ტაო-კლარჯეთი
ტაო-კლარჯეთი
ქართული ლიტერატურის დასაბამს შორეულ წარსულში მივყავართ. ქრისტიანობამ, ამ უაღრესად მწიგნობრულმა რელიგიამ, საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ მწერლობას, შექმნა სკოლები... თავდაპირველად, წარმართული ტრადიციის ინერციით, ქართული მწიგნობრული საქმიანობა ძირითადად მიმდინარეობდა მეფე-მთავართა და ეპისკოპოსთა კარზე, მაგრამ VII საუკუნიდან, როცა შესამჩნევად განმტკიცდა სამონასტრო ცხოვრება, საგანმანათლებლო და კულტურულ-ლიტერატურულ ცენტრებად იქცა ეკლესია-მონასტრები. ქართული ეკლესია, რომლის ისტორიაც ითვლის 1500 წელზე მეტს, აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სამონასტრო ცენტრებში.

***
საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის ახალი ეტაპი იწყება IX საუკუნიდან, როცა ქართველებმა, ერთი მხრით, გაიცნეს ბიზანტიური სკოლა და, მეორე მხრით, ახლო ურთიერთობა დაამყარეს უცხოეთში არსებულ ქართულ სამონასტრო კერებთან.

ამ პერიოდში საქართველოს კულტურულ კერებს შორის უპირველესი იყო ტაო-კლარჯეთის ცენტრები. ტაო-კლარჯეთი ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველებით: ჭანებით, მეგრელებით, ტაოელებით, მაჭახელელებით, აჭარლებით, ლივანელებით, შავშელებით... VI-VII საუკუნეებში აქ აუშენებიათ ქრისტიანული სალოცავები, რომლებიც VIII საუკუნის I ნახევარში მურვან ყრუმ გაანადგურა; ამ უბედურებას მალე დაემატა ჟამიანობა (ქოლერა)... მოსახლეობისაგან თითქმის დაიცალა ეს მშვენიერი მხარე, განადგურდა აქაური ეკლესია-მონასტრებიც.

***
VIII საუკუნის 50-იანი წლებიდან ტაო-კლარჯეთს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე; მალევე განახლდა ოპიზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი, რომელიც მოკლე დროში იქცა ამ კუთხის სამონასტრო ცხოვრებისა და ქართული მწერლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად.

ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრებისა და ქართული კულტურის შემდგომი აღმავლობა დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელის სახელთან. გრიგოლ ხანძთელის ხელმძღვანელობით თითქმის სულიერ უდაბნოდ ქცეული ტაო-კლარჯეთი დაიფარა ეკლესიებით. გრიგოლმა აქ ააგო მამათა სამი და დედათა ორი მონასტერი. ამათგან მწერლობის ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შატბერდი, სადაც შეიქმნა ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავები, შატბერდის კრებული და ა.შ. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ხანძთის, იშხნის, ოშკის, ხახულის, ბერთისა და პარხლის მონასტრებსაც.

ტაო-კლარჯეთის მონასტრები გადაიქცა ქართული მწერლობის აკვნად. მათ დიდი როლი შეასრულეს ჩვენი მწიგნობრობის ისტორიაში. აქაა შექმნილი უდიდესი ნაწილი იმ საგანძურისა, რაც მოგვეპოვება IX-X საუკუნეებიდან. აქვე ჩამოყალიბდა ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლა, სადაც ქართველთა შემოქმედებითი ენერგია ისე გაიზარდა, რომ იგი გასცდა საქართველოს ფარგლებს და გაგრძელდა საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო და სალიტერატურო წრეებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. VIII საუკუნის I ნახევარში მურვან ყრუს შემოსევებმა ეს მხარე მთლიანად ააოხრა. VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაიწერა ე.წ. ოპიზის სახარება.

გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა "აგარაკად ხანძთისა" განაჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე "კათალიკოზ იქმნა მცხეთას". ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.

X საუკუნეშივე უნდა იყოს აშენებული პარხლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხლის სახარების სახელითაა ცნობილი.

ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.

იშხანი
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ VII საუკუნის I ნახევარში აშენებული ეკლესიის ნანგრევებზე. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრად წრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში.

