კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* რამდენად მართებულია, რომ ზოგიერთი მღვდელი ძვირადღირებული უცხოური მანქანით დაქრის, როდესაც ჩვენი მაცხოვარი ცხენითაც არ დადიოდა და თავმდაბლობის გამო ვირზე იჯდა?

- უფალი უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს მოძღვრებს: მათ აქვთ ვალდებულება და ძალაუფლება განკურნონ ადამიანის ცოდვილი ბუნება (მიუტევონ ცოდვები, გახსნან კრულნი), მოაწესრიგონ ადამიანების სულიერი პრობლემები, დაანახონ მათ ქრისტე. სულიერ შვილებს კი ევალებათ იზრუნონ მოძღვრისა და მისი ოჯახის ყოფით პრობლემებზე. წმინდა მოციქულთა თავი პავლე პირდაპირ ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო.

* ქორწინებისას მართლმადიდებლები რატომ ვიკეთებთ საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე და არა მარცხენაზე, როგორც ეს ქრისტიანობის სხვა კონფესიებშია მიღებული?

- ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ, უფრო კარგად აკეთებს. მარჯვენას ყოველთვის უპირატესობას აბიჭებდა ადამიანი. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ... იერარქიულადაც, მარჯვნივ დგომა აღემატება მარცხნივ დგომას: ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას მარჯვნივ უპირატესი მღვდელი უდგას; მეფეც მარჯვნივ ისვამდა თანამეფე შვილს; ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო; ქრისტეც ცხონებულ სამწყსოს მარჯვნივ დაიყენებს.

საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიული ერთად ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს, რამეთუ უფალთან ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნა ჩვენს ღვაწლზეც, მართალ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული.
ბეჭდვა
1კ1