"ერთი ეკლესია სახალხო სახლად გადაუკეთებიათ, მეორე განუძარცვავთ, ხის კანკელი დაუმტვრევიათ, ხატებით კი სასკოლო სკამები გაუკეთებიათ..."
"ერთი ეკლესია სახალხო სახლად გადაუკეთებიათ, მეორე განუძარცვავთ, ხის კანკელი დაუმტვრევიათ, ხატებით კი სასკოლო სკამები გაუკეთებიათ..."
ძველი ქრონიკები იმ წლების სულს ატარებენ, რომლებმაც სიკვდილის წვიმები აწვიმა ჩვენს წარსულს. ალბათ, ამ ამბების არცოდნა, გარკვეულწილად, უმადურობაცაა და დანაშაულიც იმათ წინაშე, ვისმა რწმენამ და თავდადებამაც არყოფნას გამოგვგლიჯა ხელიდან და თუ სინდისსაც დავუგდებთ ყურს, ხშირად მოგვინდება წარსულში ჩახედვა და ფიქრი იმაზე, თუ ვინ ვართ, ვისმა სიცოცხლემ მოგვიყვანა აქამდე, ან საით უნდა ვიაროთ.

* * *
1921 წელს ე.წ. რევკომის (რევოლუციური კომიტეტის) დეკრეტმა საეკლესიო სიწმინდენი სახალხო კუთვნილებად გამოაცხადა.

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლშევიკებმა მომდევნო წელს გაცილებით გააძლიერეს. მართალია, ყველგან საჯაროდ აღნიშნავდნენ, საბჭოთა საქართველოში სინდისის თავისუფლება სუფევსო, მაგრამ კომკავშირელებს აქეზებდნენ, ძალით დაეკავებინათ ეკლესია-მონასტრები.

ძალიან მალე ხელისუფლებამ დიდი გააფთრებით იწყო ტაძართა ნგრევა და დახურვა. 1923 წლიდან საქართველოში 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა, ბოლშევიკები ძალიან ჩქარობდნენ მათი წიაღიდან ვერცხლისა და ოქროს ხატების, ბარძიმ-ფეშხუმთა, საწინამძღვრე ჯვრების და სხვა სიწმინდეთა გამოტანას და გაყიდვას. საამისოდ შესაბამისი კანონიც გამოაცხვეს და ბრძანეს: - ამიერიდან დახურული ტაძრების მთელი ქონება აღმასრულებელ კომიტეტებს ეკუთვნის, ამ საუნჯის ისტორიულად ღირებული(?!) ნაწილი მუზეუმებში განთავსდეს, დანარჩენი საეკლესიო ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს გლეხთა საჭიროებისათვის ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტთა მიერო.

* * *
1921 წელს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით (რომელსაც პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობდა), სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისის ხაზინაში ან ბანკში უნდა გადაენახათ.

მენშევიკური ხელისუფლების წინადადებით, მუზეუმის იმჟამინდელ ზედამხედველ ექვთიმე თაყაიშვილს ხაზინის ქონებასთან ერთად ქუთაისს უნდა გადაეტანა უძვირფასესი სამუზეუმო ექსპონატებიც. წმინდა ექვთიმემ მუზეუმთა გამგეები შეკრიბა და მოითათბირეს, რომ საგანძური (სულ 19 ყუთი) თბილისიდან ქუთაისში გადაეტანათ.

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ოთხ ყუთში მოთავსდა და პატრიარქ ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის წინამძღვარს, პავლე ჯაფარიძეს გაატანეს ქუთაისს.

მატარებელში მეუფე პავლე და ექვთიმე თაყაიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ამ უკანასკნელმა პავლე ჯაფარიძეს სთხოვა, - ეგ საგანძური საზღვარგარეთ გამატანეო.

მეუფე პავლემ იუარა, - უწმინდესს ასეთი კურთხევა არ უბოძებიაო. პატრიარქის მითითებით, სვეტიცხოვლისა და სიონის საგანძური მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავას, აწ წმინდანთა დასს შერთული) სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დაფლეს და ზედ ფილაქანი გადააფარეს.

უწმინდესი ლეონიდე პავლე ჯაფარიძეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს უღალატებდა.

სასამართლოზე მეუფე პავლეს ხანგრძლივი დაკითხვის და წამების შემდეგაც არ გაუცია საიდუმლო... ღამის 4 საათზე 2-ჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, - ეგებ, გამოვტეხოთო, თუმცა განძი უკვე ამოღებული იყო.

