კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* რას ნიშნავს სალოსი?
- სალოსი, წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით - ქრისტესთვის სულელი, არის ადამიანი, რომელიც შინაგანად წმინდა და ღვთისსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო გარეგნულად საზოგადოებაში არსებულ ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. იგი ხალხის თვალში შეიძლება უკიდურესად ცოდვილი ჩანდეს და ამით საკუთარ სათნოებებს ფარავდეს; შეიძლება სულელისა და არასერიოზულის ნიღბით ცხოვრობდეს, რითაც ადამიანთა ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლეოდეს, რის გაკეთებასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდა.

სალოსი საზოგადოებისგან არავითარ თანაგრძნობას, კეთილგანწყობას, პატივისცემას, დაფასებას არ იღებს, რამეთუ საზოგადოებისთვის სალოსის ღვაწლი, მისი წმინდა და ღვთისსათნო ცხოვრება დაფარულია, უცნობია და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი, არად დაგიდევენ რა კაცთაგან ქება-დიდებას თუ ლანძღვა-გინებას, მხოლოდ ღვთის წინაშე ცხოვრობენ და იარებიან.

ამგვარი უანგარობისა და ჭეშმარიტად დაფარული ღვაწლის გამო სალოსნი ადამიანთათვის უდიდესი მეოხნი ხდებიან ღვთის წინაშე; ხოლო ხშირად (როცა ღმერთი მათ მოღვაწეობას გამოაჩენს) დიდი მანათობელნიც ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის (იგი სიმძიმით მესვეტეობასაც აღემატება), ამიტომ თუ ადამიანი ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, დაიღუპება.

* ბაბუისაგან ძველი ხატი დაგვრჩა. საჭიროა თუ არა მისი კურთხევა?

- ბაბუის დანატოვარ ხატს კურთხევა არ სჭირდება, რადგან ის თავის დროზე ნაკურთხი იქნებოდა, მაგრამ სასურველია, მის წინაშე ილოცოთ, რათა ეს სიწმინდე ოდენ წინაპართა მიერ დანატოვარ რელიკვიად არ იქცეს.
ბეჭდვა
1კ1