კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* რა მიზანი ექნება უფლის მეორედ მოსვლას და მართლა იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა საშინელი სამსჯავროს დროს?
- თქვენ რა საკითხებიც გაინტერესებთ - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტური მოძღვრება, რომლის გარეშეც ეს ეკლესია არ იქნებოდა. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი მოძღვრება, რასაც ეკლესია ქადაგებს და ასწავლის, არის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებები და ადამიანი, რაც უნდა დაინტერესებული იყოს, ვერასდროს ჩასწვდება, ვერ ამოიცნობს და ვერ გაიგებს იმას, თუ რა სურს ღმერთს (იმიტომ, რომ ადამიანი ქმნილებაა, ღმერთი კი შემოქმედი). რაც ვიცით ღმერთის შესახებ, ეს არის ის, რაც თავად ინება და ადამიანთა საჭიროებისამებრ გამოუცხადა მათ. ეკლესია სწორედ ამ გამოცხადებით ჭეშმარიტებებს ასწავლის.

მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ ეს თავად გააცხადა და ამის დასტურია ახალი აღთქმის უამრავი ადგილი. ერთს მოვიყვან: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ" (საქ. 1,11). შეგიძლიათ ნახოთ ასევე: დან. 7,13, მათ. 25,31, მათ. 26,64, I თეს. 1,10, გამოც. 1,17.

გარდა ამისა, უფლის მეორედ მოსვლა განპირობებულია საღმრთო სამართლიანობით, ისევე, როგორც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა (რომლის პირველი მაგალითი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა) საშინელი და საბოლოო სამსჯავროს წინ. ადამიანი ღმერთმა შექმნა ხორცის და სულის ერთობად, სწორედ ამ ერთობლიობას ჰქვია ადამიანი. ჩვენი აქაური სიკვდილის დროს, როცა სული სხეულს განეყოფა, სხეული მიწაში ლპება, მარტო სულს უხდება პასუხი აგოს ადამიანის (ხორცის და სულის ერთობის) ცოდვებზე. მოგეხსენებათ, არის სუფთა ხორციელი ცოდვები (ნაყროვანება, გემოთმოყვარეობა...), არის სუფთა სულიერი ცოდვები (ამპარტავნება, შური...) და არის ერთობლივი ცოდვებიც. ყველაფერ ამაზე მხოლოდ სული განისჯება. უფლის ყოვლადსამართლიანობა მოითხოვს, რომ ადამიანი, საბოლოო სამსჯავროზე მაინც, სრულად სამართლიანად განისაჯოს სულით და ხორცით, იმიტომ, რომ ადამიანი სწორედ მათ ერთობას ჰქვია. ასე რომ, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა გარდაუვალი პროცესია, უფლის სამართლიანობიდან გამომდინარე. თუკი გწამთ ღმერთის, ასევე უნდა გწამდეთ მკვდართა საყოველთაო აღდგომის.

* არის თუ არა განსაკუთრებული შობის მარხვა? რა გვევალება მარხვის დროს?

- ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის მარხვა ნოემბრის ბოლოს იწყება და 7 იანვრამდე გრძელდება. ეს მარხვა განსაკუთრებულია, რადგან ბეთლემში იშვა კაცობრიობის მხსნელი. იგი ბაგაში იწვა, ბაგის სიღატაკე დაცემული კაცობრიობის სულის სიღატაკეს გამოხატავდა... ჩვენი გულები, რომლებიც ცოდვით აღსავსე და დაბინძურებულია, ჰგავს პირუტყვის სადგომს და იგი უნდა გამოსუფთავდეს მასში იესო ქრისტეს შესვლით... ჩვენს შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს მარხვით. უფალს ჩვენი არაფერი სჭირდება, გარდა სულიერი სისუფთავისა. მარხვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კვების რაციონის შეზღუდვა არაა, თუ გვსურს, ჩვენი მარხვა სათნოეყოს უფალს, აუცილებელია ლოცვა, ლოცვა სინანულით. გული და სული უნდა გავითავისუფლოთ სიძულვილისგან, ანგარებისგან, ურთიერთმტრობისა და შეურაცხყოფისგან... ანგელოზებმა ქრისტეს შობისთანავე გვიგალობეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის და უმეტესად მარხვისას ჩვენ შორის მშვიდობა უნდა იყოს.

საქართველოს ეკლესიაში შობის მარხვაში დაშვებულია თევზის ხმევა, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა. გახსოვდეთ, რომ მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ადამიანს შეუძლია ზეცაში ასვლა.
ბეჭდვა
1კ1