ღალატს რა უნდა, ერთგულებაა ძნელი
ღალატს რა უნდა, ერთგულებაა ძნელი
სხვათა განსჯა რა ჩვენი საქმეაო, - გვაფრთხილებენ ეკლესიის მამები, მაგრამ ისინი არ ამბობენ, რომ მხილება და უსამართლობაზე ხმის ამოუღებლობა კარგი საქციელია. ბევრი უღირსი ადამიანი სხვებს მოძღვრავს და მენტორის მანტიას ირგებს. ბრბო გულუბრყვილოა და ხშირად იჯერებს უღირსთა ქადაგებას.

ნანო (47 წლის): - დღეს ჩვენს საზოგადოებაში გაჭირდება ღირსეულისა და უღირსის გამორჩევა, რადგან ადამიანებს თვალთმაქცობის გულწრფელობისაგან გარჩევა უჭირთ. ათასგვარი ხერხით აღწევენ ზოგნი წარმატებას და მერე, უღირს, მაგრამ წარმატებამიღწეულს ეთაყვანებიან, ხელებს უკოცნიან და მისი ბრიყვული სიტყვაც კი ჭკვიანური ჩანს. თუ რაიმე თქვი და სიმართლე დაგცდა, შურიანად და დაბოღმილად შეგრაცხავენ. საკუთრივ ღირსების მაგალითად ბებიაჩემი მიმაჩნია. ქმრის ერთგულებით საქართველოში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთმა ქალებმა ატარეს ერის სინდის-ნამუსი, ასეთი ქალების გაზრდილი შვილებია ნამდვილი მამულიშვილნი. ღალატს რა უნდა, ერთგულებაა ძნელი. 20 წლისა დაქვრივდა, ორი შვილი ჰყავდა, ლამაზიც იყო და განათლებულიც, მატერიალურადაც მაშინდელი დროის შესაბამისად არაფერი უჭირდა... მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა, ჰოდა, იფიქრეთ, 20 წლის ქალისთვის რაოდენ ძნელია, ცდუნებას არ აჰყვეს, მით უფრო, თუ მარტოობა გიხუთავს სულს. სიბერეში მითხრა, ვინ იცის, ცდუნებააყოლილს რამდენი ღამე მითენებია, მაგრამ ყოველი დილის გათენებისას ჩემს თავს ვეტყოდი - იმ ქვეყნად შენს ქმარს უნდა დაუბრუნდე-მეთქი. ახლა ასეთი სიტყვები ყალბად ჟღერს, მაგრამ ამის გამო უარი არ უნდა ვთქვათ, იმ ადამიანთა ღირსება შევახსენოთ საზოგადოებას.

თემური (36 წლის): - უღირსობაც და ღირსებაც ყოველ წვრილმანში ვლინდება. ჩვენ საკუთარი თავის გაჩხრეკა გვიჭირს, თორემ სხვებს ადვილად ვამჩნევთ ნაკლს. ერთი გაჭირვებული მეგობარი მყავს, ოთხი შვილის მამა. კარგი გვარიშვილია, ისეთი, მისი წინაპრები რომ საქართველოს შეეწირნენ. ჩემი ძმა საფრანგეთში ცხოვრობს და შემოგვითვალა, ჩამოდით და ისეთ სამსახურს გიშოვით, ერთ წელიწადში ვალებსაც გაისტუმრებთ და ოჯახსაც უზრუნველყოფთო. გახარებულმა დავურეკე დიმიტრის, პასუხმა გამაოგნა, - არა, ძმაო, ჩემს წინაპრებს ჩემზე მეტად უჭირდათ, მაგრამ აქედან ფეხი არ მოუცვლიათო.

ქეთინო (51 წლის): - ბევრი უღირსი საქციელი ჩამიდენია სასოწარკვეთილს. ქმარი ადრე გარდამეცვალა, ერთმანეთი ისე გვიყვარდა, უმისობა ყოვლად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. 3 შვილი მყავდა, მაგრამ ისინი თითქოს არც არსებობდნენ. მეზობელმა ქალბატონმა (თვითონაც სვამდა) რამდენჯერმე არაყი მომასმევინა, თითქოს დარდი დამავიწყა და მოვუხშირე სმას. მერე და მერე უკვე მოთხოვნილება გამიჩნდა. დილიდანვე ვიწყებდი სმას, გავლოთდი, ის მცირე შემოსავალი, რასაც მთავრობა მაძლევდა და ქმრის პენსია ისედაც არ გვყოფნიდა და ამას ჩემი მიდრეკილებაც დაემატა. ჯერ მეზობელ მაღაზიებში ვიარე ნისიებზე, მერე ხელიც გავიშვირე. ერთხელ ძმამ მნახა ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში, საკმაოდ ღირსეული მშობლები და და-ძმა მყავდა, მაგრამ მათ ვუმალავდი ყველაფერს, როცა მოდიოდნენ საღამოობით, შინ ვხვდებოდი და ეგონათ, ტირილით ვიყავი დასივებული. სასწრაფოდ გამაქანეს ნარკოლოგიურში. მარტო ეს რას მიშველიდა, მაგრამ მევე მოვეგე გონს, იმასაც მივხვდი, რომ ამით მიცვალებულის სახელს ლაფში ვსვრიდი და შვილებსაც უპატრონოდ ვტოვებდი. ძალზე ძნელია, უდიდესი მწუხარების დროს შეინარჩუნო ოპტიმიზმი, მაგრამ სმა და ნარკოტიკი ხომ პრობლემას ვერ აგვარებს, ჩემს თავზე გამოვცადე. ის დრო რომ გამახსენდება, სირცხვილით ოფლი მასხამს და შვილებს თვალს ვერ ვუსწორებ.

ოთარი (72 წლის): - ღირსების დაკარგვა ცოდვის შეძენაა. როგორ შეიძლება ღირსეული ადამიანი ცრუობდე, პირფერობდე, იპარავდე. ღმერთმა ყველას მისცეს საკუთარ თავში ჩახედვის უნარი. ჩემი უღირსობა ამა თუ იმ დროს, უფრო ახალგაზრდობაში ჩადენილი საქციელი, არაერთხელ გამხსენებია. ახალგაზრდას კარგი აღმზრდელი და თანამდგომი სჭირდება, რომ ღირსება შეინარჩუნოს და ცოდვას არ ეზიაროს.
ბეჭდვა
1კ1