კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* შეიძლება თუ არა, ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას პირჯვარი გადაიწეროს?
პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა, ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმინდა ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შესთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზეცაა ტაძარი აგებული) - მეოხება ღვთის წინაშე. პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). იმას კი, რამდენგზის გადავიწერთ პირჯვარს, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

* როგორ უნდა შევიდეს ადამიანი ტაძარში?

ტაძარი ის ადგილია, სადაც ყველგანმყოფი ღმერთი განსაკუთრებული მადლით სუფევს, ამიტომ ადამიანი ტაძარში, ვითარცა ღვთის სახლში, ისე შედის ღმერთთან სასაუბროდ (ლოცვისათვის). შედის შიშით, კრძალვითა და რწმენით, ხოლო ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ბუნებრივია, ხორციელზეც აისახება. და პირუკუ - ხორციელი მდგომარეობა გარკვეულწილად ადამიანის სულიერ მდგომარეობაზეც მეტყველებს და მოქმედებს კიდევაც. ამიტომ ღვთის სახლში ანუ ტაძარში შესული ადამიანი სხეულის მდგომარეობითაც ღვთისადმი შიშს, მოწიწებას და კრძალვას უნდა გამოხატავდეს.

* შეიძლება თუ არა ჯვრისწერა მაისში?

რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არსებობს ხალხური (ისიც - არაქართული) ცრურწმენა, თითქოს მაისში ჯვრისწერა არ შეიძლება. რაოდენ სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხი, - აჰყოლია რა ამ რუსულ ცრურწმენას, - ოღონდ მაისი არ იყოს და მზად არის, მარხვაში იქორწინოს. ისედაც არ გვაკლია ცოდვები და ამითაც ორმაგად (ცრურწმენითა და მარხვაში ქორწინებით) შეურაცხვყოფთ ღმერთს. როცა ადამიანი ოჯახურ ცხოვრებას ღვთის შეურაცხყოფით იწყებს, რატომ უნდა ჰქონდეს მისი შეწევნის იმედი?
ბეჭდვა
1კ1