზოგან ისევ დგას ტაძარი,
ზოგან ნანგრევზე ინთება
სანთელი - სულის საგზალი.
არც ლოცვა, არცა გალობა,
არც ბერი - პირშებურული,
დავიწყულ კასრის საყდართან
კვნესის ბუჩქებში ბულბული.
ყორანი ბუდეს იკეთებს
მაღალ კლდეს შეფარებული,
დაბლა კი ტირის ნანგრევი,
და ხმას უერთებს ბულბული.
მიმინომ ის გაიტაცა,
თვალნ დაუხუჭა ბინდებით.
საყდარში ნადგომ ჭადარზე
ცოდვით ჭყივიან ჩიტები.
არ ისმის ბულბულის სტვენაც,
არც გვრიტის ტკბილი ენაო,
შაშვმა ჩაიცვა შავები,
ჭიკჭიკით ტირის ყველაო...
ეს არის ჩვენი სიმდიდრე, -
საყდრები ქართველებისა,
ნგრეული უნდა ვაშენოთ,
სიძველე ჩვენი ერისა.


ბეჭდვა
1კ1