კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
როგორ უნდა დავითმინოთ წყენა?

- ყოველი წყენა ჯერ მდუმარედ დაითმინე, შემდეგ გაჰკიცხე შენი თავი, შემდეგ ილოცე მაწყინარისთვის.

როგორ უნდა მართლად სიყვარული?

- სრული სისპეტაკისა და ღვთის სიყვარულის მისაღწევად საჭიროა ყველა სხვა სიყვარულისგან განშორება, თვით სულიერისგანაც კი - არა კაცის, არა ნივთის სიყვარული არ უნდა დავიტოვოთ გულში. ყოველი ადამიანი გიყვარდეს სრულყოფილი სიყვარულით, როგორც თავი შენი, მაგრამ მიკერძოების გარეშე, ანუ ნუ გინდა მისი განუწყვეტლივ ხილვა, მასთან ყოფნა, ნუ გენატრება და ნუ იტკბობ თავს მასზე ფიქრით.

რა არის მთავრობისმოყვარეობა?

- მთავრობისმოყვარეობაა აულაგმავი წყურვილი ძალაუფლების მოპოვებისა, რომელიც, ჩვეულებრივ, უჩნდებათ საამისო უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არა აქვთ კეთილი განზრახვა, სარგებლობა მოუტანონ საქმეს, არამედ ერთადერთი უგუნური მიზანი ამოძრავებთ - დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება. ისინი ხშირად მიისწრაფვიან ძალაუფლების მოპოვებისაკენ ქვეძრომით, გავლენიან პირთა მფარველობის მეშვეობით და სხვა მდაბალი ხერხებით.

როგორ ვებრძოლოთ ლოცვისას დაფანტულობას?

- ლოცვისას აზრი სხვა საგნებისკენ გარბის. საჭიროა დაძაბულობა, რომ გულისყური შევინარჩუნოთ... როგორც კი აზრი გაიქცევა, დაიბრუნე. ისევ გაგექცევა - ისევ დაიბრუნე და ამგვარად მოიქეცი ყოველთვის. მაგრამ არ დაივიწყო იმის ხელახლა წაკითხვა, რაც დაფანტული აზრით ამოიკითხა შენმა თვალებმა, უგულისყუროდ. თუნდაც ერთსა და იმავე ადგილზე რამდენიმეჯერ გაგექცეს აზრი, რამდენჯერაც ეს შეგემთხვევა, იმდენჯერ დაუბრუნდი იმ ადგილს, ვიდრე გაგებითა და გრძნობით არ წაიკითხავ. ასე უნდა მოიქცე, როცა აზრი გაგირბის და გეფანტება (წმინდა მამა თეოფანე დაყუდებული).
ბეჭდვა
1კ1