მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა საკურთხეველში შესვლის უფლებას მომცემდნენ...
მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა საკურთხეველში შესვლის უფლებას მომცემდნენ...
ტაძარი ღვთის სახლია და ბედნიერებაა, როცა ადამიანი ღვთის სახლს უვლის, წმენდს, ასუფთავებს, სანთლებს ყიდის... რაც მეტ ერთგულებას იჩენს ტაძრის მსახური თავისი მოვალეობისადმი, მით მეტ სიყვარულს ამჟღავნებს უფლისას. ტაძარში მსახურება სხვა სამსახურთაგან ისე განსხვავდება, როგორც საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან. აქ არ შეიძლება გულგრილობა - ტაძარში მრევლი იკრიბება და ისე უნდა დაუხვდე, როგორც სტუმრებს, მეტიც, ღვთის სტუმრებს. ამიტომაც გამორჩეულად სათნონი არიან ისინი, ვისაც უფლის სახლის სამსახური აურჩევია.

მარიამი (54 წლის): - ჩვენს ტაძარში ერთი მოხუცი მესანთლე ქალი მუშაობდა, სათნოებითა და სიკეთით გამორჩეული. არც სახელი ვიცოდი მისი და არც წარმომავლობა, უფრო რუსს ჰგავდა, მაგრამ ქართულად შესანიშნავად ლაპარაკობდა. ტაძარში ადრე მივდიოდი, რომ მასთან ლაპარაკით გული მეჯერებინა. ათასგვარ ამბავს მიყვებოდა, მეც ვუყვებოდი ჩემზე, ჩემს ქმარ-შვილზე, მეზობლებზე. ერთხელ ასეთი რამ მიამბო: აქ მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, მინდა უფალს ჩემებურად ვემსახურო. ეს ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა. ფეხი მოვიტეხე. ჩემი პატრონი არავინ იყო, ვერავის გავაგებინე... ასე ტირილით გავლიე ნახევარი დღე. კარის მეზობლები სამსახურში იყვნენ. უცებ, ამ ტანჯვა-წამებაში რომ ვიყავი, კარი გაიღო და ამ ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისი შემოვარდა, - რა გჭირს, ნინა დეიდა, შენზე ფიქრმა არ მომასვენაო. მივხვდი, ყველაფერი უფლისგან იყო, ისეთი რამეები მითხრა ნატომ. მას შემდეგ მოვედი ეკლესიაში. მონაზვნობას ვერ შევძლებ, რადგან არ შემიძლია შვილებსა და შვილიშვილებს მოვწყდე, ისინი სხვა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ახლა ტაძარს ვერ ვწყდები. აქ ყველაფერი მშობლიურია, აქ მოსიარულეებიც მიყვარსო. მოგვიანებით დეიდა ნინა მონაზვნად აღიკვეცა.

ნინო (28 წლის): - მამაჩემი სუკ-ის დიდმოხელე იყო. დამიჯერებთ, რომ შეიძლებოდა საბჭოთა სუკ-ის თანამშრომელი პატიოსანი ადამიანი ყოფილიყო? მამაჩემი სწორედ ასეთი გახლდათ. დღეს უმუშევარია და ხუმრობს ხოლმე, - მაშინ რომ ვიყავი პატიოსანი, საქმე ის არის, თორემ ახლა ვის რა უნდა წავგლიჯოო. ასე რომ, როცა სამსახურიდან გამოუშვეს, დავრჩით უფულოდ, უსახსროდ და მშიერი. დედაჩემი ბიოლოგია, მეცნიერებათა კანდიდატი, მაგრამ ისიც დაითხოვეს სამსახურიდან და... ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა დავიწყეთ. ეკლესიურები ადრეც ვიყავით, მაგრამ გაჭირვებამ უფრო დაგვაახლოვა უფალთან. მერე ჩვენი ეკლესიის მოძღვარმა მესანთლეობა შემომთავაზა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, მაგრამ თავიდან, მართალი გითხრათ, გული მეთანაღრებოდა. ნელ-ნელა შევეჩვიე ჩემს საქმეს, მრევლიც უფრო ახლოს გავიცანი და ისიც მიხაროდა, წირვა-ლოცვას რომ ყოველთვის ვესწრებოდი. ადრე ხომ ამის საშუალება არ მქონდა.

