რა ზომისაა რუსული ჩექმა?!
რა ზომისაა რუსული ჩექმა?!
დააბოტებენ ქართულ მიწაზე "მესამე რომის" ჯარისკაცები. უზომოდ დიდია და მძიმე რუსული ჩექმა, ტლანქლანჩიანი. "მატუშკა როსიას" გარდა მათთვის წმინდა არაფერია, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ორთავიანი არწივის ფერხთქვეშ ყველაფერი უნდა გაითელოს.

რუსების ერთი "დიდებული" გამოთქმა,"И до Бога высоко и до Царя далеко"ნათლად გამოხატავს მათ მსოფლმხედეველობას. ეს სიტყვები ეკერათ პირზე მაშინაც, როცა პირველად შემოაბიჯეს ქართულ მიწაზე და ახლაც ამას ჩაგვჩიჩინებენ. როცა ორთავიანი არწივი მხარზე გაზის, საბჭოთა კავშირის ჰიმნს მღერი და - რუსეთის იმპერიის აღდგენა გელანდება, სხვა ქვეყნების დასაპყრობად რა საბაბი გინდა! ასე იყო ორასი წლის წინათ, ასი წლის წინათ...  როცა მეფობა და პატრიარქობა გაგვიუქმეს, ანდა სამი წლის ბალღი, ახალშექმნილი რესპუბლიკა, სისხლში ჩაგვიხრჩვეს?! თვალი გადავავლოთ იმ ავბედით წლებს ოკუპირებული ქვეყნისა.

1809-დან 1816 წლამდე საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა (ამბობენ, გენერალმა ტორმასოვმა შემოიტანა ახალციხიდანო) და უმეფო-უპატრიარქოდ დარჩენილ მშიერ-მწყურვალ ქვეყანას მუსრს ავლებდა. ჭირმა იმერეთის მოსახლეობის მეოთხედიღა დატოვა, არც ქართლ-კახეთისთვის დაუყრია ხეირი...

1811 წლის მოუსავლიანობამ ხომ სულ ერთიანად მოუთავა ხელი ისედაც სასოწარკვეთილ ერს... მაგრამ ქართველებისთვის ყველა ჭირზე უჭირესი მაინც რუსის ჩექმა, რუსის ბატონობა იყო, რომელიც "ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელო და გათახსირებულ სახანოს" (ა. ფრონელი) და განა მარტო ქართველი იყო ამ დღეში! დღეს იმპერიას რომ სჭირდება და აფხაზ-ოსთა მამობას იჩემებს რუსი სალდათი, სწორედ მათ წინაპართა გაუგონარ ავკაცობაზე წერენ სოფელ ჟამურში ჩამოსახლებული ოსები, თავად სოლომონ ერისთავის სახელზე შედგენილ საჩივარში, ჯერ კიდევ 1802 წელს გენერალი ლაზარევი წუწუნებდა თავის ხელქვეითთა ავკაცობაზე: სალდათები შეურაცხყოფენ მცხოვრებლებს, სტაცებენ საქონელს, ფრინველსა და ხილს, ანადგურებენ ბოსტან-ბაღჩებს, ვენახებს; ღვინით რომ გაილეშებიან, უგუნური სიცელქით ქვევრებს მიწით ავსებენო.

რუსულ სასამართლოში ქართველი აბა, როგორ გაიხარებდა! "ერთი ღორის საჩივარი რომ გვქონოდა, ორ იმის ფასს დაგვახარჯინებდნენ და სამართალს ვერ ვიპოვიდით", - წუხდნენ კახელები. ასეთი იყო რუსული სამართალი, მაგრამ სასურსათო უწყების მოხელეთა უსაქციელობამ ამ ყველაფერს გადააჭარბა. "კამისარ-ვახტურები" ჯარისთვის სურსათის შეგროვებას რომ შეუდგებოდნენ, სათემო პოლიციასთან ერთად შეესეოდნენ სოფლებს და ბდღვირს ადენდნენ. მთავრობამ ერთი კოდი ხორბლის ფასად ექვსი აბაზი დააწესა, როცა ბაზარში 4-5 მანეთი ღირდა. მაგრამ ტანჯვა-ვაება ამით არ მთავრდებოდა - სანამ არ მოქრთამავდი, იმ ხორბალსაც არ იღებდნენ. ჭირმა, გვალვამ, მოუსავლიანობამ პური გააძვირა, ზოგან ქისა ოქროდაც ვერ იშოვიდი. რუსმა მოხელეებმა მთავრობას განუცხადეს, გლეხები პურს მალავენო და ეგზეკუცია შეუსიეს.

