ძველ გაზეთებზე ასახული ვარძია
ძველ გაზეთებზე ასახული ვარძია
"ივერიის" ფურცლებიდან ( N199. 1887წ.) ვკითხულობთ, რომ ვარძიის მონასტერი ერთს საუკეთესო და თვალსაჩინო ნაშთს შეადგენს XI-XII საუკუნის დიდებისას. ამ მონასტერში დაცულია სურათები მეფის გიორგისა და დიდებულის თამარ მეფისა. მას შემდეგ რაც ეს მხარე თათრებს ჩაუვარდათ ხელში (1604 წელს), ვარძიის ეკლესიები და 700 მეტრი სენაკები გახდნენ ყოველ გვარ ავაზაკტ, მწყემსთა და ჯოგთა თავშესაფარად; ხოლო 1829 წლის შემდეგ მონასტერსაც ცვლილება დაეტყო. ამ ოცაათის წლის წინად (1857 წელს) საქართველოს ეგზარხოსად ყოფილმან, აწ პეტერბურგის მიტროპოლიტმან, ყოვლად მაღალ უსამღვდელოესმა ისიდორემ, განკარგულება მოახდინა, ვარძიაში ისევ ძველებურად დაწესდა ბერობა და იმ დღიდან ყოველ წელს ყველა ტომის ხალხი მოდის ვარძიაში სალოცავად.

ამჟამად ვარძიაში ფრიად შესამჩნევი ცვლილება მოუხდენია ვარძიის გამგებელს მღვდელ-მონაზონს კალისტრატეს, გვარად ჩიჩუას. ამ მხარეში და განსაკუთრებით ვარძიაში ურწყავად ბალახიც ვერ ხარობს; ამიტომ კალისტრატეს მდინარე მტკვარზე აუშენებია ვეებერთელა ჩარხი, რომლის სიმაღლე 4 საჟენია. ამ ჩარხს 64 კოლოფი აქვს ირგვლივ გაკეთებული, რომლებიდამ წყალი გადმოდის და მიექანება მრავალ ღარებით მაღალ გორაკზე გამართულს არხში. ამ წყლით ირწყვება ოთხი დღიური მიწა, რომლის მიდამოს მონასტერი არწივისავით გადმოსცქერის. ჩარხი ჩინებულად და მაგრად არის გაკეთებული; ამას ის ამტკიცებს, რომ ამ წლის წყალ-დიდობამ ჩარხს ვერა ავნო-რა და ხალხი ამ გარემოებას მიაწერს ვარძიის "ზიარათს". როგორც კერძოდ გავიგეთ, ამავე მღვდელმონაზონს უთხოვნია, სადაც ჯერ არს, რომ მონასტერს მიეცეს მახლობლად სახაზინო მიწა, რათა მონასტერს ჰქონდეს შესაფერი შემოსავალი და თანდათან ეს ყოველისფრით შესამჩნევი ნაშთი ჩვენის წარსულისა მკვიდრს ნიადაგზე დადგეს. მიწების მიცემა უკვე გადაუწყვეტია სახელმწიფო ქონებათა მთავრობას. ამ ხანად ვარძიის მონასტერში შტატი არ არის, მაგრამ იმედია, რომ შტატიც მალე დაარსდება. ამავე კალისტრატეს თაოსნობით ჩვენს ახალგაზრდა მხატვარს გიგო გაბაშვილს უკისრნია ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სურათის განახლება.
ბეჭდვა
1კ1