იშხანი ცენტრალურგუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.

ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრულ განადგურებას.

იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. "სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა", - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, წმიდანები და წინასწარმეტყველები.

ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დემეტრე I-ს იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დემეტრეს პაპას, მეფე გიორგი II-ს და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატეს განუჩენია მეფე დემეტრესათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დემეტრე მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დემეტრეს შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-ისათვის (1155-1184).

საყურადღებოა, აგრეთვე, XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი "ქართველთა მეფე" ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.

იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოდ მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ოშკი
ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას. ის დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.

ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმინდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. ოშკი ცენტრალურგუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომლებსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.

ოშკის ამშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნერსე III კურაპალატის (+961) შვილები: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და დავით მაგისტროსი, შემდგომ დავით დიდად წოდებული, ტაოს კურაპალატი (+1001). ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 958-961 წლებში, მშენებლობის გამგე ყოფილა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - ერისკაცი ვინმე, რომელსაც თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე მოუთავსებია. ამ ქვის მარტოოდენ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ბარელიეფის ორივე მხარეს დაცულია მცირე წარწერა, რომელიც ასე იკითხება: ხუროთმოძღვარი ტაძარს "ათსა წელსა აშენებდა".

სამხრეთ გალერეის ბოლოს, მაჰმადიანთა მიერ ამჟამად უკვე ამოქოლილ კამარაში შემორჩენილია ერთი ლამაზი, ორნამენტოვანი სვეტი. მეორე სვეტის წახნაგები კი უხვადაა შემკული რელიეფური ფიგურებით (კოზმა და დამიანესი, ვედრების კომპოზიცია, წმინდა ნინოსი, გრიგოლ ოშკელისა და წარწერა - "ქრისტე, შეიწყალე მონაი შენი გრიგოლ", ხოლო ფერადებით დახატულია ვედრების კომპოზიცია, ყველა ანგელოზთა დასი, მახარებელთა ემბლემები). ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ტაძრებში სვეტების ამგვარად შემკობისა.

ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.

ხახული
თორთუმის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმან-აღა, იოღუნი, ჩირენისი...

ხახულისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც აქაურები, ქართული ტრადიციისამებრ, თამარის ხიდს უწოდებენ.

სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. ამას თურქულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული წარწერები გვამცნობს. მთავარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ, გარს ერტყა მცირე ეკლესიები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, 3 - გარეთ. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია.

ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურაპალატის მიერ X საუკუნის II ნახევარში, რასაც ადასტურებს "ქართლის ცხოვრება". ასევე საყურადღებოა მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნავიანი ბაზილიკა.

ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერა ცოტაა. ზოგი მათგანი ტაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ტაძრის მოხატულობისაგან ცოტა რამ შემორჩენილა. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები. ტაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გამოსახულებები.

ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფნი და სხვა. სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედი კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ბანა
ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიაკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადაუხვევთ, სოფელ ფენიაკს მიადგებით. სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოსა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი ბანა...

"ფანასკერტის წყალზედ არს ბანა. აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენიერად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგილას აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისის და ნარემაკისა და აწ არს ცალიერ", - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი.

"ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს, აია-სოფიის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო", - უთქვამს XIX საუკუნის დასაწყისში გერმანელ ბოტანიკოსს კარლ კოხს. იმ დროს ბანა ჯერ კიდევ პირვანდელი სახით ყოფილა შემორჩენილი. XIX საუკუნის 70-იანი წლებისთვის, როცა ტაძარი მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, მას გუმბათი უკვე ჩამონგრეული ჰქონია.

სუმბატ დავითის ძე წერს: "ადარნასე ძე დავით კურაპალატისა (881-923) დასვეს ქართველთა მეფედ... და ამან... აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანად".

ამ ცნობის მიხედვით, ბანა IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში აშენდა. თუმცა ტაძრის სტილისტიკური ანალიზით მეცნიერები ასკვნიან, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. "ადარნასე ალბათ ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო", - ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი.

