სად არის, როგორ დავინახოთ ჩვენი ნამდვილი სამშობლო?
სად არის, როგორ დავინახოთ ჩვენი ნამდვილი სამშობლო?
სად არის, როგორ დავინახოთ ჩვენი ნამდვილი სამშობლო?
ამ საფიქრალს უღრმავდება და ეძებს პასუხს გ. ჭუბაბრიას ახალი ქართული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "გაფითრებული თებერვლის ლანდი".

სურათი ეძღვნება მარო მაყაშვილს - სამშობლოს სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვის სიმბოლოს, 1921 წლის საქართველოს ტრაგედიის პირველ მსხვერპლ ქალს, რომლის სახელიცა და საფლავიც 70 წლის მანძილზე არყოფნაში იძირებოდა ძალმომრეობით, რომ არ სცოდნოდა, დავიწყებოდა შთამომავლობას, ისტორია კი თავისი კანონებით წარმართავს ადამიანთა ხსოვნასაც.

სწორედ მარო მაყაშვილის (სავარაუდო) წმინდა საფლავთან მისვლით იწყება ცნობილი კინოდოკუმენტალისტის, გია ჭუბაბრიას ეს ნამუშევარი.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, თეთრი ვარდებით ხელში ჩაივლის შავებში ჩაცმული ხანდაზმული მანდილოსანი (მსახიობი დოდო ჭიჭინაძე) და თაიგულს მოწიწებით დებს ბორდიურზე, იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ მარო მაყაშვილის სამარე გვეგულვის. შემდეგ, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, კოტე მაყაშვილის ასულის თავდადებაზე, მის დაკრძალვასა და საფლავზე გვესაუბრება შესანიშნავი პოეტი და მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი: - 1921 წლის თებერვალში, როცა ახალფეხადგმულ დამოუკიდებელ საქართველოს წითელი რუსეთის მეთერთმეტე არმიამ შემოუტია, თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა მგზნებარედ მიმართა სტუდენტებს - ჩამდგარიყვნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში. მამულიშვილური გრძნობით გულანთებული არაერთი სტუდენტი გაეხმიანა მაშინ რექტორის მოწოდებას, მათ შორის - მარო მაყაშვილი. იგი უყოყმანოდ იღებს გადაწყვეტილებას და 17 თებერვალს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მეორეკურსელი მიდის ფრონტზე კოჯრის ბატალიონში, მოწყალების დად. ჰუმანიზმის პრინციპებზე აღზრდილი 19 წლის ქალწული სამართლიანობის რწმენითაა გამსჭვალული. იმედიანია და მამას ამხნევებს წერილით: "ჩვენი ბიჭები სახელოვან გამარჯვებას მოიპოვებენ მტერზე". ორი დღის შემდეგ კი, 19 თებერვალს, კოჯრის ბატალიონის შორიახლო სკდება რუსული ზარბაზნის ყუმბარა, ნამსხვრევი ქალიშვილს თავში ხვდება და... გაფრენილი მისი მშვენიერი სული დაივანებს სულმნათ წინაპართა მარადიულ ნათელსამყოფელში - გმირის შარავანდედით მოსილი. სამარე კი გაითხრება მაშინდელი გოლოვინის პროსპექტის გადაღმა, ქაშვეთის ეკლესიის პირდაპირ, შეღმართზე დემონსტრაციულად (ქართული სიწმინდის დასაჩრდილავად) წამომართული რუსული სამხედრო სობორის გალავანთან. იქ დაკრძალეს მარო მაყაშვილი - ქაშვეთიდან გამოსვენებული, 23 თებერვალს. იმავე დღეს სობორის უკანა ეზოში, საძმო საფლავში მიწას მიაბარეს დაღუპული თერთმეტი იუნკერის ნეშტი. გამოხდა ორი დღე და, - სერგო ორჯონიკიძის მიერ ლენინისათვის გაგზავნილი დეპეშის თქმით, - თბილისის თავზე ფრიალებდა "საბჭოთა ხელისუფლების ალისფერი დროშა". პოეტი კოტე მაყაშვილი კი, - შვილმკვდარი მამა, - როგორც საკუთარ გაუსაძლის გულისტკივილს, ისე თავისუფლებაწართმეული მთელი ერის ტრაგედიას ატევდა ლექსის ერთ სტრიქონში: "თებერვალმა სამუდამოდ დამიზამთრა მაისი".

მალე, როცა "აღზევებულმა უღმერთობამ" ის რუსული სობორიც აღგავა პირისაგან მიწისა და მის ადგილას ბოლშევიკური მთავრობის სასახლე იგებოდა, არად ჩაუგდიათ იუნკერების საძმო სამარე, არც მარო მაყაშვილის სამუდამო განსასვენებელი. მშენებლობამ დაფარა და წაშალა კვალი მათი წმინდა საფლავებისა... 70 წლის განმავლობაში ტაბუ ჰქონდა დადებული და დავიწყებას ეძლეოდა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სახელები. მარო მაყაშვილისეულიც რეალურად ხელშესახები და თვალშესავლები არც რა დარჩენილა, გარდა ერთი ფოტოპორტრეტისა და მისი დღიურებისა. და ახლა ფილმში გულში ჩამწვდომი უბრალოებით კითხულობს მსახიობი ელენე ასათიანი ამონარიდებს ამ დღიურებიდან, რომლებშიც გამომჟღავნებულია ავტორის უსაზღვრო სიყვარული მშობლიური ქვეყნისა, დარდიანი ფიქრი მის მომავალზე, უთუოდ იგრძნობა ქალიშვილის რაინდული სული და მომავალი მწერლის ხალასი ნიჭიც...

სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ, როცა ცხრება ნგრევისა და თვითმოსპობის ვნებათაღელვანი და ხალხი იბრუნებს შინაგან წონასწორობას, ჩნდება დავიწყების მტვერმიყრილი ეროვნული სულიერი ფასეულობების გადარჩენისკენ სწრაფვა, წადილი ამ "წმინდა საფლავებთან" მისვლისა, რომელთა მიღმაც შეიძლება დავინახოთ ძეხორციელისთვის ნაბოძები ყველაზე წმინდა - "ჩვენი ნამდვილი სამშობლო".

ამონარიდი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის
ოთარ სეფიაშვილის წერილიდან,

გაზეთი "მამული", აშშ
ბეჭდვა
1კ1