ჰოი, ხელმწიფევ, რად განრისხდები ჭეშმარიტებისთვის.
ჰოი, ხელმწიფევ, რად განრისხდები ჭეშმარიტებისთვის.
ჯავახეთი. VIII საუკუნე. საეკლესიო კრება. გუარამ მამფალმა ბრძანა ეპისკოპოსთა შეკრება, რათა დაემხოთ ქართლის კათოლიკოსი არსენი, რომელიც "კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაგან" დაიდგინა. გუარამი კრებაზე ძალას ატანდა ეპისკოპოსებს, რის გამოც წმინდა გრიგოლ ხანძთელმა საკადრისად გაკიცხა:

-ჰოი, ხელმწიფევ, რად განრისხდები ჭეშმარიტებისთვის. ესეც იცოდე: პირველთა წმიდათა მამათა შეკრებაზე, ეპისკოპოსთა და მონასტრების წინამძღვართა გვერდით, იყვნენ პირველნი მორწმუნენი მეფენი. ისინი არა თუ მათ სჯულის მოძღვრობას იკადრებდნენ, არამედ მათგან ისწავლიდნენ ღვთის მცნებებსა და "მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა". წმინდა მოციქულთა და ღირს მღვდელმოძღვართაგან განწესებულ კანონებში "არ არის ნათქვამი, რომ ერისკაცი "ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებასა" იკადრებდეს; ანდა სიახლეს შემოიღებდეს, თუნდაც "სამართლად საგონებელ იყოს". ეს შჯულისა და მღვდელთმოძღვართა შეურაცხება იქნება.

ამ კრების მამებს გუარამმა ჰკითხა:

-ღვთის წმინდანო, თუ ერისკაცი ვინმე ჩვენი ქვეყნისა, საღმრთო წიგნთა და ენათა მცოდნე, ჩავიდეს იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და იხილოს სადმე კეთილი წესი, რომელიც ქრისტიანობასაც შვენოდეს და ჩვენ შორისაც არ იყოს, ანდა წმინდა მამათა ნაწერებში ამოიკითხოს და უსწავლელ ხალხს აუწყებდეს, კარგია თუ არა ეს?

ეპისკოპოსებმა განუცხადეს:

-განწესებული ტვირთი ეყოფა ნავს. თუ მოუმატე, დაინთქმება, ხოლო თუ მსუბუქად იქნება, შეიძლება ქართა და ღელვათა წარიტაცონ. შჯულის ტვირთი და წესი ქრისტიანობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპყრია, ძალზე კარგია და ღვთისთვის მოსაწონი და ამისთვის ჩვენ ვართ თავდებნი; ვინც იგი მტკიცედ იპყრას, შეუცვალებლად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, მან, უფლის სიტყვისმებრ: "ასი წილი აქავე მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს". ჩვენც ვეთანხმებით მამა გრიგოლს და ვიტყვით: თუ ერისკაცმა რაიმე ახალი კეთილი წესი შეიტყოს, უმჯობესია დუმდეს, ვითარცა ბრძანებს იაკობ მოციქული: "ნუ მრავალნი მოძღვრით, ძმანო!" უკეთუ დუმილი არ შეეძლოს, თვითნებურად ნუ იქადაგებს, არამედ თავის ეპისკოპოსს აუწყოს და თუ საჭიროა, მან ასწავლოს თავის სამწყსოს. ხოლო უკეთუ კვლავ "სილაღით წარმდებობდეს" ერისკაცი იგი, "ნაცვლად შესაძინელისა, მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსვლასა.

ხელმწიფემ მოისმინა და ბრძანა, "ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოი საღმრთო განგებისაი..."
ბეჭდვა
1კ1