წმინდა გიორგის რაზმი
წმინდა გიორგის რაზმი
1898 წელს გამოცემულ "აკაკის კრებულში" დაბეჭდილია ეს მშვენიერი მოთხრობა-"წმინდა გიორგის რაზმი". ტექსტს წინ უძღვის შენიშვნა, სადაც აკაკი წერეთელი იხსენებს სოლომონის გამეფებამდელ ამბებს-"წინანასწარ დროებას", მამამის ალექსანდრეს, მეტად შევიწროებულს თურქებისგან, რომელთაც აიძულეს მეფე, გადაეყენებინა ღირსეული მიტროპოლიტი, მოხუცებული ქუთათელი და მის ნაცვლად ქუთათელის ხარისხში ააყვანინა ზნედაცემული, ტყვეთა გამყიდველი ახალგაზრდა ჩხეიძე. აკაკი აღწერს მაშინდელი იმერეთის სავალალო მდგომარეობას და დასძენს: "ვინ იცის, რა ბედი მოუვიდოდა იმერეთს, რო ღვთის განგებით იმ ხანებში არ შემდგარიყო საზოგადოება, "წმინდა გიორგის გუნდათ" წოდებული". ეს მშვენიერი ამბავი შენიშვნებით ქალბატონ ქსენია სიხარულიძეს შეუტანია თავის წიგნში: "ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერების" II ტომში.

წმინდა გიორგის რაზმი

ერთხელ, გაღმა საბურთალზე, მზის ჩასვლისას, ჭადარს ქვეშ, მოეყარათ თავი ახალგაზრდა ოჯახისშვილებს და თათბირობდნენ. მათში ერიენ უფლისწულებიც, სამეფო ტახტის მემკვიდრე, ახალგაზრდა, თვრამეტი წლის სოლომონ ბატონიშვილი და მისი უმცროსი ძმა არჩილი. არჩილი მაღალი ტანის კაცი იყო, ძარღვებიანი და ძვალმსხვილი. იმ დროში ვაჟკაცობით და და სიმარჯვით ახალგაზრდებში მას ვერავინ შეედრებოდა: პირველი მობურთავე იყო, შესანიშნავი ცხენოსანი, მოჯირითე, მეთოფე, მეხმლე და მასთანაც სამ ნაბადზე ახტებოდა. მეტსახელად "წმინდა გიორგის მოწაფეს" ეძახდნენ და "არჩილ გიჟს". სოლომონიც კარგი შესახედავი იყო, ბევრში არც ის ჩამოუვარდებოდა არჩილს. მაგრამ უპირატესობა იმაში ჰქონდა, რომ თვალი უჭრიდა – იმის თვალების შეჩერებას ვერავინ ბედავდა.

– ბატონიშვილო,-დაიწყო ერთმა კაჭიაშვილმა,-ჩვენს სურვილს დღეს ღვთის ნებაც დაერთო. წილიც ვყარეთ და უფროსობა-მეთაურობა თქვენ გერგოთ; გვიწინამძღვრეთ. გვიბრძანეთ და დანარჩენი ჩვენ ვიცით.

- კეთილი,-ბრძანა სოლომონმა,-მაგრამ ჯერ ერთი ეს, რომ ნება არ გაქვთ ბატონიშვილი დამიძახოთ. ყველა ჩვენ საკუთარი სახელი გვაქვს: არჩილს "გიჟი" ჰქვია, მე-"ქვახეთქია" და შენც "შვილდ-ისარი" და ამგვარად, თვითოეული ჩვენგანის მოვალეობა ხომ იცით, რა არის?-სურვილის განსახორციელებლად თავის დადება და ჩვენი სურვილი კი ის არის, რომ ქვეყნის მტერი და ორგული ვდევნოთ და ერთგულებს ხელი შევუწყოთ. წყალგაღმა რომ საქმეს ვაპირებდეთ, ჩვენ წყალგამოღმა უნდა დავიწყოთ ჩხირკედელაობა. ყველას მხარი და ჩვენზე ეჭვი არავინ აიღოს! გასაჭირში ერთმანეთის მომხრე უნდა ვიყოთ. თუ ჩვენგანს ვინმე უბედურება შეემთხვეს-ჭირისუფლობა უნდა გავუწიოთ და არა მარტო იმას, არამედ მთელ ოჯახსაც.