სატრანსპორტო ბეგარამ ხომ წელში გაწყვიტა ქართლ-კახეთი. რუსეთს თურქეთთან და ირანთან ომი გაუგრძელდა და ჯარისთვის სურსათის გადასატანად ხარ-ურემი გლეხებს შეაწერა. ბეგარა უზარმაზარი იყო - 112000 ურემი ყოველწლიურად. რამდენიმე წელიწადში ქართლ-კახეთი მუშა საქონლისგან დაიცალა, მეურმეებიც იღუპებოდნენ ავადმყოფობით, შიმშილით. სარჩო რომ გამოელეოდათ, უფროსობა მიწაზე მიუთითებდა - ეგ ჭამეთო, ავად გახდებოდა - ტყუიო და ცემითა კლავდნენ, ბეგარისთვის ხარის გამოყვანა ორი საათით რომ დაეგვიანებინათ, დედაკაცებს იჭერდნენ და იმათ აბამდნენ უღელში. თუ მამაკაცი რამეს დააშავებდა, იმათ მაგივრად მათ ცოლებს, დედებს ჩახდიდნენ ნიფხავს და ჯოხით უკანა ტანს უჭრელებდნენ. ყაჩაღად გავარდნილი გლახა სვიმონიშვილი წერდა: "მამაჩემი დაიჭირეს, მრავალრიგად ტანჯეს და მწუხარება შეამთხვიეს, დღესაც დაკარგული არის. დედაჩემი ხალხში გააშიშვლეს, მწარედ ტანჯეს და წკეპლაში გაატარეს, ცოლი ჩემი, რომელთანაც ახალ ნაქორწინევი ვიყავ, წაიყვანეს და ყოველი უპატიურობა მასთან აღასრულეს". მირზაანელები შესჩიოდნენ თავად იოსებ ანდრონიკაშვილს: "ჩვენი საჩივარი და შევიწროება ისაა, რომ ცოლებსა გვტაცებდნენ, ქმრებს ხელებს უკრავდნენ და ჩვენს თვალწინ ჩვენს ცოლებთან მრუშობდნენ.

მაჩხაანში თურმე "კაპიტანი იდგა ჯარით, ბიჭი დაიჭირა სალდათმა "გასაუნამუსებლად", ექვსი კაცი მიეშველა, იმ ექვს კაცს ექვს-ექვსი მილანთული წაართვა (კაპიტანმა) - რათ მიეშველენითო". რუსი სალდათი არც ქართველ თავადს ინდობდა, საქობოელ ნინია ყარალაშვილისთვის ცოლი წაურთმევია ყაზახის პოლკის კაზნაჩს და ტფილისში წაუყვანია. საცოდავ ქალს თავი დაუხრჩვია. რუსები არც კაცის კვლას ერიდებოდნენ. ერთმა ყაზახმა ნინია სპანდერაშვილი იმიტომ მოკლა, რომ ღორის ხორცი არ მისცა. უჩივლიათ ნინიას ნათესავებს. არაფერი გამოსვლიათ. ანდა უფროსობა როგორ მოსთხოვდა თავის ჯარისკაცებს ზნეობას, როცა წელიწადში მხოლოდ თორმეტ მანეთს უხდიდა და ამასაც უგვიანებდა. ჰოდა, გაიფურჩქნებოდა თუ არა ვაზი, მიესეოდნენ სალდათები კვირტსა და ფოთოლს, ავერანებდნენ ვენახს, მინდორს, სახნავ-სათესს. თავ-ბედს იწყევლიდნენ ქართველები, - ამგვარი უბედურება ლეკთა, ყიზილბაშთა, ოსმანთა ბატონობის დროსაც კი არ გამოგვიცდიაო.

