კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?

უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ. მათი უმრავლესობა ბერი იყო (მაგალითად, ღვთისმშობლის პირველი ხატის შექმნას ლუკა მახარებელს მიაწერს საღმრთო გარდამოცემა). ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა, ამიტომაც მრავალი უძველესი ხატი სასწაულმოქმედი გახლდათ. დღეისთვის ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და ასევე მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული ხატი, მას უნდა მოვეპყროთ კეთილმოშიშებითა და კრძალვით. უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ, ხოლო თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ.

თუკი თქვენ მიერ შეძენილი ან ნაჩუქარი ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს, აუცილებლად დაეკითხეთ მღვდელმსახურთ. მორწმუნეებს შინ, როგორც წესი, აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმინდანის, აგრეთვე განსაკუთრებული პატივით მოსილი წმინდანებისა. რაოდენობრივად არავინ გზღუდავთ: შეგიძლიათ იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გაგიხარდებათ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა), იგი უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილას დაიმარხოს. გახსოვდეთ, მთავარი ხატების რაოდენობა კი არ არის, არამედ მათთან აღვლენილი წრფელი ლოცვა!

* როგორ უნდა შევინახოთ უქმე?

რაც შეეხება საღმრთო დღესასწაულებს, არსებობს წესი: ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე - უძღვენი უფალს შენსას. კვირა-უქმესა და სადღესასწაულო დღეებში ქრისტიანი, როგორც წესი, ესწრება საღმრთო მსახურებას, ხოლო შინ ამ დღეებში მიზანშეწონილია საეკლესიო წიგნების კითხვა და მომეტებული ლოცვა. შეძლებისდაგვარად, ყოველი საქმე, რომლის გადადება შეიძლება მომდევნო დღისათვის - გადაიდება. მაგრამ ყოველთვის არსებობს აუცილებელი რამ, რასაც ვერაფრით გადადებ: ბავშვების მოვლა, საკვების მომზადება, ავადმყოფზე ზრუნვა, მოღვაწეობა მოყვასის სასიკეთოდ, თუმცა, თვით გადაუდებელ საქმეებს მოკიდებული, გულში სულ უნდა ლოცულობდეთ და ფსალმუნებდეთ და სულ გახსოვდეთ სიწმინდე დღესასწაულისა.

* რით აიხსნება, რომ ზოგიერთი მღვდელი უცხოური მანქანებით დაქრის, იესო ქრისტე კი ცხენზეც არ ჯდებოდა და თავმდაბლობის გამო ვირზე იჯდა?

დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ არ იცნობთ ქრისტეს და სასურველია, მისი სარწმუნოება უკეთ შეისწავლოთ! ჯერ ერთი, ქრისტე ამ ტრანსპორტის საშუალებას იმიტომ ირჩევდა, რომ ავტომობილი არ არსებობდა. მეორეც, იერუსალიმში დიდებით შესვლისას ვირზე მჯდომი არა თავმდაბლობის, არამედ პრინციპული მოტივის გამო იყო - იგი შედიოდა ქალაქში მშვიდობის მოსატანად - ვირი მშვიდობის სიმბოლოა, ხოლო ცხენზე მეომრები სხედან და, შესაბამისად, იესო ცხენზე მბრძანებლის, დამპყრობლის, გამარჯვებულის იერს შეიძენდა. მესამე - ქრისტე მაშინდელი ტრანსპორტის სხვა საშუალებებზე არასდროს უარს არ ამბობდა (ნავი, გემი და სხვა). მეოთხე - განა თქვენ არ გინახავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით მოსიარულე მღვდელი? დაყუდებული ბერები კი მონასტერში ცხოვრობენ...

დღევანდელი ცხოვრების ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად გადაადგილდეს, დრო რაციონალურად გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა მანქანა. მღვდელს რაც უფრო მეტი დრო დარჩება მრევლისთვის, მით უკეთესია.

დაბოლოს, რატომ არ გიკვირთ სახელმწიფო ჩინოვნიკების მანქანები? მაგრამ თქვენ გიკვირთ მღვდლის მანქანა, რადგან ზოგადად მღვდლის საქმიანობა მიგაჩნიათ საეჭვოდ და უსარგებლოდ. შესაბამისად, ხართ ურწმუნო, ურწმუნოებაა მიზეზი თქვენი შურისა, რადგან მიგაჩნიათ, რომ მღვდელს არ უნდა ჰყავდეს მანქანა და არც სვამთ კითხვას: საიდან, რა შემოსავლით აქვს ეს მანქანა სასულიერო პირს.

ამიტომ მანქანა, თუნდაც უცხოური (რაც, უმეტესწილად, უფრო ხარისხიანს ნიშნავს), შეიძლება სასულიერო პირსაც ჰყავდეს. ისიც ხომ საზოგადოების წევრია და გარეგნული ცხოვრების წესს ისევე ემორჩილება, როგორც ნებისმიერი ადამიანი. მანქანის ყოლა არაფერს ცვლის, მთავარია, სასულიერო პირი ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდეს.
ბეჭდვა
1კ1