კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
ჯვარი დავიწერე ჩემს მეუღლესთან სარიტუალო წესების სრული დაცვით. მაგრამ იმ დროს იყო საშობაო მარხვა და მე არ ვიცოდი, რომ ჯვრისწერა არ შეიძლებოდა (ეს კომუნისტური ათეიზმის ხანაში მოხდა). გთხოვთ გამარკვიოთ, ვითვლები თუ არა ჯვარდაწერილად?

თქვენ ითვლებით ჯვარდაწერილად, ხოლო ცოდვა მოეკითხება მოძღვარს, რომელმაც არ შეასრულა საეკლესიო განწესება და შობის მარხვაში დაგწერათ ჯვარი. თუმცა არ იქნებოდა ურიგო, თქვენც რომ გცოდნოდათ ამის შესახებ და კიდევ იმისაც, რომ, ექსტრაორდინარული შემთხვევების (ვთქვათ, სასიკვდილო საფრთხის) გარდა, მარხვაში ჯვრისწერა აბსოლუტურად მიუღებელია.

წლევანდელ ზამთარში მისრულდება ქორწინებიდან 15 წელი. მაქვს თუ არა უფლება ამ თარიღის აღსანიშნავად ხელმეორედ, სიმბოლურად დავიწერო ჯვარი მეუღლეზე?

არაფრით არ შეიძლება ასეთი სიმბოლური აქტის ჩატარება. ჯვრისწერის საიდუმლოს თქვენს მეუღლესთან აღასრულებთ ერთხელ.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ლოგინად ჩავარდნილ, პარალიზებულ მშობელს ვერ მოვუარეთ და მოვათავსეთ მოხუცებულთა სახლში, სადაც იგი გარდაიცვალა. ითვლება თუ არა ჩვენი ქმედება ცოდვად და თუ ითვლება, როგორ მოვინანიოთ?

როდესაც ბერძნებმა აიღეს ტროა, ტროელებს ნება დართეს აეღოთ მხოლოდ ერთი საგანი და ქალაქი დაეტოვებინათ. ენეასმა მხარზე შეისვა მოხუცი მამა, რომელიც ლოგინიდან ვერ დგებოდა და განცვიფრებულ ბერძნებს მოახსენა, რომ ეს იყო მისი ყველაზე ძვირფასი განძი...

რაც შეეხება თქვენს საქციელს: გახსოვდეთ, რომ უპატიებელი ცოდვა არ არსებობს, მაგრამ ცოდვას სჭირდება მონანიება - ილოცეთ მამათქვენის სულის საოხად, ხოლო აფორიაქებული სულის დასამშვიდებლად, სცადეთ, ვინმე ხანდაზმულ ადამიანს გაუწიოთ მეურვეობა, რომელშიც სიმბოლურად თქვენს მოხუც მამას დაინახავთ.
ბეჭდვა
1კ1