იმ ფულით ნაყიდი პური ცეცხლად გადამდიოდა ყელში
იმ ფულით ნაყიდი პური ცეცხლად გადამდიოდა ყელში
ქრისტიანს, ჭეშმარიტ მორწმუნეს, არ სჭირდება სიტყვა "მადლის" განმარტება - იცის, რომ მადლის კეთება ისევე აუცილებელია, როგორც ლოცვა, მეტიც, ლოცვა, თვინიერ საქმისა, მკვდარია. მადლია, როცა ჭეშმარიტების გზიდან გადამდგარს უფლის წიაღს დაუბრუნებ, მადლია, როცა მოყვასის ტკივილს გაითავისებ, მადლია სიტყვა, რომლითაც უნუგეშოს სასოებას მოჰგვრი.

ეთერი (50 წლის): - ბოლო წლებმა ბევრი უბედურება მოუტანა ხალხს - ხორციელიც, სულიერიც. მეგონა, ადამიანებმა ერთმანეთი დაივიწყეს და მხოლოდ ფულისა და სიმდიდრის ბომონთან მიჰქონდათ მსხვერპლი. ასე რწმენაშერყეული საოცარ ამბავს წავაწყდი. შვილს ჩაჩავას სახელობის სამშობიაროში გინეკოლოგთან მივყევი. ამასობაში ორი ქალი მოვიდა, ერთი - ხნიერი, მეორე - ახალგაზრდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ახალგაზრდა ქალს მამიდა მოჰყოლოდა... აბორტის გასაკეთებლად. შევწუხდი, ჩემი ცოდვები და ამის გამო მტანჯველი სინანული გამახსენდა და აცრემლებულმა ვუთხარი, - ამას ნუ იზამ, სულს ნუ დაიმძიმებ, ოდესმე მიხვდები, რა ცოდვას სჩადი და დაიტანჯები-მეთქი. თვითონაც ატირდა - ერთი შვილი უკვე მყავს, ავადმყოფობს და წამლის ფული ვერ გვიშოვია, მეორეს რა ვუყო, რით გავზარდო, მშობიარობასაც ხომ ფული სჭირდებაო. შევიდა ექიმთან. იქვე, ღვთისმშობლის ხატთან მივედი: - ღვთისმშობელო, მფარველი კალთა გადააფარე იმ დაუბადებელ სულს-მეთქი და კარს მივაყურადე. რა ქნას ამ ბეჩავმა, რით იმშობიაროსო, - დაიჩივლა მამიდამისმა. და - მე ვამშობიარებ, გროში არ მინდა მისიო, - ისეთი ხმით თქვა ექიმმა, მომეჩვენა, თითქოს ღვთისმშობელმა შეისმინა ჩემი ლოცვა. ამას წინათ დამირეკა იმ ახალგაზრდა ქალმა - ექოსკოპია გავიკეთე და გოგოაო (პირველი ბიჭი ჰყავს), მაგრამ აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ პატარა გადარჩა, გადარჩა დედაც...

მეორე დღეს კიდევ ერთ მადლიან ადამიანს შემახვედრა უფალმა. ამჯერად "არამიანცის" საავადმყოფოში მივედით მე და ჩემი ქალიშვილი. კარგი ექიმი ვინ არის-მეთქი, - ვიკითხე. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, - დედა, ჭოხონელიძე ჩამაწერინესო. იქვე ახალგაზრდა ქალი იდგა, - მე მახსენეთ და მობრძანდითო. მართალი გითხრათ, მისმა სითბომ და ყურადღებამ გამაკვირვა. მხოლოდ მისმა ცოდნამ კი არა, გულისხმიერებამ ისე მომაქცია, მადლობის სათქმელად ენა ვერ დავძარი. უანგარობაა მადლი და ექიმებზე გულაცრუებულს რწმენა და სიხარული დამიბრუნდა.

