წმინდა გაბრიელს მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური
წმინდა გაბრიელს მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური
იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები. ბრალს სდებდნენ - შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო.

ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი, აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. "წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, - ბრძანებს მგოსანი, - რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და "დროების" რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას. მაგრამ იმდენი რიგიანობა კიდევ ვიხმარე, რომ ჯერ მისთვის მეჩვენებია ის მისი შესახები სტატია".

წმინდა გაბრიელი, ჩვეულებისამებრ, ტკბილად შეხვედრია, მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური (არადა, ამბობენ, ეპისკოპოსი ძალზე ფიცხი იყოო), ღიმილით უთქვამს: "ძალიან მომწონს ეგ შენი აღელვება და მიხარია, რომ საზოგადო საქმის ტრფიალმა და არა საპირადო რამ იქამდის მიგიყვანა, რომ მოთმინებიდან გამოგიყვანა და ოჯახის შვილს ზრდილობა დაგაკარგვინა... ღმერთმა ინებოს, რომ შენ მაგ გრძნობებისთვის ხელი არ შეგეშვას, საზოგადო საქმეების გამო თავგამოდება ზნედ გადაგიქციოს! ეგ აჩქარება, თავშეუკავებლობა, ცოტა წინდაუხედაობა და ამგვარი რამ შეცდომები ქერცლია, რომელსაც დრო გააცლის და გამოცდილება დახვეწავს! შენ ხანში სწორედ მეც მაგრე ვიყავი, მაგრამ დღეს კი ისე რომ მოვიქცე, არ შემშვენის...

შენც კარგად იცი, რომ მე ახალ ჩამოსულობაზე პირველ ხანებში, კრებულისათვის თუ არა, თვარა ჩემთვის საწირავს არ ვიღებდი. და დღეს კი შენდობის წიგნს ვუკითხავ მსურველებს და მათგან მოწოდებულ წვლილსაც ხელსა ვკიდებ. რადა? იმიტომ, რომ გამოცდილებამ სულ სხვა რამეზე დამარწმუნა. ჯერ ერთი ეს, რომ ჩვენ ხალხს ადრიდგანვე ჩვეულებად ჰქონია. მღვდელმთავრებისგან შენდობის გამოთხოვება რჯულის კანონად ჰქონია გადაქცეული. როცა შენდობას სთხოვს, ცხადია, რომ ის თავის გულში იხედება, სინანულში ვარდება და ეს კარგია. ამგვარი რამ ადამიანს გულიდან არ უნდა ამოურეცხო. და რაც შეეხება სასყიდლის აღებას, ეს ისე აუცილებელ და საჭირო ძღვნად მიაჩნია ჩვენ ხალხს, როგორც ხატის წინ სანთლის ანთება! ამის აკრძალვას ისე მიიღებს, როგორც სანთლის ანთების დაშლას. ახლა პრაქტიკულადაც გავსინჯოთ ეგ საქმე. ეს თვითო-ოროლა წვლილი, რომელსაც იძლევიან თავის სურვილით, ამათ არად დააკლდებათ. ბევრი მათგანი სულ ცუდად დახარჯავს წარამარა სადმე დუქანში ლოთობის დროს და მე კი ვაგროვებ და საზოგადო დანიშნულებას ვაძლევ. ამგვარადაც მათი წვლილის შეგროვება და ხარჯვა შემწირველებისთვისაც მადლია და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. აი, ეს არის ჩემი აზრი და ჩემი შეხედულობა და შენ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი, გინდა გააგზავნე ეგ სტატია დასაბეჭდად და გინდა არა".

ამის მომსმენი აკაკი სინანულში ჩავარდნილა და უფრო ფრთხილად ეკიდებოდა საქმეს. ნატრობდა კიდეც: "გაბრიელისთანა მოძღვარი რომ ჩვენ ახალგაზრდობასაც გამოუჩნდებოდეს ხოლმე, მადლია! - მაშინ ისინი ბევრ შეცდომას აიცდენდნენ თავიდანო".
ბეჭდვა
1კ1