კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
- როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისგან?
- ჯადო არ მოქმედებს ქრისტიანზე, ანუ ადამიანზე, რომელიც ქრისტეს დაემოწაფა; არის აღმსარებელი, მაზიარებელი, სწამს ახალი აღთქმის წმინდა მცნებების. ვისაც ჯადოს უკეთებენ, მასზე მოქმედებს პიროვნული ბოროტი სული, ანუ ეშმაკი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ღორშიც ვერ შედის, თუ ღმერთმა არ დაუშვა. ამიტომ თუ ადამიანზე ჯადომ იმოქმედა, მიზეზი თვით ამ ადამიანის სულიერ ცხოვრებაშია საძებნი.

დღეს დიდად რეკლამირდება და პრაქტიკაში ინერგება ე.წ. ჯადოს მომხსნელთა სამსახური. ამგვარი "სამსახურების" რეკლამირება სამარცხვინოა ჩვენნაირი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ხოლო მათი სერვისით მოსარგებლენი უმძიმეს ცოდვაში ვარდებიან. როცა ჯადოს გიკეთებენ, მსხვერპლი ხარ; ხოლო როცა თავად მიდიხარ ჯადოქართან (ჯადოს მომხსნელი იგივე ჯადოქარია), თანამონაწილე, ეშმაკის თანამზრახველი ხდები. როგორც წესი, "ჯადოს მომხსნელთან" მისულისაგან ერთი ეშმაკი გამოდის (რომელიც აწუხებდა) და სხვა შედის; ანუ შესაძლოა მოხდეს უარესი - ადამიანი სულიერად ისე დაზიანდეს, რომ ვეღარასოდეს გახდეს ქრისტიანი - ღვთის შემეცნების უნარი დაკარგოს.

- რატომ ამბობენ, რომ მაცხოვარს 12 მოციქული ჰყავდა, როდესაც მათი რიცხვი რეალურად 13 იყო?

- უფალმა თავიდან 12 მოციქული გამოარჩია. ისინი ყველაზე უახლოესნი იყვნენ. შემდეგ ქრისტემ კიდევ 70 მოციქული გამოარჩია. მათ გარდა უამრავი მოწაფე ჰყავდა. იუდას გამცემლობისა და თავის მოკვლის შემდეგ მოციქულებმა, ღვთის შემწეობით, მატათა გამოარჩიეს იუდას მაგივრად. უფლის მიწიერი ცხოვრების დასრულების, ამაღლების და სულიწმინდის გარდამოსვლის (ეკლესიის დაარსების) შემდეგ უფალმა მოუწოდა სავლეს, რომელიც გახდა პავლე (ერთ-ერთი უდიდესი მოციქულთა შორის).
ბეჭდვა
1კ1