გიორგი (24 წლის): - ეკლესიაში უსახსრობამ მიმიყვანა, მანამდეც არ ვიყავი ურწმუნო, მაგრამ ახლა შველას ვეძებდი - ღმერთს ვევედრებოდი, გაჭირვების დაძლევის გზა ესწავლებინა. ალბათ ასეა, გაჭირვება უფრო გაახლოებს უფალთან. ჩემი მონდომება მოძღვარმა შენიშნა და მკითხა, - სტიქაროსნობა გინდაო? თავი არ მეღირსებოდა, მაგრამ სიხარული ვერ დავმალე. სტიქარი შევიკერე და მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა საკურთხეველში შესვლის უფლებას მომცემდნენ... როცა ეს წუთი დადგა, თვალები ცრემლით ამევსო და უფალს კიდევ ერთხელ შევწირე მადლი, რომ ღირსი გამხადა მასთან სიახლოვისა. დღემდე ტაძარში ვმსახურობ - განსაკუთრებულ სიხარულს ის მომენტი მგვრის, როცა მღვდლის გვერდით ვდგავარ და მაზიარებლებს ვემსახურები. არა მგონია, ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი მართებული იყოს, ამიტომაც ჩემი განცდების ბოლომდე გადმოცემისაგან თავს შევიკავებ.

ლამარა (54 წლის): - ტაძარში არასოდეს მიმსახურია, მაგრამ ერთი შემთხვევის გამო იმხელა სიხარული განვიცადე, რომ გადმოცემა მიჭირს. დიდი განსაცდელი დაატყდა ჩემს ოჯახს თავს, დიდად თავმომწონე ქალი ვიყავი და ვერც წარმოვდგენდი, თუ ლექტორობის გარდა, სხვა რამეს ვიკადრებდი... საშველი ვერსად ვნახე და როგორც ასეთ დროს ხდება, ეკლესიას მივაშურე. ნათლისღება თენდებოდა. არ ვიცი, რამ მიბიძგა, უთენია სიონს მივაშურე. ტაძარი ღია იყო და მხოლოდ ერთი ქალბატონი ფუსფუსებდა, ჩქარობდა და წუხდა, დამლაგებელი ავად გაგვიხდა და ვერაფერს ვასწრებ, არადა პატრიარქი მობრძანდებაო. ჩანთა დავდე, პალტო გავიხადე და ხელები დავიკაპიწე. ერთ საათში ყველაფერი დავაწკრიალეთ. ისე მუშაობ, გეგონება, ყოველთვის ამ საქმეს აკეთებდიო, - მითხრა ქალბატონმა. ხიბლი არა, მაგრამ რაღაცნაირი თავმოწონება ვიგრძენი. თანაც ამხელა ტაძარი დავალაგე და ოდნავი დაღლა არ მიგრძნია. იქ მოფუსფუსე ადამიანების მაყურებელს საღვთო შური მეუფლება, რომ არ მაქვს საშუალება, ტაძარს ვემსახურო.

მერი (60 წლის): - მე მედავითნე გახლავართ. ტაძარში რწმენამ და ღვთის სიყვარულმა მომიყვანა. მორწმუნე და ღვთის მსასოებელ ოჯახში ვიზრდებოდი. მიუხედავად აკრძალვისა, ჩემს მშობლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ უფლის მსახურება. რადგან ტაძრები ახლომახლო არ იყო, შინ ყველაფერს წესისამებრ ვაკეთებდით. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. სასულიერო ლიტერატურა ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა. მისადმი ინტერესი და სიყვარული ადრეც მქონდა, მაგრამ პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ ეს სიყვარული გამიათმაგა. ჩემი ცხოვრების შემოდგომაზე მედავითნეობა დავიწყე. სული სიხარულითა და მოწიწებით მევსება "დავითნის" კითხვისას. თუ სხვებიც ამას განიცდიან ჩემ მიერ წაკითხული ფსალმუნებით, დიდად ბედნიერი ვიქნები.
ბეჭდვა
1კ1