კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?
- ყოველი მოვლენის ქრისტიანული შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მომხდარის არა მხოლოდ გარეგნული მხარე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოტივაცია.

ღმერთი ისრაელს აძლევს მცნებას - "არა კაც კლა"; ღმრთისავე კურთხევით ომობდნენ ისრაიტელები. ახალ აღთქმაში ადამიანისადმი მიმართულ მრისხანებასა და სიძულვილს უფალი კაცის კვლის ცოდვად თვლის; ამავე დროს არ უკრძალავს მეომრებს სამხედრო სამსახურს. ქრისტიანობა გვავალდებულებს, დავიცვათ მოყვასი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, და კატეგორიულად გვიკრძალავს შურისძიებას, თუნდაც სამართლიანს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ომში ადამიანი არა მტრის ბანაკიდან ვინმე კონკრეტული ადამიანის სიძულვილის, არამედ სამშობლოს, მოყვასისა და ოჯახის სიყვარულის გამო მიდის. ამიტომ მეომარს ბრძოლაში ადამიანის მოკვლა კაცის კვლის ცოდვად არ ეთვლება. ჩვენს შემთხვევაში კი, რადგან საქართველოს დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველიცაა, ყოველი მეომარი ქრისტესთვის თავდადებულად, ქრისტეს მხედრად ჩაითვლება.

* რას ნიშნავს "ყოვლადდასაწველი"?

- ძველ აღთქმაში მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა სახე არსებობდა. ერთ-ერთი მათგანია "ყოვლადდასაწველი", რომლის დროსაც შეწირული ცხოველი დაწვის გზით სრულად აღევლინებოდა მსხვერპლად უფლის წინაშე. ამ სახის მსხვერპლი, ისევე როგორც სხვა სახის ძველაღთქმისეული მსხვერპლი, მომავალი მესიის, მსხვერპლად შეწირული მაცხოვრის სიმბოლური სახე იყო. ამიტომ მას შემდეგ, რაც ძე ღმერთი განკაცნა (ადამიანად მოვიდა) და ჩვენს გამო მოკვდა, ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა გაუქმდა.
ბეჭდვა
1კ1