კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს. თუ მშობელს სურვილი აქვს, შვილის სულიერ დაბადებას დაესწროს, მას ამაში ხელს არავინ შეუშლის. მაგრამ თუ დედა ნამშობიარევია და მშობიარობიდან 40 დღე არ არის გასული, იგი ვერ დაესწრება ნათლობის საიდუმლოს, რადგანაც საეკლესიო წესის თანახმად, ქალს მშობიარობის მე-40 დღეს, ეკლესიაში, მოძღვრის მიერ უნდა წაეკითხოს ლოცვები, მანამ კი მას ეკლესიაში შესვლის უფლება არ აქვს.

* ოფიციალურია თუ არა გადასახადი ჯვრისწერისთვის, ნათლობისთვის, პანაშვიდის ჩატარებისთვის?
რა თქმა უნდა, ეკლესიაში მოჭრილი თანხა მღვდელმსახურებისათვის არ არის (თუმცა მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ეს მკაცრად განსაზღვრულია და ტარიფები რეგლამენტირებულია), მაგრამ თუ სახარებას გულითადად წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ იესო ქრისტე პირდაპირ ავალდებულებს ადამიანებს, სადაც მოციქულები გაჩერდებიან, შეინახონ ისინი. მოციქულებს თავისთავად აფრთხილებს, რომ ქალაქებში წასვლისას თან არაფერი წაიღონ, რადგან ხალხს, რომელთანაც მათ ქრისტეს ნათელი სარწმუნოება მიჰქონდათ, ისინი უნდა შეენახა, ეპატრონა. ქრისტე ამასაც ამბობს: "მუშაკი ღირსია საზღაურისა!" აქედან გამომდინარე, საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს მღვდელი ვალდებულია საზღაურის გარეშე ემსახუროს მათ, მცდარია და უფრო მეტიც - ურწმუნოების ერთ-ერთი გამომხატველია, რადგან ასეთ ადამიანს მღვდლის საქმიანობა არაფრად მიაჩნია - შესაბამისად, არაფრის გაღებაც არ არის საჭირო. შემოწირულობის რაოდენობა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია და ის ეკლესიას, ეკლესიის მსახურებას, გაჭირვებულ მრევლს ხმარდება. გვინდა იცოდეთ, რომ ღვთის მსახურთ ხელფასი არა აქვთ და შემოწირულობით ცხოვრობენ. თუკი შესაწირის გაღება არ შეგიძლიათ, ვერავინ დაგაძალებთ, პირიქით, ეკლესია თავად ეხმარება უამრავ უნუგეშოს, მაგრამ, როგორც წესი, ამგვარ ადამიანებს უფრო აქვთ შეგნებული შესაწირის მნიშვნელობა და ისინი ქვრივი ქალის ორი ლეპტის მსგავსად ცდილობენ, რომ მსახურება შესაწირის გარეშე, თუნდაც მცირე, არ გადაიხადონ. როგორც წესი, შეძლებულნი უფრო იჩენენ სიძუნწეს და საზღაურის გარეშე ითხოვენ. ამპარტავნებას ღმერთი როცა იქნება შემუსრავს!

* სახარება შეგვაგონებს "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ". რა გამოდის, ე.ი. ყველანი უნდა გავჩუმდეთ, უმსგავსოება და ბოროტება ვაპარპაშოთ ქვეყანაზე?
იმისთვის, რომ სწორად გავერკვეთ წმინდა წერილის არსში, არ უნდა დავენდოთ ჩვენს საკუთარ აღმაქასა და გააზრებას და მივმართოთ წმინდა მამებს. წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ გვიკრძალავს განსჯას შეუწყალებელს". წმინდა ათანასე ალექსანდრიელი კი თითქოს საგულდაგულოდ თქვენ გაძლევთ პასუხს: "ერეტიკოსები მზად არიან დაამტკიცონ, რომ არ განვიკითხოთ ისიც კი, ვინც სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, რადგან უფალი ამბობს: "ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხნეთ". მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ მართალი ნოეც უნდა მისცემოდა სასჯელს, რადგან მან მამის სასაცილოდ ამგდები ქამი დასაჯა და დაუდგინა თავისი ძმების მონად ყოფნა. თუ ღვთის მართალნი სჯიდნენ და თავად არ განისაჯნენ, რატომ არ შეიძლება განსჯა და განკითხვა, როგორც ამას ამბობენ ერეტიკოსები? როცა უფალმა თქვა: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ", მხედველობაში ჰყავდა ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავებს". ამიტომ ვიდრე სხვის განკითხვას დავაპირებდეთ, საკუთარ გულში ჩავიხედოთ, მსგავსი ნაკლი თავად ხომ არ გაგვაჩნია და ამის შემდეგ დავაღოთ პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვიდებთ ღვთის სასჯელს!
ბეჭდვა
1კ1