წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
19 თებერვალს მამა სოკრატე 80 წლის გახდა. ჟურნალის მრავალრიცხოვანი მკითხველის სახელით სულითა და გულით ვულოცავთ მოძღვარს იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

ბევრს სმენია მამა სოკრატეს ლოცვის ძალით მოხდენილ სასწაულებზე, ბევრი კი თავადაც შესწრებია. მათ რიცხვში აღმოვჩნდი მეც, დაახლოებით 15 წლის წინ თავში გამჭოლი ტყვიით დაჭრილი ჩემი მამიდაშვილი საავადმყოფოს რეანიმაციაში სასუნთქ აპარტატზე ჩართული ებრძოდა სიკვდილს. ორი კვირის მანძილზე ექიმები ვერაფრით გვაიმედებდნენ. ერთ საღამოს მამა სოკრატეს მოვუყევი ეს ამბავი. მაშინ ქვაშვეთის ეკლესიაში მსახურობდა, მეორე დღესვე, ნაწირვებს, გამომყვა საავადმყოფოში, ავადმყოფი დალოცა და ნაკურთხი წყალი აპკურა. ორი-სამი საათის შემდეგ ჩემს მამიდაშვილს გამოუგდია სასუნთქი აპარატის მილი და თავისით დაუწყია სუნთქვა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და მალე პალატაში გადაიყვანეს, ცოტა ხანში შინაც გაწერეს. მართალია, თვალი დაკარგა, მაგრამ, რაც მთავარია, ცოცხალია და შრომისუნარიანი. სანამ ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა, მისი უფროსი ძმაც სასწრაფოდ საოპერაციო გახდა, კუჭის წყლული გაუსკდა. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რამდენიმე დღეში უნდა გამოეწერათ, მაგრამ მოულოდნელად დამძიმდა. სანამ გონს დაკარგავდა, უთხოვია, - ის მოძღვარი მომიყვანეთ, ჩემ ძმასთან რომ გყავდათო. მამა სოკრატე საღამოს მივიყვანეთ. ავადმყოფი უძრავად იწვა და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. როგორც კი მოძღვარმა ლოცვა დაიწყო მის გადაფითრებულ სახეს ნელ-ნელა ფერი დაუბრუნდა და ცოტა ხანში ლუღლუღით ლოცვაშიც კი აჰყვა. ახლა ისიც კარგად არის და დღემდე მადლობელია მამა სოკრატესი.

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ სასწაულებისა, რაც მამა სოკრატეს ლოცვის ძალით აღსრულებულა.

მამაო, ამ ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობამ გიმტყუნათ. ეს ამბავი თვალის დახამხამებაში მოედო ქალაქს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენს სახელზე დანთებულ თითო სანთელთან თუნდაც ერთხელ ნათქვამი - "ღმერთო, მამა სოკრატე ჯანმრთელად და კარგად ამყოფე" - თავის გზას იპოვის, აუცილებლად კარგად იქნებით და მალე თქვენეული ღიმილით დახვდებით თქვენს მრევლს. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და გამძლეობა. თქვენ ხომ ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხართ და ეყვარებით!

"კარიბჭის" ერთგული მკითხველი

ბეჭდვა
1კ1