-რომ ვინმემ გაგვთქვას?-წამოიძახა ერთმა მათგანმა

- იმას სიკვდილიო!-თქვა სოლომონმა

ამინო!-გაიმეორეს ყველამ ერთხმად.

სოლომონმა აიხსნა ძელი ჭეშმარიტი გულიდან. თვითოეული მათგანი მივიდა და ემთხვია სასოებით და დაიშალა კრება. ყველა თავისთვის წავიდ-წამოვიდნენ აქეთ-იქით. ამის შემდეგ არ გაუვლია დიდ ხანს, ხმა გავარდა, რომ კარის დეკანოზისთვის ვიღაც ბოროტმოქმედებს ძირში მოუჭრიათ ენა და ცხვირი ჩამოუთლიათო. იმავე დროს რამდენიმე ახალგაზრდა მღვდლისთვის ცალ-ცალი თვალი წამოუთხრიათო.

თავი გამოიდვა მთავრობამ, აქეთ ეცენ, იქით ეცენ. ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერა გაიგეს რა. გაიარა ერთმა კვირემ, ლევან აბაშიძის სახლი გადაბუგეს. ვერც ამის მქნელი გამონახეს. მოჰყვა ამას სხვა უცნაური ამბებიც და ისე დღე არ გავიდოდა, რომ სადმე გასაშტერებელი ამბავი არ მომხდარიყო. ვინც კი თათრების მომხრედ და ერთგულად იყო შენიშნული, რომ ფათერაკი არა მოსვლოდათ რა, შეუძლებელი იყო. ფეხზე დადგა მთავრობა, მაგრამ მაინც ვერა გაიგეს-რა. ყველაზე თავგამოდებული იყო სოლომონ ბატონიშვილი. ზოგიერთებმა ხოსიკა მაჭავარიანზე მიიტანეს ეჭვი: იმან იცის უთუოდ ყოლიფერიო. დაიჭირეს და ჩააგდეს საკანში. საწყალს აღარც ფიცი გაუვიდა და აღარც ჯერი, თუმცა საბუთი ვერა გამოუნახეს რა, მაგრამ მაინც ქვეყნის სანახავად და შესაშინებლად საკირეში დაწვა გაუჩინეს. მზე ჯერ არ ამოსულიყო, რომ გაღმა საკირე გაახურეს და ხალხს თავი მოუყარეს. დიდი და პატარა ზოგი ტირილითა და ზოგი შიშით მოდიოდა: როგორ მოიყვანდნენ ტყვეს და ჩააგდებდნენ საკირეში. უცებ ოლისკურიდან მომავალი პირბადიანი ცხენოსნები გამოჩნდნენ. მათ წინ მოუძღვებოდათ შუბით ხელში ერთი თეთრცხენიანი მხედარი, ჩუმად აუარეს ხალხს გვერდი, შეუპოვრად მიადგნენ საკირეს და დაუწყეს ნგრევა. შეკრთა გაკვირვებული ხალხი, გარისხდა მთავრობაც. მოთმინებიდან გამოსულმა სოლომონმა იძრო ხმალი. რამდენიმე ახალგაზდამ მხლებელებით შეუტია შეუპოვრებს. მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა თუ არა, მხედარი მოუბრუნდა, ხმა ამოუღებლად თითი მიუშვირა ცისკენ. სოლომონმა და მისმა მხლებლებმა იარაღი ხელიდან დაჰყარეს და დაემხვნენ მის წინ. თეთრმა ცხენოსანმა და მისმა მხლებლებმაც გააბრუნეს ცხენები და გაუდგნენ გზას.

ამ შემთხვევამ ყველა გააკვირვა. ბატონიშვილს და მის მხლებლებს რომ ჰკითხეს, მათ მხოლოდ ესა თქვეს, რომ ვიღაც თეთრცხენიანი იყო. ისეთი თვალით შემოგვხედა, რომ ძალ-ღონე დავკარგეთ და თვალი ვეღარ გავუმაგრეთო.