იშვიათი ქურდბაცაცები ყოფილან ეს ყაზახები. ყველაფერს იპარავდნენ, რასაც თვალს მოავლებდნენ. როგორც უკვე ვთქვით, იმ პერიოდში საქართველოში გავრცელებულ ჭირს რუსის ბევრი ჯარისკაციც გადაუყოლებია. სენი ანანურში დაბანაკებულ ნაწილსაც მორევია. მოუსპიათ, მაგრამ კვლავ გაჩენილა და აი, რატომ: თურმე ყაზახებმა მათი სადგომის მახლობლად ღამის გასათევად გაჩერებულ ქართველებს ქეჩა მოჰპარეს და მიჰყიდეს ყაზახს, რომელიც მეორე დღეს ჭირით გარდაიცვალა. სენის მოსასპობად გორიდან ჭართალში წამოსული სამხედრო ექიმის მხლებელ ანანურელ ყაზახს ჭირმოდებულ სოფელში ორი ტყაპუჭი მოუპარავს, მეორე დღეს ქურდიც გარდაცვლილა და სხვა ყაზახებიც გაუყოლებია. ერთ რუსს კი გაუთხრია დამწვარი ჭირნადგომი ნასახლარი და ორი ცული უპოვია. დავლა ბანაკში მიუტანია და ჭირიც ხელახლა მოსდებია იქაურობას. "აბა, რა მოსაპარია მგზავრი კაცის ქეჩა, - წერს ალ. ყიფშიძე (ფრონელი), - ან ჭართლელი გლეხის წუწიანი ტყაპუჭი. ვინ ოხერი გათხრის ღამე, მალულად ჭირიან ნასახლარს, რომ ორიოდე ჟანგიანი ცული მოიპაროს! გლეხი კაცის გადამწვარ ქოხში განა რა ოქროს ზოდები იქნებოდა ჩაფლული! ხასიათი, ბუნებაა, თორემ რა ყრია ქეჩა-ტყაპუჭში ან ცულებში".


არც ოსები დაუნდიათ:1804 წელს, 27 მარტს ოსებმა მიართვეს თავად სოლომონ ერისთავს,რომ სოფელ ჟამურს ამოვიდა ანანურის მაზრის კაპიტან ისპრავნიკი, გაბაწრა ოსები და აჭამა ძაღლებისთვის გაჩორკნილ გობში სალაფავიო.სალაფავი კი ამნაირად მოამზადა კაპიტან- ისპრავნიკმა: შიგ ჩაასხა შრატი, მერე ჩაჰყარა დაკუწილი კატები(არ დაგვავიწყდეს, რომ ოსებს ძველად კატა წმინდა ცხოველად მიაჩნდა და რუსმა ოფიცერმა ოსების ადამიანობა და კაცობა, რომ შეელახა სალაფავში სწორედ კატები ჩაჰყარა და არა სხვა ოთხფეხი) და ყოველივე ეს ადამიანის ფეინით შეაზავაო. ამას არ დაგვაჯერაო,ჩიოდნენ ოსები, რვა სახლი გადაგვიწვა,სადაც დაგვეღუპა 300 კოდი ქერიო...

