კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უფლისმიერი აზრები გვეწვევა?

- ასეთი აზრები უნდა მივიღოთ სიხარულით და უფალს შემწეობა შევთხოვოთ, რათა შევძლოთ მის მიერ შეგონებულის შესრულება. მაგალითად, გეწვიათ აზრი თავის ცხოვნებისა და უფლისა მიმართ ლოცვისა, მოყვასისთვის კეთილად გარჯისა, მომდურავსა და მაწყინართან შერიგებისა. ასეთი კეთილი აზრები დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ, ვინაიდან ისინი ყოველთვის არ განმეორდება (ბერი არსენი ათონელი).

როგორ უნდა ვხარჯოთ გონივრულად დრო?

- ქრისტიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა გაატაროს სულისთვის ზრუნვაში - ლოცვით, უფალზე ფიქრით, შესაბამისი გარჯით, კეთილთა საქმეთა სრულყოფილი შესრულებით, - დანარჩენი დრო კი მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა გამო ზრუნვას. თუ ადამიანი ჯერ ხორციელი საზრუნავისთვის ირჯება, მითხარი, როდისღა შეიმეცნოს უფლის ნება, როდის დაისწავლოს ფსალმუნი, როდისღა ილოცოს?

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

- მეგობარი, რომელიც პირისპირ, მარტო გამხელს, ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა თვალწინ მამხილებელი - მლანძღველი (ღირსი მამა ისააკ ასური).

როგორ მოვიქცეთ, თუ ლოცვისას ავი ფიქრები დაჟინებით გვიტრიალებს თავში?

- თუ ლოცვისას თავში ავი ფიქრი გიტრიალებს, შეწყვიტე ლოცვა და ვედრებით მიმართე უფალს, რათა განდევნოს ისინი შენგან.

რას ნიშნავს მდუმარება ერში?

- ერში მდუმარება არის სხვის საქმეებში ჩაურევლობა, უსარგებლო ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის, უადგილო საუბრებისა და ჭორებისთვის თავის არიდება. უნდა ილაპარაკოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ისიც მოკლედ, საქმიანად. ამ პირობათა დაუცველობისას გმართებთ თვითგაკიცხვა და საკუთარი უძლურების შეცნობა-შეგნება.
ბეჭდვა
1კ1