კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* როგორ ფიქრობთ, დაიცავენ თუ არა მეძავთა ინტერესებს პროსტიტუციის ლეგალიზებით?
- ფეშენებელურ სასტუმროებსა და მსგავს დაწესებულებებში მყოფი ძვირად ღირებული და "ელიტარული" მეძავები ისედაც დაცულნი არიან ე.წ. კრიშებით, იაფფასიანი მეძავები კი ახლაც ქუჩაში არიან და პროსტიტუციის ლეგალიზაციის შემთხვევაშიც ასევე დარჩებიან.

აბსურდულია, გაუგებარი და უგუნურიც, როდესაც მეძავთა უფლებების დაცვაზე საუბრობენ. ქვეყანაში ყოველი ადამიანის უფლებები უნდა იქნეს დაცული, მათ შორის - მეძავისაც, როცა მას ვინმე შეურაცხყოფს ან ემუქრება და ზიანს აყენებს. ასევე დაცული უნდა იყოს ქურდის, ნარკომანის, თუნდაც მკვლელის - როგორც ადამიანების - უფლებები, როცა მათ ვინმე უკანონოდ შეურაცხყოფს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ დაიცვას ქურდობა, ნარკომანია, მკვლელობა, მეძავობა...

* რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?

- ითვლება, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება ოპტიმალურ მდგომარეობას 33 წლის ასაკში აღწევს. ეს პერიოდი ქრისტეს ასაკად იწოდება (მაცხოვარი 33 წლის ასაკში აღესრულა ჯვარზე). გარდაცვალებისას ადამიანური ბუნების გახლეჩა სულად და ხორცად დროებითი მოვლენაა. ადამიანი მარადისობას სრული ბუნებით იმკვიდრებს - როგორც სულით, ისე ხორცით.

თუმცა შეუძლებელია ითქვას, როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის ხორციელი ბუნება, რამეთუ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია, ამიტომ გამოთქმა "ვიქნებით 33 წლისანი" უფრო სრულყოფილების, ქრისტესთან მიმსგავსების მაჩვენებელია. შენიშვნის სახით დავძენ, რომ აქ საუბარი გადარჩენილ ანუ ცხონებულ ადამიანზეა.
ბეჭდვა
1კ1