მათ უგუნურობას ერთი გვიანდელი ფაქტითაც "გავამყარებთ". 1914 წელს, მსოფლიო ომის დროს, რუსის ჯარმა ჭოროხის ხეობა დაიკავა. რუს პორუჩიკ ნ. შუგუროვს, ხახულის კომენდანტს, იშხანის ტაძარში ფრესკები წაშლილი დახვედრია. იქაურებისთვის უსაყვედურია, - ეს რატომ ჩაიდინეთო. მათ მიუგიათ, - ჩვენ მაგის გვეშინია და ხელი არასოდეს გვიხლია... რუსის სალდათებმა მოშალეს ხიშტის წვერებითო. შუგუროვი რუსი სალდათებისა და პრაპორშჩიკების ბარბაროსობას მიაწერს ხახულის ღვთისმშობლის ბარელიეფის გაფუჭებას. "ზოგიერთი სალდათის ფსიქოლოგიის მიხედით, - წერს ნ. შუგუროვი, - ყველა ეკლესია სათათრეთში, ქართულია ის თუ სომხური, მაინც "თათრულია" და არავითარი პატივისცემის ღირსი არ არის". აქვე გვახსენდება, რომ ბოლო დროს რუსეთში გამოკითხული ახალგაზრდობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა თქვა, - ქართველები მუსლიმანები არიანო...

დავუბრუნდეთ ორასი წლის წინანდელ საქართველოს და ერთი ამბავიც გავიხსენოთ, რომელმაც აავსო ქართველთა მოთმინების ფიალა. თიანეთში დაბანაკებულმა ღვინით გალეშილმა სალდათებმა ერთი დედაკაცი დაიჭირეს, ნამუსი ახადეს, მერე სიცილ-ხარხარით საშოში ღვინო ძაბრით ჩაასხეს... გონამღვრეულ დედაკაცს ქმრისთვის სახალხოდ ქუდი მოუხდია: - აჰა, ჩემი მანდილი დაიხურე. დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი. ნამუსი ამხადეს. მივდივარ, მსურს შური ვიძიო შენს მაგივრადო. მერე თურმე ქმარს ხანჯალი წაართვა და გაქანდა იმ სახლისკენ, სადაც კამანდა იყო დაბანაკებული. გადაირივნენ თიანელები, დაერივნენ რუსებს და გაწყვიტეს.

თიანელებს არაგვისპირელებიც აჰყოლიან, აჯანყებულან, ფასანაურსა და ანანურში გამაგრებული რუსები ამოუხოცავთ. ასე დაიწყო 1812 წლის კახეთის აჯანყება. ბრძოლები მთელი წელი გაგრძელდა, ბევრი სისხლი დაიღვარა. დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს: საქართველოს მთავარმართებელმა, მარკიზმა პაულიჩმა სოფელ ხაშმსაც შეუსია ჯარი, "მოასრევინა უძალონი ქრისტეანენი, ვიდრე ასამდე ჩვილითურთ". ხაშმში ხიშტებზე აუგიათ 90 წლის მონაზონი მარიამ აბაშიძე, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი...

ქართველთა თავგანწირული ბრძოლა, ისევ ქართველთა გამოისობით, მარცხით დამთავრდა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსებს ფეხი ვერ მოაცვლევინა ალექსანდრე ბატონიშვილმა. გენერალ რატიშჩევს ალექსანდრეს "გონს მოყვანა" ადრევე უცდია. ალექსანდრეს მიუწერია: "თუ თქვენ მამულისთვის იღვწით, მე რად მყვედრით, მამულისა და ხალხისა ჩემისათვის ერთი ცხენით შემოძუგძუგებასა... ცხოვრება ესე არა არს ცხოვრებად წოდებად, არამედ განგრძელებული ტანჯვა მამულისა ჩემისათვის"...

ჩვენო მკითხველო, ვისურვებ, რომ ცხოვრება ჩვენი, უბრალოდ ცხოვრება კი არ იყოს, არამედ "განგრძელებულ" ღვაწლად გვექცეს მამულისათვის. ვიდრე რუს სალდათს ფეხი უდგას ჩვენს მიწაზე, ვიდრე რუსის ჩექმა ქართულ მიწას თელავს, ჩვენ თავისუფლები ვერ ვიქნებით!


(გამოყენებულია მასალები ა.ფრონელის წიგნებიდან: "მთიულეთი. 1804 წელი" და "ამბოხება კახეთისა")
"კვირის პალიტრა"2008 წ.


ბეჭდვა
1კ1