- ალბათ წმინდა გიორგი იქნებოდა,-დაიგრიალა ხალხმა,-დაილოცოს მისი სასწაულიო!

ამავე დროს დარაჯები მოვიდნენ და მოახსენეს ალექსანდრე მეფეს, რომ გათენებისას თეთრი ცხენოსანი მოადგა ციხეს, ჩაამტვრია კარები, შემოისვა უკან ხოსია მაჭავარიანი და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდაო. ამ შემთხვევამ თვით თათრებიც კი გააკვირვა და ზოგიერთმა მათგანმა მართლმადიდებლის სარწმუნოება მიიღო. მათი ნაშიერები დღესაც ცხოვრობენ ქუთაისში ინაკავაძის გვარით. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ისე დამარცხდნენ თათრის მომხრე ქვეყნის ორგულები, რომ ძველებურად ფარფაშს ვეღარ ბედავდა.

ერთხელ გეგუთში ერთი მღვდელი მოკვდა, ჩაასვენეს კუბოში და საფლავზე რომ მიიტანეს მესამე დღეს, მაშინათვე გაცოცხლდა... გაუკვირდა ხალხს. ეს მღვდელი წამოდგა. თვალები ამოიფშვნიტა, მიიხედ-მოიხედა და მიუბრუნდა ხალხს:-"ვენაცვალე იმის ძლიერებას, ღმერთმა საიქიოდან განგებ გამომგზავნა, რომ თქვენი ცოდვები გამხილოთ და შეგანანებინოთო". მოჰყვა სხვადასხვა რამეებს, მაგრამ სულ მისთანებს კი, რომელიც ქუთათელის და მისი მიმდევრების სასარგებლო იყო. ხალხში ხმა რომ გავარდა, შორეული კუთხეებიდანაც კი მოდიოდნენ, რომ გაეგოთ და შეეტყოთ გაცოცხლებულ მღვდლისაგან ზეციური ამბავი. ხალხმა მართლა თითქმის დაიჯერა მისი ამბავი და რყევაში შევიდა. ალექსანდრე მეფემ შეჰყარა ხალხი ქუთაისში, როგორც სამღვდელოება, ისე ერის კაცებიც, და იმ დღისათვის დაიბარა გეგუთელი მღვდელიც. ოქროს ჩარდახთან, ჭადარს ქვეშ, საჯაროდ ჰკითხა მღვდელს:

- მამაო, მართლა საიქიო მოგივლია და ღმერთი გინახავსო?

მღვდელმა დაიფიცა,-მართალიაო.

- მაშ, მოგვიყევი სიტყვა-სიტყვით, როგორ იყო ეს და რა ნახეო.

- მე, შენი ჭირიმე,-მოჰყვა მღვდელი,-ამომხადა თუ არა სული, სულთამხუთავმა მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზმა მაშინვე ანგელოზებს გადამცა და იმათაც პირდაპირ ღმერთთან წარმადგინეს. დეილოცა მისი ძლიერება. ოქროს ჩარდახში ბრძანდებოდა, ტახტზე ფეხმორთხმული. თავზე იმისთანა ფესი ეხურა, რომ სულ ელავდა, ხელში ყალიონი ეჭირა სხვადასხვათვლებით მოჭედილი, ისე რომ ფასი არ ითქმებოდა! ძალიან ტკბილად მიმიღო, დიდი პატივიც მცა, გამომიშვირა ხელი და და მითხრა: "სუიურ ქეშეშ ოთურ ხალიჩაზედაო". მერე გამომკითხა ამ ჩვენი ქვეყნის ამბავი. მეც, რასაკვირველია, მოვახსენე, რაც ვიცოდი და იმანაც მე აქეთ გამომისტუმრა, რომ მისი ნება-სურვილი თქვენთვის გადმომეცა!