ნათელა (60 წლის): - მადლზე რომ დაიწყებენ ლაპარაკს, აკადემიკოსი ილია ვეკუა მახსენდება. ჩვენი თაობის უნივერსიტეტელებს უთუოდ ახსოვთ ეს საოცარი, თავმდაბლობით გამორჩეული პიროვნება. რომ არა ბატონი ილიას მადლი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა, ვინ იცის... მამით ობოლს რეპეტიტორთან მეცადინეობის საშუალება არ მქონდა. ერთი ქულა მაინც დამაკლდა, არადა, დღედაღამ ვმეცადინეობდი... სასოწარკვეთილი ჩამოვჯექი უნივერსიტეტის კორპუსის კიბეზე. ვიღაც ქალი მომიახლოვდა. ამბავი გამომკითხა. ყველაფერი მოვუყევი. რექტორთან შედი და უთხარი შენი გასაჭირიო. მეორე დილით რექტორის კაბინეტის წინ ავიტუზე. ბატონი ილიაც მობრძანდა. აცრემლებულმა ვუთხარი - თქვენს შეწუხებას მოვერიდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, საშველს ვერ ვხედავ, ვიცი, გაისადაც იგივე დამემართება, თორემ ძალას არ დავიშურებდი-მეთქი. თავზე გადამისვა ხელი, კაბინეტში შემიყვანა, ყველაფერი დაწვრილებით მიამბეო. მკითხა, - რა საკითხები შეგხვდა ქართულის გამოცდაზეო (ზეპირი იგულისხმება), საკითხებიც ვუთხარი და პასუხებიც ჩავარაკრაკე, თუმცა ცრემლი მახრჩობდა. მეორე დღისთვის დამიბარა. ჩემი ნაწერი წაიკითხა და მითხრა, - მართლა ყოფილხარ ღირსი უნივერსიტეტში სწავლისა. სწავლა რომ დაიწყება, მოდი, ლექციებს ჩვეულებრივად დაესწარი, დანარჩენს მე მოვაგვარებო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა იყო მოსაგვარებელი, მაგრამ ახლა ვიცი, რამხელა ბარიერის გადალახვა მოუხდებოდა ჩემი, ერთი უბრალო გოგონას, გადასარჩენად. მე რა შემეძლო, მაგრამ ვესტიბიულში შემოსულს მადლიერებით სავსე მზერას რომ მივაპყრობდი, გაჩერდებოდა და მკითხავდა - როგორ მიდის შენი საქმეო. ვფიქრობ, დიდებული ადამიანების ძეგლი იმათ გულში იდგმება, ვისაც საშველად ხელს გაუწვდიან.

სანდრო (45 წლის): - მადლი ის არის, შენ რომ მოიკლებ და სხვას გაუნაწილებ, თორემ შენ რომ მოგრჩება და ვიღაცას გადაუგდებ, ის რა მადლია. ამასთან დაკავშირებით ჩემი სირცხვილი მახსენდება. მძიმე და გაჭირვებული წლები იყო, პურის ფულიც არ გვქონდა ხანდახან და ოთხი შვილი კი პირდაღებული შემოგვყურებდა. ერთხელ ძალიან გაგვიჭირდა. ყველა უჯრა ამოვაყირავე, იქნებ რამე მაინც ვიპოვო-მეთქი. მართლაც ვიპოვე "ნაშთი ძველი დიდებისა" - ერთდოლარიანი. ცოლს ვახარე - დღეს პურის ფული გვაქვს-მეთქი. ამასობაში, კარზე ზარი გაისმა. გავაღე. ზღურბლზე ახალგაზრდა უცნობი ქალი იდგა - ეგებ დამეხმაროთო, - შემევედრა. დამცეცხლა, თან შემებრალა. არაფერი მაქვს-მეთქი, - ამოვილუღლუღე. ბოდიში მომიხადა და გაბრუნდა. სასოწარკვეთილი ჩამოვჯექი. უფლის სიტყვები გახმიანდა ყურში: "მშიოდა და არ მაჭამე..." გამოვეკიდე, მაგრამ ვერსად ვიპოვე, იმ ფულით ნაყიდი პური ცეცხლად გადამდიოდა ყელში და ახლაც, როცა მადლზე ჩამოვარდება სიტყვა, ჩემს სირცხვილს შემახსენებს.
ბეჭდვა
1კ1