კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
*ჯვარცმაზე მაცხოვრის ფეხქვეშ თავის ქალას რატომ გამოსახავენ?
- მაცხოვარი ჯვარს გოლგოთაზე აცვეს. გოლგოთის სახელის ეტიმოლოგია (თხემის ადგილი) ადასტურებს იმ გადმოცემის სამართლიანობას, რომლის მიხედვითაც სწორედ გოლგოთაზე იყო დაკრძალული ადამის თავის ქალა. მაცხოვრის ჯვარცმა ადამის დაკრძალვის ადგილას სიმბოლურად ადამის გამოხსნას, ჯოჯოხეთიდან აღმოყვანას, ცხონებას აღნიშნავს. ამიტომ ჯვარცმის ხატზე მაცხოვრის ფერხთა ქვეშ თავის ქალას გამოსახვა უფლის მიერ ადამის გამოხსნასა და ამით ადამის ყოველი მემკვიდრის, ანუ ცოდვით დაზიანებული კაცობრიობის, თითოეული ჩვენგანის გადარჩენას ნიშნავს.

*თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?

- ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ ყველას ერთნაირად არ უყვარს ღმერთი. ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონ ირჩევს, როგორი ერთგულებით ემსახუროს უფალს. ღმერთთან არ არის დრო. უფლისთვის მომავალი (არც წარსული) არ არსებობს (ეს ჩვენთვის გაუგებარია). მან დრო თავად, სამყაროსთან ერთად შექმნა, ამიტომ ყველა იმ ქმედებასა და არჩევანს, რომელსაც მომავალში ჩავიდენთ, ღმერთი აწმყოსავით ხედავს და იცის (ე.ი. იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ იცის, არამედ, რა უნდა გავაკეთო და ავირჩიო, ის იცის).

აქედან გამომდინარე, ღმერთი, წინასწარ ხედავს რა კონკრეტული ადამიანის ღვთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და არჩევანს, ირჩევს მას რაღაც მისიის შესასრულებლად. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ადამიანები სხვადასხვა ნიჭით იბადებიან, უნდა გვახსოვდეს - ადამიანი ცხონდება (გადარჩება) არა ამა თუ იმ ნიჭით, არამედ ღვთის წყალობითა და თავისუფალი არჩევანით: იყოს თუ არა ღმერთთან.
ბეჭდვა
1კ1