წამოდგა ზეზე აღელვებული სოლომონ ბატონიშვილი და მიუბრუნდა ხალხს:

- ხომ გაიგონეთ, რაც თქვა ამ მღვდელმაო! რაც თქვა, სულ მართალია, მაგრამ მაგას ღმერთი კი არ უნახავს, ეშმაკი გამოცხადებიაო! აბა, რა დასაჯერებელია, რომ ჩვენმა ღმერთმა, ვენაცვალე მის ძლიერებას, უწმინდური ფესი დაიხუროს თავზეო! და განა ჩვენი საქრისტიანო ქართული ენა არ ეცოდინებოდა, რომ თათრულად არ დაეწყო ლაპარაკი და არ ეთქვა: "სუიურ ქეშეშ ოთურ ხალიჩაზედაო?" ცხადია, რომ ამ შეჩვენებულს ჯოჯოხეთი მოუვლიაო.

"ვჯიმი ეშმაკისაგანო!"-დაიღრიალა და მიაფურთხა წვერებზე. როგორც მოულოდნელი ქარიშხლისაგან უცბად აღელვებული ზღვა, ისე შეინძრა ხალხიც და შემოეხვიენ გარს ფერხთმოხდილ მღვდელს: "ეშმაკი უნახავს, ჯოჯოხეთში ყოფილა და იქითკენვე გავისტუმროთო!" და გასწი-გამოსწიეს. შეშინებულმა მღვდელმა გააბა ღრიალი:

- დიდებულო მეფევ, ნუ მოაკვლევინებ ჩემს თავს და ყველაფერს მართალს გიამბობო.

ბატონიშვილმა არჩილმა გამოგლიჯა ხელში გააფთრებულ ხალხს მღვდელი და უთხრა:

- მაშ, თქვი, რა ამბავია?

ათროლებული ხმით მოჰყვა მღვდელი:

- დიდებულო მეფევ, შემიბრალეთ! მე არც მომკვდარვარ, არც ღმერთი მინახავს და არც ეშმაკიო! ბატონმა ქუთათელმა და მაგისმა მომხრეებმა მიბრძანეს, რომ სიკვდილი მომეგონებია და რაც ღვთის ბრძანებად გადმოგეცით, სულ ქუთათელის დარიგება იყოო.

ამ შემთხვევამ ააღელვა დიდი და პატარა, როგორც ხალხი, ისე მეფეც, რომ ქუთათელი იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო ქუთაისიდან და თავის როკითის ციხეში გამაგრებულიყო. დღესაც როკითლები სარწმუნოდ ამბობენ მამა-პაპისაგან გადმონაცემ ამბავს ამ ჩხეიძეზე: რომ მოკვდა და ეკლესიაში დამარხესო, გაჩნდნენ გველები მის საფლავში, ამოდიოდნენ და ხალხს აფრთხობდნენო!.. არ იქნა, ვერა მოუხერხეს რა, სანამ არ გაჭრეს საფლავი, ძვლები არ ამოიღეს და ხანის წყალში არ გადაყარესო. მაშინ კი გველებიც გაქრენო.

ადვილი მისახვედრია, რომ ეს საქმეები, რაც იყო ჩადენილი, სულ ამ მცირე საიდუმლო რაზმის წყალობა იყო, რომელიც საიმედო ახალგაზრდათა მამულიშვილებისაგან იყო შედგენილი და რომელსაც თვითონ სოლომონი მეთაურობდა.

ასე დამთავრდა ეს ამბავი.

"წმინდა გიორგის რაზმმა" ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. თათრის ერთგულნი და ქვეყნის ორგულნი მათი შიშით ძველებურად პარპაშს ვეღარ ბედავდნენ. ამ პატარა რაზმმა "ისე დასცარა თურქების ძალა და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, ალექსანდრე მეფის სიკვდილის შემდეგ სოლომონი ტახტზე რომ ავიდა, ბევრი აღარა დასჭირვებია რა თათრების მოსაგერიებლად".

სოლომონ მეფის ძლიერება შემდგომში მის სახელმწიფო ბეჭედზეც აისახა: ადრინდელი დამამცირებელი წარწერა-"მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა" მან ახალი წარწერით შეცვალა-"ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე".

ბეჭდვა
1კ1