კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა. შეგიძლიათ ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებაც (სტოაში დგომით). რაც შეეხება შეზღუდვებს: ლოცვითი კანონის შესრულებას წესისამებრ აგრძელებთ, ოღონდ სიწმინდეებს (ხატებს, ნაკურთხ წყალს...) არ უნდა შეეხოთ, ღვთისმსახურებასაც ჩვეულებრივ დაესწარით, ხატებს კი ნურც ეკლესიაში შეეხებით და არც საიდუმლოებებში მიიღოთ მონაწილეობა. სხვა მხრივ, ქრისტიანის ყველა მოვალეობა უნდა აღასრულო.

* აუცილებელია თუ არა, შვიდგზის ლოცვების წასაკითხად კურთხევა ავიღოთ მოძღვრისგან?

საზოგადოდ, ლოცვითი კანონის შედგენისას კონსულტაცია საკუთარ მოძღვართან უნდა გაიაროთ (რამდენად აუცილებელია მოძღვრის ყოლა, ამაზე აღარ შევჩერდებით) და შესაბამისი ლოცვა-კურთხევით აღასრულოთ ლოცვა. რაც შეეხება შვიდგზის ლოცვებს, თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა თავისი სამწყსო, რათა შვიდგზის ედიდებინა ღმერთი.

* აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?

ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ჩვენ სულიერს გაძლევთ და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რით შეიძლება გამოვხატოთ მადლიერება ეკლესიის წინაშე, ის ხომ მორწმუნეს ყოველივე სულიერს აძლევს - სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე?

შემოწირული თანხის ნაწილს სასულიერო პირები მოიხმარენ. თავად მაცხოვარმა მოგვცა ამის მაგალითი: როდესაც მოციქულები საქადაგებლად წარგზავნა, თან არაფრის წაღების ნება არ მისცა - არც საჭმლის, არც ტანსაცმლის; ისინი, ვისაც მოციქულები ჭეშმარიტ სარწმუნოებას ახარებდნენ, ვალდებული იყვნენ, შეენახათ, ეპატრონათ მათთვის. თანხის სხვა ნაწილი და სანთლის გაყიდვით შემოსული თანხა ტაძრის აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქაროსნების, მედავითნეების ხელფასს ხმარდება.

შესაწირავი ნებაყოფლობითია, მაგრამ ტრადიციულად მღვდელმსახურებისას - შეკვეთილი წირვის, პარაკლისის, პანაშვიდის, ნათლობის, ქორწინების, წესის აგების დროს იწირება. გახსოვდეთ, ისევე როგორც თავის დროზე იდგა უფალი შესაწირის ყუთთან და ქვრივის გაღებულ ორ მწვლილსაც ხედავდა და მდიდრების შესაწირსაც, ახლაც მიითვლის ჩვენგან გაღებულს, თანაც იმასაც ჭვრეტს, როგორი გულითა და რწმენით ვჩადით ამას!

* გთხოვთ გვიპასუხოთ, ქრისტე ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა თუ არა.

ცხადია, მაცხოვარი ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა.

* რატომ გამოეყვნენ "სტაროვერები" რუსულ ეკლესიას და ითვლება თუ არა ეს რელიგიური მიმდინარეობა სექტად?

"სტაროვერების" დაჯგუფება, რასაკვირველია, სექტაა. სიტყვა "სტაროვერი" ძველი წესების მიმდევარს (მათი გაგებით!) ნიშნავს. სწორედ ე.წ. ძველი წეს-ჩვეულებების დარღვევის მიზეზით გამოეყვნენ ისინი რუსეთის ეკლესიას. XVII საუკუნეში პატრიარქმა ნიკონმა რუსული ეკლესიის ღვთისმსახურების წესები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეირყვნა და ცდომილებანი შეიპარა, მსოფლიო
მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო წესებს შეუსაბამა, რაც რუსეთის ეკლესიის ზოგიერთმა წევრმა ვერ გაიგო და არც მოინდომა გაგება. ამის გამო განხეთქილება მოხდა - რუსულ ეკლესიას გამოეყო შტო, რომელმაც გასწორებული, გამართული საეკლესიო წესის მიმდევრები ერეტიკოსებად გამოაცხადა. ამ ნაბიჯით "სტაროვერები" მართლმადიდებელი ეკლესიის მადლმოსილებას ჩამოშორდნენ. "სტაროვერობა" თანდათან ახალ-ახალ პატარა ჯგუფებად იშლება, რომლებიც ერთმანეთს აღარ ცნობენ, თუმცა საერთო სახელი "სტაროვერი" მაინც შეინარჩუნეს.
ბეჭდვა
1კ1