ტაძარი აგებულია მრგვალ ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმებოდა, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით. ეკლესია ბერძნულ ჯვარს - ტეტრაკონქს წარმოადგენს. პირველი სართული თავიდან 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადააკეთეს. სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს, ბანა ციხესიმაგრედ აქციეს.

საკურთხეველში ექვსი სვეტი იყო, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოიყოფოდა გალერეისაგან.

ტაძარზე მრავლად ყოფილა წარწერები: "ქრისტე, შეიწყალე თეოდორე დიდი", ეს წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. მეორე წარწერიდან მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა "დიდი", მესამე წარწერა - "ქრისტე, შეიწყალე გიორგი", სავარაუდოდ, აქ მოსულ მლოცველს უნდა ეკუთვნოდეს.

ისტორიაში ცნობილია ბანელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც უღალატა ბაგრატ IV-სა და ტაოელ აზნაურებთან ერთად 1027 წელს საბერძნეთს წავიდა. შეთქმულებმა იმპერატორ კონსტანტინეს ტაოსკენ ჯარი გამოაგზავნინეს.

ვინმე ზაქარიას ბრძანებით, XI საუკუნეში ბანაში გადაუწერიათ დიდი ტყავის კრებული, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებსაც შეიცავს.

ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ IV-მ ბიზანტიის იმპერატორის ძმის, რომან არგონის ასულ ელენეზე. იქ იყვნენ დაკრძალულნი ტაოს ბაგრატიონები. უკანასკნელად დაკრძალეს ვახტანგ IV და მისი მეუღლე.

პარხალი
პარხალი პარხლისწყლის ხეობაშია, სოფელ პარხალში, ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში. ამ მიდამოებში ოდესღაც კლდეში ნაკვეთი წყალსადენიც ყოფილა, რომელიც ტაძრის აგების შემდეგ თამარ მეფის ბრძანებით გაუყვანიათ.

თავად ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად არის შემორჩენილი. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე X საუკუნეში დავით III კურაპალატს აუგია.

მონასტრისთვის იონა ბარაიას შეუწირავს შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

პარხლის ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეს ალბათ იმის წყალობით, რომ აქაც მეჩეთია.

ოთხთა ეკლესია
ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის ძეგლია. იგი, პარხალთან ერთად, გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან, მაგალითად, ბოლნისის სიონისგან, ურბნისისგან.

 


ოთხთასთან მისული, ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.

ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომ დაურქმევიათ.

ოთხთაზე ასეთი ლეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია, თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცია, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.

თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.

თავდაპირველად ტაძარი დიდი, კვადრატული აგურითა და ნაფლეთი ქვით ყოფილა აგებული ბერძნულ-ბიზანტიურ წესზე. შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდითა ნავებისაგან. ფასადები დეკორატიული თაღებითაა დამშვენებული.

ტაძარი X საუკუნის II ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ.

"ოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი, ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით", - ამბობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა დღეს ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს.

ტაძართან შემორჩენილია მცირე სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხები ყოფილა, აქვეა სემინარია-საოსტიგნე.

საკურთხეველი საკმაოდ ღრმად არის მიწაში ჩაფლული. წლების განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია ბაზილიკაში.

საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემები, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩამარხული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას.

შატბერდი
შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.

როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა, "შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა".

"და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი", - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

აშოტის შემდეგ კურაპალოტობა მისმა ძემ, ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და "მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად", ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ I-ის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.

შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას ("მოქცევაი ქართლისაი").

დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია, ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს. თუმცა ტაძარი ნაკელითაა სავსე...

არტანუჯის ციხე
აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: "არცა ტანის, არცა უჯისო".

"არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს", - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.

 


არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "არტანუჯს" უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხის აგება უბრძანებია. არტავაზმაც "აღაშენა ციხე არტანუჯისა", რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.

VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.

მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება.

მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა.

IX საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი. აქვს რაბათი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. XI საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. XII საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. XVI საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.

XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: "არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი".

1878 წელს, სან-სტეფანოს ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.

1918-21 წლებში ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მა თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.

არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.

"არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება", - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.

არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს...
ბეჭდვა
1კ1