კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი. ეს, რა თქმა უნდა, საბჭოური პერიოდის დამსახურებაა, სადაც ფსევდოდღესასწაულების კორიანტელში ახალი წელი ყველაზე ადამიანურად და ბუნებრივად გამოიყურებოდა. შესაბამისად, ეკლესიამ არ შეიძლება ამ რეალობას არ გაუსწოროს თვალი. რადგან ეკლესია დაფუძნებულია უფლის მიერ ადამიანების გადასარჩენად, ამიტომაა, რომ იგი ყოველთვის ითვალისწინებს ამქვეყნიურ რეალიებს, უცვლელია მხოლოდ იესო ქრისტეს მოძღვრება - წმინდა დოგმატები, სხვა ყველაფერი კი ადამიანთა საკეთილდღეოდ შეიძლება იკონომიის (საეკლ. ტერმინი - შეღავათი) შედეგად დაიშვას. ამიტომაა, რომ ახალი წლის დღეებში შეღავათის პირობებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის სამწყსოს უხსნილებს თევზით!

პავლე მოციქული გვეუბნება ქრისტიანებს, "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთო და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". თუკი სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, სიხარული რატომ არ უნდა გავიზიაროთ? ოღონდ, რა თქმა უნდა, ზღვარგადასული ღრეობის გარეშე!

ამასთან, სასურველია ახალი წლის დადგომისას კარგად დავფიქრდეთ გარდასული წლის შესახებ. იქნებ მთელი წელი დღედაღამ ცოდვას ცოდვას ამატებდით, უკანონობას - უკანონობას და ისეთი სიმძიმე დააგროვეთ, რომ ჯოჯოხეთის ფსკერამდე გძირავთ. თუ ეს ასეა, გამოფხიზლდით, მიხედეთ ცოდვებში განვლილ თქვენს ცხოვრებას, გაიხედეთ წინ - მოახლოებული სიკვდილისკენ, რომელიც ერთი წლით უფრო მოგიახლოვდათ, ახედეთ მაღლა - მკაცრ მსაჯულს. იფიქრეთ ჯოჯოხეთის საშინელ უფსკრულზე და იმაზე, თუ რა გელოდებათ იქ და რა განგემზადებათ აქ! და თუ გონი შეგრჩენიათ, დაუყოვნებლივ მიიქეცით ქრისტე მაცხოვრისკენ სინანულითა და ლოცვით. მას შეუძლია გაგიცამტვეროთ ყველა ცოდვა, გასწავლოთ სიკეთის კეთება.

* ჩემთვის ცნობილია, რომ ავადმყოფობა ცოდვისგან ჩნდება. შეიძლება თუ არა სამედიცინო საშუალებების გამოყენება?

- არათუ შეიძლება, აუცილებელიცაა. ადამიანი სულის და ხორცის ერთობაა და შესაბამისად, ხორცს (ანუ მიწას) ხორციელით (ანუ მიწიერი საშუალებებით) უნდა უშველოთ. ავადმყოფობა რომ მხოლოდ ცოდვის შედეგი იყოს, ყველა წმინდანი ათლეტური აღნაგობისა იქნებოდა. ავადმყოფობა შეიძლება თვით ღირს მამებს მოევლინოთ, როგორც გამოცდა. მართალია, ავადმყოფობაც და სიკვდილიც ჩვენს სამყაროში ცოდვის შედეგად შემოვიდნენ, მაგრამ დასკვნების გაკეთება - თავი ამტკივდა, რადგან ცოლს წავეჩხუბეო, ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში ავადმყოფობებისა და განსაცდელთა მნიშვნელობის პროფანირებას. ავადმყოფობა რომ აუცილებლად მონანიებით იკურნებოდეს, მოინანიებდნენ ცოდვებს არა სულის ხსნისათვის, არამედ სენისაგან თავდასახსნელად. თვით აღსარებაც გადაიქცეოდა ფსიქოანალიზის სახესხვაობად. ავადმყოფობის დროს უფალს უნდა ვთხოვოთ განკურნება. ამავე დროს, გონივრულად გამოვიყენოთ მედიცინის მიერ მოწვდილი საშუალებანი.

* როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცუდი გუნება-განწყობა გვეუფლება და ვერაფრით ვძლევთ თავს?

- უპირველეს ყოვლისა, მადლი შევწიროთ უფალს, რომ ცხოვრება მოგვანიჭა; შემდეგ გავიხსენოთ, რამდენს უჭირს ახლა ჩვენზე მეტად... უგუნებობის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ ფსალმუნთა კითხვა, ხოლო თუ ყოველივე ეს არ გიშველით, მიიღეთ თქვენი მდგომარეობა, როგორც გამოცდა და მინიშნება ცოდვების მოსანანიებლად.
ბეჭდვა
1კ1