სიფხიზლის დაკარგვამ და ფარისეველი მეგობრის ნდობამ ოჯახი დამინგრია
სიფხიზლის დაკარგვამ და ფარისეველი მეგობრის ნდობამ ოჯახი დამინგრია
ფარისევლობა ოდითგანვეა ადამიანთა თვისება - მეტიც, ფარისევლები უძველეს დროში წარჩინებულ და სანდო ადამიანებად ითვლებოდნენ. მაინც ვცადოთ და ავხსნათ, რა არის ფარისევლობა - სიტყვისა და საქმის დაშორიშორება. ტკბილი სიტყვით რომ თაფლავ მოყვასს და გულში მისადმი ზიზღი გიტრიალებს.

ნინო (35 წლის): - დღეს ადამიანებს ადრინდელზე უფრო მოსწონთ ფარისევლები. ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ და თანამშრომლები უკუღმართს მეძახიან. არ მწყინს. მე ჩემს უკუღმართობაში მართალი ვარ - აბა, კლიენტი რომ დგას, ერთი საათი გელოდება და უმარტივეს ოპერაციას ვერ ასრულებ, სიმართლე არ უნდა გითხრან? ახალგაზრდა ხარ, ჭკუა-გონებით სავსე და სიზარმაცის გამო სხვასაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებ და საკუთარ თავსაც. მივდივარ და ვეუბნები იმაზე, რაშიც ვიცი, მართალი ვარ. ზოგს მოსწონს "შენი ჭირიმე", "შენ გენაცვალეს" ძახილი. მე კი ვიცი, რომ ამის მთქმელი ყოველთვის ასე არ ფიქრობს.

გოგი (48 წლის):
- მართლის მთქმელი არავის უყვარს. ასეთი მაგალითებით სავსეა ქართული მწერლობა და არა მარტო. ერთი მეგობარი მყავდა, საქმიანი კაცი იყო, პატიოსანი და წესიერი. სხვისას შაურს არ შეირჩენდა, თავისაზე კი რეაქცია არ ჰქონდა. ერთხელ ვუთხარი, - ცოლ-შვილი მშიერი გყავს და ყველა შენთან რომ მოდის ლუდის ფულის სათხოვნელად, სულელი ხარ-მეთქი. ეს რა შუაშია ფარისევლობასთან, მაგრამ ხომ ამნაირი იყო, ოთარაანთ ქვრივივით ტკბილ სიტყვას არ გეტყოდა. ყველას პირში ეუბნებოდა სათქმელს და ბევრი გამოსწორებულა მისი სიტყვით, მაგრამ ყველას სძულდა. ზურგს უკან ისეთ რამეს იტყოდნენ მასზე, იფიქრებდი, რომ გაიგოს, მოკლავსო. ენის მიტანა რა საკადრისია, მაგრამ ერთხელ მივანიშნე და სიცილით მითხრა, - ვიციო. მერე რა გატლიკინებს, რომელი ანგელოზი შენ მყავხარ-მეთქი. ჩაფიქრდა - არ ვიცი, ყოველთვის მართალი ვარ თუ არა, მაგრამ რასაც ვფიქრობ, გულწრფელად ვამბობ და თუ გინდათ, მიიღეთ, თუ გინდათ - არაო. ფარისევლებმა უფალი გაიმეტეს და ჩვეულებრივ ადამიანს სად აქვს გარანტია, რომ სიმართლისთვის არ დაისჯება?..

ნოდარი (36 წლის):
- ჩვენი ცხოვრების გართულებას არაპროფესიონალიზმი და ნათესაურ-მეგობრული კავშირებიც იწვევს. ნათესავი უნდა გიყვარდეს, მეგობარსაც პატივი სცე, მაგრამ ისეთ ადგილას არ უნდა მიიყვანო, სადაც არაფერი ესაქმება. თუ გიფიქრია იმაზე, რომ ამით სხვა ისჯება. შენ თუ შეგიძლია მის ნაცვლად საქმის კეთება, კი, ბატონო, მაგრამ სხვას რას ერჩი? ასეთები ფარად ფარისევლობასა და ტკბილ სიტყვას იშველიებენ და ფონსაც იოლად გადიან. ერთ ქალბატონს, უნიჭიერესსა და უსათნოესს, ვკითხე, ასეთი თავმდაბალი რომ ხარ, რატომ არ გინდა შენი თავი წარმოაჩინო, ხომ ხედავ, ვერავინ ვერაფერს ხედავს და შენს ნაშრომ-ნაღვაწს სხვები თავისად ასაღებენ-მეთქი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ არა სხვების დასანახად, არამედ იმისთვის, რომ ჩემს თავთან ვიყო მართალიო. ნათქვამისა შემრცხვა.

ანა (72 წლის):
- სიფხიზლის დაკარგვამ და ფარისეველი მეგობრის ნდობამ ოჯახი დამინგრია და სამი შვილით ქუჩაში დამტოვა. მიხვდით ალბათ, რასაც ვგულისხმობ. ეკლესიამ შეგვიფარა და შვილებიც გავზარდე, რამხელა იყო ჩვენი ტანჯვა, წარმოიდგინეთ, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. შვილები გამომადგა. უფალმა გაზარდა ისინი და ფეხზე დავდექით. მდიდრები არ ვართ, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე პატიოსნება და ურთიერთსიყვარულია. რაც მთავარია, ვიცი, ჩემი შვილები მამის შეცდომას არ გაიმეორებენ და საკუთარ სისხლ-ხორცს სატანჯველად არ გაიმეტებენ. ადამიანებისადმი ნდობა თუ დაკარგე, თავადაც კარგავ სახეს. ერთის გამო როგორ შეიძლება სამყარო შეიძულო.

თამთა (17 წლის):
- ჩემს მეგობრებს ვენდობი და თუ ვინმე მღალატობს, მისი სადარდელია. მე ვცდილობ, არავის ვუღალატო, არ ვიჭორავო, თუ რამე მინდა და მეწყინება, მივალ და იმ ადამიანს ვეტყვი.

ბეჭდვა
1კ1