დეკანოზ იოსებ მირიანაშვილის შვილიშვილი, ავთანდილ კვიტაშვილი: "განძეული გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ტაძრის სამალავში გადაიტანეს, რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და ტაძრის დარაჯმა იცოდნენ... როგორც ჩანს, სწორედ მან გასცა საიდუმლო. რამდენადაც ვიცი, სწორედ მისი აღიარება გამოიყენეს სინოდის ციხეში გამომწყვდევის ერთ-ერთ საბაბად.

იცით, სად მოეწყო ეს ყოვლად სამარცხვინო სასამართლო? - ახლა რომ კინოთეატრი "საქართველო" დგას, იქ იმ დროს ტრიალი მინდორი იყო, სადაც ერთი კლუბი ყოფილა... ჰოდა, შეგზავნეს იქ კომკავშირელები, რომლებიც იმ ვითომ სასამართლოს მსვლელობისას ხმაურს და სტვენას ტეხდნენ...

საეკლესიო განძეული საკანცელარიო დავთარში სწორედ პაპა იოსებს აღუნუსხავს. პროკურორის ბრალდებით, თურმე, სწორედ ამ საუნჯის მითვისება სურდა წმინდა სინოდს. წარმოგიდგენიათ?! გამოდის, სინოდმა განძი საკუთარ თავს მოჰპარა!

პაპა იოსებს უთქვამს, - განძის მოპარვა რომ მდომოდა, როგორ ფიქრობთ, საკუთარი ხელით აღვნუსხავდიო?

ლაპარაკი რომ არ ეცლიათ, კომკავშირელები სტვენას იწყებდნენ...

სამარცხვინო პროცესი იყო, მაგრამ ჩვენს ისტორიას იმდენი სამარცხვინო ფურცელი აქვს...

ეს ფარსი იმით "დაგვირგვინდა", რომ "საუნჯის მპარავი" წმინდა სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს, დიდ ყუთებში მოთავსებული ეკლესიის სიწმინდეები კი სადღაც გაქრა...

- მაინც, სად უნდა გამქრალიყო ამდენი სიწმინდე?

- რამდენადაც ვიცი, მსგავს ნივთებს იმ დროს ერმიტაჟის საცავში, უფრო ზუსტად, სამალავში გზავნიდნენ..."

* * *
საკათალიკოსო საბჭოსა და უწმინდესი ამბროსის (ხელაია, აწ წმინდანთა დასს შეერთებული) სასამართლო 1924 წლის 10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა ნაძალადევის მუშათა თეატრში. ამ სამარცხვინო და უკიდურესად ცინიკურმა "საჩვენებელმა" პროცესმა ქართველი სამღვდელოება და თვით უწმინდესი ამბროსი სამშობლოს მიღალატეებად გამოაცხადა და ავაზაკებივით გაასამართლა.

იმდროინდელ "წითელ" გაზეთებში კარგად იგრძნობა ის ცილისმწამებლური და ისტერიული სულისკვეთება, რაც პროცესამდე და პროცესის შემდგომაც სუფევდა ქვეყანაში.

ყოველი სხდომის დაწყებამდე უბირი მუშები მოჰყავდათ, რომლებსაც ხელთ ასეთი პლაკატები ეპყრათ: "ძირს მღვდლები! ძირს მოღალატენი!"

ვითომ ქართველი ხალხის სახელით ბრალს სდებდნენ წმინდა სინოდს და პათეტიკურად აცხადებდნენ: "მაშინ, როცა შიმშილის ბრჭყალებში მოქცეული საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ტაძრებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა, სამღვდელოებას არ სურდა, ეკლესიებში ტყუილ-უბრალოდ დაყრილი ოქრო-ვერცხლის ნაცვლად მშიერი ხალხისთვის პური ეყიდაო"...

* * *
წითელი ხელისუფლების განსაკუთრებული გააფთრება მენშევიკური მთავრობის მიერ ქართული საგანძურის საზღვარგარეთ გატანის ფაქტმა გამოიწვია. ხელისუფლება წარმოქმნილი ფინანსური პრობლემის მოგვარებას ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი საკუთრების წართმევით და საეკლესიო ნივთების რეალიზაციიდან მიღებული ფულით ცდილობდა. მაზრებში შეიქმნა სპეციალური კომისიები, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოქმედ ეკლესიათა მოძღვრებიც შედიოდნენ. ამ უკანასკნელთ აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო ტაძართა სრული აღწერა, რომლის დროსაც საგანგებო ყურადღება სწორედ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს ექცეოდა.

ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი (ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი შევარდნაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ბოჭორიძე და სხვანი) მალევე მიხვდა, თუ რა ვერაგი განზრახვა ჰქონდა ხელისუფლებას, ამიტომ სასწრაფოდ შექმნეს სიძველეთა დაცვის განყოფილება, რომელმაც სიწმინდეთა მუზეუმებში გადატანა და ამ გზით მათი გადარჩენა მოახერხა.

სწორედ ახალგაზრდა ისტორიკოსმა, გიორგი ბოჭორიძემ გამოიტანა ტაძრებიდან ისტორიული ღირებულების მქონე ხატები, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმნი, მუზეუმს გადასცა და განადგურებისაგან იხსნა.

რა ჯურის მტერი აღარ უნახავს საქართველოს, მაგრამ მსგავსი ვანდალიზმი, რაც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს, ისტორიას არ ახსოვს.

1923 წელს ორ თვეში სენაკის მაზრაში ყველა ეკლესია დახურეს, თბილისის მაზრაში - 48, ქუთაისში - 160, სენაკში - 148, შორაპნის მაზრაში - 148, ოზურგეთის მაზრაში - 130, რაჭაში - 117, ლეჩხუმში - 78, გორის მაზრაში - 78, ზუგდიდის მაზრაში - 75, სიღნაღის მაზრაში - 65, ცხინვალის ზონაში - 60 ეკლესია დაიხურა. როგორც სენაკის მაზრიდან იტყობინებოდნენ, ტაძრის დახურვას წინ უსწრებდა გრანდიოზული მიტინგები, ხალხი ვაშას ძახილით დაიძრა ეკლესიისაკენ, გუმბათიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად ხუთქიმიანი ვარსკვლავი აღმართეს.

* * *
ვინ უწყის, იმ წლებში რამდენი ქართული სიწმინდე გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი.

* * *
სიძველეთა კომიტეტის ჩარევით გელათის, ალავერდის, მოწამეთას, მეტეხის, ქაშვეთის ტაძრები დანგრევას გადაურჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, მედროვეთა მსახვრალ ხელს ძალიან ბევრი ტაძარი, ხატი, წმინდა წიგნი და საეკლესიო ნივთი ემსხვერპლა. რუსეთის ეკლესიისაგან განსხვავებით, ქართველი სამღვდელოების გადასახადი ორჯერ მეტი იყო, ხოლო მღვდელმთავრებს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებოდათ.

* * *
1925 წელს ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარების შესახებ გვიამბობს მთავარხუცეს ვასილ მაისურაძის მოხსენება ალავერდელი ეპისკოპოსისადმი.

მთავარხუცესს შემოუვლია კახეთის სოფლები, ზოგან ტაძარი მოუწყობელი და გაძარცული დახვდა, ზოგან კი საშინელ სურათს შეესწრო: - სოფელ ახალ გავაზში ერთი ეკლესია სახალხო სახლად გადაუკეთებიათ, მეორე განუძარცვავთ, ხის კანკელი დაუმტვრევიათ, ხატებით კი სასკოლო სკამები გაუკეთებიათ...

* * *
1929 წელს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე პატრიარქისაგან ითხოვდა, გაუქმებულიყო ფშავ-ხევსურეთის საეპარქიო ოლქი, რადგან ხელისუფალთაგან წაქეზებულმა ხალხმა არც ერთი ტაძარი არ დატოვა დაურბეველი. საკუთარ სახლში მოკლეს ბარისახოს მღვდელი ბესარიონ წიკლაური.

იმ დროის სულისკვეთება კარგად ჩანს ფასანაურელი მღვდლის, შიო კაიშაურის მოხსენებაში: "ადგილობრივმა პარტიულებმა ჯერ ვერცხლეულის სია მოითხოვეს, შემდეგ ტაძრის ზარის ჩამოხსნა და მისი სოფლის ცენტრში დაკიდება გადაწყვიტეს. არ დავანებე, ძალიან ცუდი თვალით მიცქერიან, არ ვიცი, რით დასრულდება ყოველივე..."

ქართულ ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე მეტყველებს 1947 წლის უწმინდესი კალისტრატეს (ცინცაძის) მოხსენებითი ბარათი: "ამჟამად საქართველოს საკათალიკოზოში მოქმედებს 29 ეკლესია, რომელშიც 5 მღვდელმთავარი, 41 მღვდელი, 2 პროტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველი მსახურობს".

* * *
თუმცა აქ მოხმობილი მასალა მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ დანაკარგისა და ზარალისა, რაც ქართულმა ეკლესიამ უღმერთოთა ხელით განიცადა.

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ მასალა სარწმუნოებისათვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე. წინასწარ გიხდით მადლობას. საკონტაქტო ტელეფონია: 599 93 48 40.
ბეჭდვა
1კ1