ამდენი განსაცდელი გამოვიარეთ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ
ამდენი განსაცდელი გამოვიარეთ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ
მღვიძარება ქრისტიანისთვის მარადიული გულისხმიერებაა - უყურადღებობით და უდებებით იქნებ ისეთი რამ გამოეპაროს, ვერც მიხვდეს, რომ ცოდვას სჩადის. უფალმა იცის ჩვენი ვნებანი, მისწრაფებანიც და საგანგებო ლოცვებით ცდილობს ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას. ხშირად უფლის სადიდებელ და სულის გადასარჩენ საქმეს გადავდებთ და არ გვახსენდება, რომ წუთისოფელში ყველაფერია მოსალოდნელი.

ირმა (50 წლის): - ძალიან მწყდება გული და ჩემი ბრალია ის, რაც თავს დამატყდა. ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე, 6 და-ძმა ვიყავით, დედ-მამა მუშაობდა, მაგრამ ჩვენთვის ყოველი კვირადღე უფლისა იყო. ექვსივე საუკეთესო მოსწავლე ვიყავით, მაგრამ, დაღლის მიუხედავად, არასოდეს წაგვიბუზღუნია, დილას რომ გვაღვიძებდნენ. ძალიან კარგ ოჯახში გავთხოვდი, დედამთილ-მამამთილი დღესაც ცოცხლები არიან, მაგრამ... ყოველთვის მიკვირდა, არც ერთი ოჯახის წევრი ეკლესიაში რომ არ დადიოდა. შინ ხატებიც ჰქონდათ და ლოცულობდნენ კიდეც, მიცვალებულებისთვის საკურთხსაც აკეთებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი, ასე თქვათ, "საერთო დონეზე" წყდებოდა. თავიდან სექტანტები მეგონა, ჩემდა ბედად, არ გამოდგა ჩემი ეჭვი მართალი. მერე ისიც ვკითხე, მღვდელი არ გწამთ-მეთქი? როგორ არა, სასულიერო პირებს დიდ პატივს ვცემთო და ისიც ფაქტი იყო, როცა ჩემი მეუღლე ან მამამთილი ქუჩაში მდგომ სასულიერო პირს დაინახავდნენ, მანქანას გაუჩერებდნენ და დიდი მოკრძალებით სთხოვდნენ, დაბრძანდითო. როცა ჩემს მოძღვარს ამაზე ველაპარაკე, მითხრა, ეგ უფრო სიზარმაცეა და თვითონ მოეგებიან გონსო. რამდენჯერმე ვცადე, მეუღლესთვის შემეგონებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი, მეტიც, უკმეხად მიპასუხა, ეგ შენი საქმე არაა, წავალ ხვალ-ზეგო... მეც გავბრაზდი და ასევე არცთუ მშვიდად ვუთხარი - იქნებ, ის ხვალ არც გათენდეს-მეთქი. ამის შემდეგ ერთ კვირაში გარდაიცვალა მოულოდნელად... ახლა ჩემს ნათქვამზეც მწყდება გული და იმაზეც, რომ უფრო მეტი არ ვიღვაწე მისთვის, უფრო მეტი ძალა არ დავატანე ჩემს თავს.

თამილა (60 წლის):
- ჩემი უყურადღებობის გამო ბევრ რამეზე მწყდება გული და განსაკუთრებით ერთზე. უმშვენიერესი მეგობარი მყავდა, ყველაფრით შემკული. ცხოვრებაში ბევრი რამ გადახდა, ჯერ სახლი გაუყიდა ბანკმა, მერე მეუღლე დაავადდა და გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა და ხალხს ერიდებოდა. მერე გამოჩნდა. როცა მეგობრები ვიკრიბებოდით, მოდიოდა, მაგრამ მდუმარედ იჯდა. ერთხელ სვეტიცხოველში ვიყავი და დავინახე, ფეხშიშველი რომ უვლიდა ტაძარს გარშემო. ისეთი ლამაზი იყო, მთელი ხალხი მისჩერებოდა. გვერდში ამოვუდექი და მასთან ერთად ვიარე. ამის შემდეგ რაღაცნაირად მომენდო და მომეკედლა. სამსახურშიც მოდიოდა და შინაც ხშირად მირეკავდა. ხანდახან ისეთი დაღლილი ვიყავი, მოსმენის თავიც არ მქონდა, მაგრამ ვუსმენდი და ვამშვიდებდი კიდეც. ერთხელ მითხრა, მალე წავალო. რაც შემეძლო, ვეცადე, ეს აზრი თავიდან ამოეგდო, მაგრამ ამას სინანულით როდი ამბობდა, თითქოს უხაროდა კიდეც. ერთხელ შინ არ ვიყავი. ჩემი მეუღლისთვის დაუბარებია, რომ მოვა, დამირეკოსო. მეუღლემ ეს რომ მითხრა, გავბრაზდი, - მაგას საქმე არ აქვს-მეთქი. მეორე დღეს გავიგე, რომ იმ ღამეს გარდაიცვალა. აი, ასეთი შეცდომები მოგვდის და მერე თავს ვიმართლებთ.

ანდრია (40 წლის):
- მღვიძარება და ყურადღება არა მარტო ეკლესიურ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გჭირდება ადამიანს, თუმცა ყოველდღიური ცხოვრებაც და ჩვენი არსებობის ყოველი წამიც უფალს უკავშირდება. ასე მგონია, ჩვენ მხოლოდ თეორიულად ვართ ქრისტიანები. განა არ შეგვიძლია, მეტი ყურადღებით მოვეპყროთ ირგვლივ მყოფთ? რამდენს სჭირდება ჩვენი კეთილი სიტყვა, თუნდაც ლუკმა, ვიმეტებთ კი ყოველთვის ამას? განა უფალი არ მოგვთხოვს პასუხს იმაზე, რომ ზოგჯერ მოჭარბებულ საჭმელს ვყრით და ამ დროს რამდენს შია? ჩემს სირცხვილს ვიტყვი, ახალ წელს მთელი ოჯახი ვმარხულობდით, მაგრამ დედაჩემმა მაინც გააკეთა არასამარხვო კერძები, იქნებ ისეთი სტუმარი მოგვივიდეს, ვინც არ მარხულობსო. ჯერ ერთი, ესეც ფეხის ხმას აყოლაა. თუ მესტუმრება, ის ჭამოს, რასაც შენ ჭამ და მეორეც - ამით ხომ შენ კარგი გამოდიხარ და ის ურწმუნო. ყველა ისეთი მოვიდა, ვინც მარხულობდა, ეს მთლად უკეთესია, მაგრამ ხომ მადლი იქნებოდა, ის საჭმელი წამეღო და მშიერთათვის დამერიგებინა, მესამე დღეს რომ გადავყარეთ. ეს არის ჩვენი უყაირათობა. ამდენი განსაცდელი გამოვიარეთ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ.

ბეჭდვა
1კ1